ქართველმა გოგონამ ძალოსნობაში ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GEOWF/

პატარა ქართველმა ძალოსნებმა ბაქოში, ზირვეს საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. აზერბაიჯანში გუნდის მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ ორი გოგონა და ორი ბიჭი წაიყვანა: მარიამ მურღვლიანი (61 კგ), მარიამ მაისურაძე (49 კგ), ლევან ოჩიგავა (55 კგ) და არჩილ ოქროპირიძე (49 კგ).

ბაქოში, ზირვეს საერთაშორისო ტურნირზე წასული ქართველი ძალოსნები ზირვეს ოლიმპიურ ბაზაზე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის სახელობის კოტეჯში დააბინავეს. ზირვეს ოლიმპიურ ბაზაზე გამოჩენილი ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის კოტეჯებია, საიდანაც ერთ-ერთი კახი კახიაშვილის სახელს ატარებს.

მარიამ მაისურაძემ (49 კგ) სინკლერის მიხედვით
186 ქულა მოაგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 14 წლის ძალოსანმა ატაცში 53, აკვრაში 64, ხოლო ორჭიდის ჯამში 117 კილოგრამი მოაგროვა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. ამასთანავე, 14 წლის გოგონამ საქართველოს 15 და 17-წლამდელთა 3-3 რეკორდი დაამყარა. 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პატარა ძალოსანმა საქართველოს როგორც 15-წლამდელთა, ისე 17-წლამდელთა რეკორდი ატაცში 5 კილოგრამით გააუმჯობესა, აკვრაში - 6 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში - 11 კილოგრამით.

კარგად იასპარეზა მარიამ მურღვლიანმაც (61 კგ), 13 წლის გოგონამ 159 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე გავიდა.

მომზადებულია facebook.com/GEOWF/-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული