ტურინში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირის მე-2 დღის შეხვედრები გაიმართა. ამჯერად საქმეში "მწვანე ჯგუფის" წარმომადგენლები ვიხილეთ.
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) კასპერს რუდს (ნორვეგია) დაუპირისპირდა და 7:6 6:2 დაამარცხა.
1-ელ სეტში სპორტსმენებმა საკუთარი მოწოდება თითო-თითოჯერ დათმეს, ტაიბრეიკზე კი კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა 7:4 იმარჯვა და დაწინაურდა.
მე-2 სეტში ნოვაკი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და 5 გეიმის თავზე 4:1-ს იგებდა, საბოლოოდ კი 6:2 მოიგო და გამარჯვების გრაფაში 1 ქულა ჩაიწერა.
მე-2 მატჩი სტეფანოს ციციპასსა (საბერძნეთი) და ალექსანდრ რუბლევს (რუსეთი) შორის გაიმართა. შეხვედრა რუსის გამარჯვებით, 6:4 6:4 დასრულდა.
ორივე სეტში სტეფანოსმა საკუთარი ჩაწოდება მე-5 გეიმში დათმო და პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა.
ამრიგად, ჯოკოვიჩი და რუბლევი თითო-თითო ქულით დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრას ერთმანეთის წინააღმდეგ 17 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებენ.
სტეფანოს ციციპასისა და კასპერ რუდის მატჩი კი 18 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე გაიმართება.
დღეს "წითელი ჯგუფის" მე-2 ტური ჩატარდება (17:00 საათზე). ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) და დანილ მედვედევი (რუსეთი) შეხვდებიან. ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე კი, საქმეში იანიკ სინერს (იტალია) ვნახავთ, რომელიც ჰუმბერ ჰურკაჩს (პოლონეთი) დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, მატეო ბერეტინმა ზვერევთან ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კორტზე ახალგაზრდა თანამემამულე გამოვა.