დღეს, 6 მაისს, მადრიდის 1000-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში, ერთმანეთს ორი ესპანელი, რაფაელ ნადალი (4) და კარლოს ალკარასი (9), დაუპირისპირდება. თანამემამულეებმა მატჩის წინ ერთმანეთზე საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.
"არ მგონია, ჩვენ შორის რაიმე სახის მეტოქეობა იყოს. მე 36 წლის ვარ. დღეს ის ჩემზე უკეთესია, უკეთესი სათამაშო ტემპი აქვს. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ჩემი გამარჯვების არ მჯერა, უბრალოდ ვცდილობ გითხრათ, რომ კარლოსი ფიზიკურად უკეთეს კონდიციებში იმყოფება. ფაქტობრივად, ტურნირზე წინასამატჩო ვარჯიშის გარეშე გამოვედი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემზე გაცილებით პატარაა და
მეტი ენერგია აქვს.
ამ შეხვედრას სხვადასხვა პოზიციიდან ვხვდებით. ერთადერთი, რაც შემიძლია, ბრძოლისთვის მზად ვიყო და რაც აუცილებელია, კორტზე პოზიტიურად ვიყო განწყობილი. მინდა თითოეული შეხვედრა შევიგრძნო და გავიმარჯვო, თუმცა, პირდაპირ გეტყვით, საუკეთესო ფორმაში არ ვარ", - განაცხადა რაფამ.
მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ ალკარასი თავს აუტსაიდერად თვლის.
"ზუსტად იმავეს თქმა მინდა ჩემს დღევანდელ მოწინააღმდეგეზე. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია, თიხის საფარზე კი ულაპარაკოდ პირველია. რაფა თვლის, რომ ფავორიტი მე ვარ, ამაში კი ვერ დავეთანხმები, რადგან ის თიხაზე საუკეთესო ჩოგბურთელია და ეს ტურნირიც ხუთჯერ მოიგო.
ბოლოს და ბოლოს, მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ეთამაშება", - განაცხადა კარლოსმა.
ესპანელების დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ნადალი და ალკარასი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ "მატადორმა" გაიმარჯვა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით