ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
იტალიის დედაქალაქ რომში გრძელდება პარამოფარიკავეთა (ეტლით მოსარგებლე) მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი (მწვრთნელები - მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე) მონაწილეობს.

როგორც გაუწყეთ, ასპარეზობის პირველ დღეს B კატეგორიის სპორტსმენებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისპრიზიორმა, მსოფლიოს თასის შვიდგზის გამარჯვებულმა ირმა ხეცურიანმა ჯგუფში ფრანგი სოფი შაბლონი, უკრაინელი ინა დოლოჰი, იტალიელი მარტა მონსეტი, ბერძენი კელი ლუფაკი დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

იქაც ზედიზედ სძლია პოლონელებს - იადია პაჩეკსა (15:6) და პატრისია ჩაჰარეზას (15:10), ფინალში ტაილანდელ ჟანა სუსის აჯობა 15:10 და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

გუშინ
A კატეგორიის წარმომადგენელთა შეჯიბრებაში ჩაება მოხმალავე ნინა თიბილაშვილი, რომელიც ხმალში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია, რაპირაში მსოფლიოს თასის მფლობელი და ორგზის პრიზიორი, დაშნაში მეორე და მესამეადგილოსანი, უფროსებში მსოფლიოს თასზე ოთხჯერ მესამე იყო.

თავის სპორტულ კოლექციას ნინამ გუშინ კიდევ ერთი - მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო შესძინა: ჯგუფში დაამარცხა იტალიელი სოფია ბრუნატი, ფრანგი სანდრინე ქუინოლა, რუსი ვიქტორია სმერტინა, ტაილანდელი ატიტაია ჩოოკერტი და მხოლოდ ერთი პაექრობა დათმო უნგრელ ამარილა ვერეშთან. პლეი-ოფში სანდრინე ქუინოლას აჯობა 15:12, შემდეგ იტალიელ ლორედანა ტრიგილიას მოუგო - 15:10, ნახევარფინალი კი უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან დათმო (13:15) და მესამე ადგილზე გავიდა.

ახლა ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა C კატეგორიაში ძალებს მოსინჯავს დიანა ჯიშიაშვილი. დღეს იგი რაპირაში, ხვალ კი დაშნაში იბრძოლებს მედლებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული