როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სიმონიშვილმა აღნიშნა, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, დამამცირებლად ექცეოდა, ამასთან, ბასილაშვილს დოროყაშვილის მიმართ უხეში, არაკორექტული მიმართვები ჰქონდა.
მაკა სიმონიშვილმა ის ინციდენტები გაიხსენა, რომლებსაც თავად შესწრებია. მოწმის თქმით, თუ მისი ყოფილი სიძე ცუდ ხასიათზე იყო, ცოლს საბანკო ბარათებს უბლოკავდა, ხასიათის გამოსწორების შემდეგ კი ბლოკს ხსნიდა.
"ნიკოლოზი, როგორც შვილი, ისე მივიღეთ. ჩემი
გავიხსენებ რამდენიმე ინციდენტს, რომლებსაც შევესწარი. მაშინ ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემს ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა. დავაპირე ნელისთან დარეკვა. მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი, მე ნელით არ შემოვიფარგლები, ნელიმდეც მყავდა თაყვანისმცემლები, უფრო მეტიც, შეყვარებული მყავსო...
ნიკოლოზს ჰქონდა სავარჯიშო ტური, სტამბოლში უნდა წასულიყვნენ, ბავშვიც მიჰყავდა. მთხოვეს, იქნებ წავყოლოდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გავემგზავრე მათთან ერთად. რამდენიმე დღეში ნიკოლოზის მშობლებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი ცალკე სასტუმროში იყვნენ. ნელი მოლში საყიდლებზე იყო, პიჯაკი მოიზომა და ნიკოლოზს ჰკითხა, უხდებოდა თუ არა, რა დროსაც ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
მან კიდევ რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა.
"ნელიმ ნიკოლოზს უთხრა, შენ რომ ტურნირზე წახვალ, კურსებს გავივლი და პროფესიულად განვვითარდებიო. ამას ნიკოლოზის მხრიდან დამცინავი ღიმილი მოჰყვა - მომინდომა ბიზნესვუმენობა, ბავშვს მიხედეო და ა.შ. ეს რაც შეეხება სტამბოლში ყოფნას და იქ გადამხდარ ინციდენტებს...
ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო. პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ, სახლში, ნიკოლოზი და ნელი იყვნენ. მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამმშვიდობებია და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია. იქიდან მოვიდა ჩემთან“, - განაცხადა სიმონიშვილმა.