მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას უსურვებს.
"გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი - 222, აკვრა -263) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!"
ლაშამ ატაცში 222 კილოგრამის აწევით ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც მოიგო. მანვე დაისაკუთრა აკვრაში გათამაშებული ოქროს მედალი და ჯამში საქართველოს ნაკრებს სამი ოქრო მოუტანა.
ქართველ სპორტსმენს გამარჯვებას ულოცავს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
"ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!", - წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
მილოცვებს უერთდება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"გილოცავთ, ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა თავისი მსოფლიო რეკორდი მოხსნა და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი", - წერს კობახიძე "ფეისბუქზე".
ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.
"ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. სამი ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ვულოცავ მთელ საქართველოს!", - წერს კალაძე "ფეისბუქზე".
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში, ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები, რომლებიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა.
ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
AMBEBI