კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ამის თაობაზე განცხადება თავის "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა:
"მეგობრებო
ძალოსნობის ფედერაციის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში მე და ჩემმა გუნდმა ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში შევძელით ის, რომ სტაბილურად საუკეთესოები ვიყავით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ჩათვლებში, საქართველოში არაერთხელ დაგვასახელეს საუკეთესო ფედერაციად. ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელის, სპორტსმენის თუ ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაშიც არაერთხელ დაგვიმსახურებია საუკეთესოს სახელი ქალთა და კაცთა შორის.
ლაშა ტალახაძეს კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად.
გავხსენით ბევრი ახალი დარბაზი და მოვაწყეთ ინფრასტრუქტურა. ჩვენს ძალოსნებს შევუქმენით სრულყოფილი სავარჯიშო პირობები. შიდა ჩემპიონატებზე დავნერგეთ საშეჯიბრო ათვლითი სისტემა.
ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა საერთაშორისო შეჯიბრებებს, რამაც მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციებში საუკეთესო ორგანიზატორის სახელი დაგვიმკვიდრა.
ბევრი სიახლე დაინერგა, თუმცა ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი. და მაინც, ჩვენი ძირითადი მიღწევა არის პროფესიონალიზმი, დისციპლინა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული. სწორედ ამან მიგვიყვანა წარმატებამდე.
თითოეული წარმატების უკან დგას გუნდი, რომელიც ძალოსნობას ჩემთან ერთად წლების განმავლობაში ემსახურებოდა.
მინდა მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მადლობა მწვრთნელებს, სპორტსმენებს, მსაჯებს, ექიმებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რეგიონალურ სპორტულ ორგანიზაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩვენს კურატორებს, ძალოსნობის მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციას. მადლობა სპორტულ ჟურნალისტებს, ფანკლუბს, გულშემატკივრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს წინსვლაში. მადლობა მათ, ვინც გვაკრიტიკებდა. ამან ჩვენ გაგვაძლიერა. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
მადლობა სპონსორებს "რომპეტროლსა" და "საქართველოს რკინიგზას".
მე მჯერა საქართველოს ძალოსნობის მომავლის. მას აქვს დიდი პერსპექტივა, მოდის ახალი, ძლიერი თაობა იმ ბაზებზე, რომლებიც შევქმენით ამ 5 წელიწადში.
მიზანი ბევრია, წინ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ახალი გამარჯვებების მოლოდინი.
მე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი დღეს, წესდების თანახმად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.
ფედერაციას ვუსურვებ მალე აირჩიოს შესაბამისი, ღირსეული ხელმძღვანელი. თუ ძალოსნობის საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ გავაგრძელო ხელმძღვანელობა, მზად ვარ, ხელახლა წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა.
წარმატებას, გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!".
წარმატებას, გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!".