დღეს - კალათბურთელები ესპანეთის წინააღმდეგ, კვარაცხელია - "ლაციოს"

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბელგიასთან ოვერტაიმში დრამატული მარცხისგან (79:76) განცდილი დამთრგუნველი ემოციებიდან გამოსვლას ჯერ ვერ ვახერხებთ, თუმცა უკვე მე-2 ტურზე ვფიქრობთ. კალენდარი ძალიან მჭიდროა. კარგია, რომ მოთამაშეებს ერთდღიანი დასვენების საშუალება მაინც ჰქონდათ.

დღეს, 3 სექტემბერს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, რომელიც თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, 4 ივლისს დავამარცხეთ (ოვერტაიმში 82:76). მეტოქეს ახლა ერთგვარი შურისძიების სურვილი ექნება და რთული მატჩი გველის.

ილიას ზუროსის გუნდმა პლეი-ოფში თამაშის შანსები შეიმცირა, თუმცა ამისთვის იქნებ უკანასკნელ 2 ტურში მთავარი კონკურენტების,
ბულგარეთისა და მონტენეგროს დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს. ესპანელებსა და თურქებთან (4 სექტემბერს) ჩვენი თამაში უნდა ვეძებოთ, თუმცა ძალების სწორად გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

Sportall.Ge

ახლა ყველაზე მეტად გოგა ბითაძის ბედი გვაღელვებს, რომელმაც თამაშის გაგრძელება ტრავმირებულმა სცადა, თუმცა ვერ შეძლო. თორნიკე შენგელიას დანაკლისის შემდეგ ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო. მთავარია, გოგა მძიმე დაზიანებას გადაურჩა.

სანდრო მამუკელაშვილმა ბელგიასთან გუნდს გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტებში მშვენივრად ულიდერა. მთავარია, ოპტიმიზმი არ დავკარგოთ და დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

შაბათის საკალათბურთო მატჩის შემდეგ (22:45) ხვიჩა კვარაცხელიას (რომელიც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია "ა"-ს აგვისტოს თვის მოთამაშედ დაასახელა) "ნაპოლი" რომში "ლაციოს" ესტუმრება. ლუჩანო სპალეტიმ კარგად დაინახა, რომ როტაციამ არ გაამართლა და მიუხედავად იმისა, "ლივერპულთან" საჩემპიონთალიგო შეხვედრა კარსაა მომდგარი (ოთხშაბათს), ოპტიმალურთან მიახლოებულ შემადგენლობას ველით.

ნეაპოლურმა კლუბმა რომაელებს ბოლო ხუთიდან 4 მატჩი მოუგო და 13 გოლი გაუტანა. "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული უკანასკნელი შეხვედრა დრამატული გამოდგა და სტუმრებმა 94-ე წუთზე გაიმარჯვეს.

როგორც "ლაციოს", ასევე "ნაპოლის", 8 ქულა აქვთ. რომაელებმა წინა საშინაო მატჩში პედროს აქტიური შემოსვლის შემდეგ "ინტერი" (3:1) დაამარცხეს. ევროტურნირებზე ისინიც მონაწილეობენ, ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდს" უნდა უმასპინძლონ.

ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, იტალიის ნაკრების 28 წლის მცველთან, მარიო ლაცარისთან დაპირისპირება მოუწევს. მას "სკუადრა აძურაში" არგენტინასთან "ფინალისიმაში" წარუმატებელი (0:3) დებიუტი ჰქონდა. ლაცარი კარგი დრიბლინგით გამოირჩევა, იერიშებზე ფიქრობს და "კვარას" შეტევაში მასთან უპირატესობის შექმნა შეუძლია.

Sportall.Ge

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" პირველი ქულ(ებ)ის მოპოვებას "სასუოლოსთან" საკუთარ მოედანზე შეეცდება.

კრემონელებმა კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, შოტლანდიელი ჯეკ ჰენდრი იჯარით აიყვანეს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის (მარცხენა ცენტრალური მცველი) პირდაპირი კონკურენტია. შეხვედრა კვირას, 4 სექტემბერს, ჩვენი დროით 14:30 საათზე დაიწყება.

იტალიიდან ესპანეთში გადავინაცვლოთ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ხეტაფეს" დაუხვდება. 3 ტურის შემდეგ ორივე გუნდი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაშია. "მამარდა" "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, თუმცა გუნდი მაინც (0:1) დამარცხდა.

Sportall.Ge

ვალენსიურმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჯასტინ კლუივერტი და ილაიშ მორიბა შეიძინა, გუნდი კი მაქსი გომესმა და ვიცე-კაპიტანმა კარლოს სოლერმა დატოვეს, რომელიც პსჟ-ში ჩაირიცხა. გატუზოს გუნდში ედინსონ კავანის დებიუტს ველით.

"მესტალიაზე" შეხვედრა კვირას, 4 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

altდღეს საქართველო ევრობასკეტს იწყებს - კალენდარი

alt"ნაპოლი" ხვიჩას ინდივიდუალიზმს იყენებს, სპალეტის შეტევაში მეტი ორგანიზება სჭირდება...

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეხლა რაც მთავარია ნაკრებმა ლაღად და თავისუფლად ითამაშოს ესპანელებთან და თურქეთთან, მათთან წაგებისთვის არავინ განურისხდებათ, დაამუშაონ ის ტაქტიკა-სტრატეგია რითიც მონტენეგროსთან და ბულგარეთთან თამაშს აპირებენ ამ სიტუაციის გათვალისწინებით. იდეაში ეს ორი გუნდი რჩება ჩვენს მეტოქეებად და ჩაროზად თუკი თურქების დამარცხებას შევძლებთ ხომ მთლად უკეთესი.
წარმატებები ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს და პირადად ხვიჩა კვარაცხელიას!
ბათუმელი ექსპერტი
16:55 02-09-2022
0
როგორ მოგწონთ და გიხარიათ რაიმე ცუდი მოხდება, ვერ ეღირსებით საქართველო მაინც გაიმარჯვებს!
ვაი გულშემატკივარს
23:12 02-09-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული