სინერმა იტალია გაახარა - თინეიჯერმა თანამემამულე ღირსეულად ჩაანაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურინში შემაჯამებელი ტურნირის მე-3 დღის შეხვედრები გაიმართა. გულშემატკივარმა კორტზე "წითელი ჯგუფის" სპორტსმენები იხილა.

დანილ მედვედევი (რუსეთი) ალექსანდრ ზვერევს (გერმანია) დაუპირისპირდა და 6:3 6:7 7:6 დაამარცხა.

1-ელ სეტში რუსმა მეტოქის მოწოდება მე-2 გემში მოიგო და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

მე-2 სეტში ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალედ აწვდიდა, საქმე კი ლოგიკურ ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც გერმანელმა 7:3 იმარჯვა და წონასწორობა აღადგინა.

მე-3 სეტის სცენარიც ზუსტად ისევე წარიმართა, სპორტსმენები საკუთარ ჩაწოდებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, ტაიბრეიკი კი დრამატული გამოდგა... ზვერევი თავდაპირველად 4:2 დაწინაურდა, შემდეგ რუსმა ზედიზედ 4 ქულის
მოგება მოახერხა და ორმაგი მატჩ-ბოლი მიიღო, თუმცა გერმანელი დანებებას არ აპირებდა... ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კი რუსმა უპირატესობა მოიპოვა, 8:6 მოიგო, რითაც შემაჯამებელ ტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, 1-ელ შეხვედრაში ტრავმირებული მატეო ბერეტინი თანამემამულე იანიკ სინერმა ჩაანაცვლა. საინტერესო იყო, თუ როგორ ჩაებმებოდა თინეიჯერი გათამაშებაში.

20 წლის იტალიელი ჰუმბერ ჰურკაჩს (პოლონეთი) დაუპირისპირდა და 6:2 6:2 დაამარცხა.

იანიკმა მრისხანე მეტოქეს თითოეულ სეტში მოწოდება ორ-ორჯერ მოუგო და მატჩიც თავის სასიკეთოდ დაასრულა.

ამრიგად, "წითელ ჯგუფს" დანილ მედვედევი (4:2) ლიდერობს. მე-2 ადგილზე მოგებული და წაგებული სეტის უკეთესი სხვაობით სინერი იმყოფება (2:0), მე-3 ადგილს ზვერევი (2:2) იკავებს, ბოლოს კი - ჰურკაჩი (1:4).

ზვერევი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჰუმბერ ჰურკაჩის წინააღმდეგ ჩაატარებს, დანილი და იანიკი კი ერთმანეთს 19 ნოემბერს (00:00 საათზე) დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს ("მწვანე ჯგუფი") - ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) ალექსანდრ რუბლევს (რუსეთი) შეხვდება (17:00). სტეფანოს ციციპასისა (საბერძნეთი) და კასპერ რუდის (ნორვეგია) მატჩი ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული