მომივიდა წინადადება საქართველოს ნაკრებიდან და... - ექსკლუზიური ინტერვიუ მაია გუჩმაზოვასთან [PHOTO]

AutoSharing Option
27 წლის მაია გუჩმაზოვა საქართველოს მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს. დაშნით მოფარიკავე სპორტსმენი კარიერის დასაწყისიდანვე შეჯიბრებებში რუსეთის სახელით გამოდიოდა.

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში გუჩმაზოვამ აღნიშნა, შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან მიიღო და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას გარკვეული დროისა და ფიქრის შემდეგ დათანხმდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე გუჩმაზოვამ არაერთხელ ისახელა თავი, როგორც აღმოჩნდა, წარსულის მიღწევებზე საუბარი არ უყვარს.

თუ როდის და როგორ დაუკავშირა მაიამ ცხოვრება ფარიკაობას და სამომავლოდ რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე...
-
1991 წლის ოქტომბერში ვლადიკავკაზში დავიბადე. დედ-მამასთან ერთად ახლაც ვლადიკავკაზში ვცხოვრობ. ჩემი მშობლები ემიგრანტები გახდნენ და ამიტომ მოუწიათ საქართველოდან გადასვლა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში. ბავშვობა მქონდა ჩვეულებრივი. ვიყავი ძალიან ენერგიული, ცელქი და გათამამებული გოგო. ყოველი წლის ზაფხულს ოჯახთან ერთად ვსტუმრობდით ჩვენს სოფელს, ორთუბანს, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იქ არის ჩვენი მეორე სახლი, სადაც ცხოვრობს ბებია. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როცა ვახერხებ, დასასვენებლად ჩავდივარ.

- როდის გადაწყვიტეთ ფარიკაობაზე სიარული და სად დაიწყეთ ვარჯიში?
- მე-6 კლასში ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე. ვლადიკავკაზის მე-40 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს სკოლაში ყოფილა სპეციალური კლასი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ირინა კესაევა, რომელსაც დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ მოგვიახლოვდა გოგონებს და გვკითხა: გაქვთ თუ არა წიგნი ოსურ ლიტერატურაზეო (შვილისთვის უნდოდა)?  ჩვენ მივეცით სახელმძღვანელო და ამის შემდეგ ის დაინტერესდა, გვინდოდა თუ არა ფარიკაობაზე სიარული. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ფარიკაობა (სახლშიც არაფერი იცოდნენ ამის შესახებ).  საბოლოოდ, მივედი, ძალიან მომეწონა და დავიწყე ვარჯიში ვლადიკავკაზში. როცა გავიზარდე და გავხდი იუნიორების ასაკის, ფარიკაობაზე სიარული მოსკოვში გავაგრძელე, მარინა მაზინას ხელმძღვანელობით.

Sportall.Ge

- როდის მოვიდა პირველი წარმატება?
- სიმართლე გითხრათ, პირველმა წარმატებამ დიდხანს არ მალოდინა, რადგან ბავშვობიდანვე ვიყავი ძალიან მიზანდასახული! ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი საუკეთესო! სამხრეთის ფედერალური ოლქის და რესპუბლიკის დონეზე შედეგები სწრაფად დავდე. როდესაც გავხდი უფრო დარწმუნებული ჩემს თავში, ყველაზე დიდი წარმატებაც მაშინ მოვიდა - ქ. ძერჟინსკში რუსეთის პირველობაზე მე-3 ადგილი დავიკავე, მერე კი ყველაფერი სწრაფად განვითარდა.

- მოგვიყევით თქვენს კარიერულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე...
- წარმატებებს ადრეულ ასაკში მივაღწიე, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, თითქოს გამოდის, რომ ვტრაბახობ. ჩვეულებრივ, როცა ამ ტიპის კითხვას ოსეთში მისვამენ, ვპასუხობ: თუ ჩემ შესახებ არ გსმენიათ, არა უშავს, მალე მოისმენთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვართ ორიენტირებულნი. აუცილებლად უნდა მოვიგოთ ღვთის წყალობით. სურვილიც გვაქვს და შესაძლებლობაც. საჭიროა ვიშრომოთ და მივაღწიოთ საერთო მიზანს.

- დროის რა ნაწილს უთმობთ ვარჯიშს?
- მთელ დროს ვარჯიშს ვუთმობ. როცა ოსეთში ვარ, ორმაგად ვვარჯიშობ. ახლახან დავბრუნდი შეკრებიდან. იქაც ყოველდღე ვიყავი დაკავებული, დასვენების დღეებშიც კი.

- ძალიან ლამაზი გარეგნობის გოგო ხართ. ხომ არ გყავთ რჩეული? ქართველი მამაკაცები მოგწონთ?
- წინა კითხვის პასუხის შემდეგ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, რჩეული მამაკაცი მყავს, მიუხედავად ჩემი მოუხერხებელი გრაფიკისა. რაც შეეხება ქართველ მამაკაცებზე შეკითხვას, ამაზე არც მიფიქრია. ეროვნებას არასდროს ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია, ადამიანი იყოს კარგი.

- გარდა სპორტისა, კიდევ რით ხართ დაინტერესებული? როგორც ვიცით, იყავით სტუდენტი. რა პროფესიას ეუფლებოდით და სად?
- თავისუფალ დროს ვცდილობ,  ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვიყო. განსაკუთრებული გატაცება არ მაქვს. რაც შეეხება სწავლას, როგორც უკვე აღვნიშნე, მე დავამთავრე მე-40 საშუალო სკოლა ვლადიკავკაზში. შემდეგ ჩავაბარე "СОГУ"-ში (ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფიზკულტურისა და სპორტის ფაკულტეტზე, რომელზეც სწავლა დავასრულე 2013 წელს.

- როდიდან ასპარეზობთ რუსეთის სახელით?
- კარიერის დასაწყისიდანვე რუსეთის სახელით გამოვდიოდი.

- ახლა საქართველოს სახელით ასპარეზობთ. რატომ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ რუსეთის სახელით ასპარეზობაზე? როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს რუსეთსა და ოსეთში?
- უარის თქმა ცოტა უხეშად ჟღერს, უარი არ მითქვამს, უბრალოდ, ჩემს მწვრთნელთან ერთად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჩემი წინსვლისთვის ასე იყო საჭირო. თუ გინდა ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწიო, უნდა გარისკო. მომივიდა წინადადება საქართველოს ნაკრებიდან, რომ მათი წევრი გავმხდარიყავი. ჩვენ ნახევარი წელი განვიხილავდით ამ შემოთავაზებას, საბოლოოდ კი გადავწყვიტე, რომ დავთანხმებულიყავი. ჩავთვალე, რომ ჩემი მომავლისთვის ასე აჯობებდა. რუსეთსა და ოსეთში ჩემს გადაწყვეტილებას ნორმალურად შეხვდნენ, თუმცა ბუნებრივია, არის ჩემი მისამართით პოლიტიკური ხასიათის თავდასხმები, მაგრამ ვისაც ესმის სპორტი, ის ჩემს გადაწყეტილებასაც გაიგებს.

- როგორია თქვენი შეხედულება და განწყობა საქართველოზე?
- ძალიან თბილი და დადებითი მოგონებები მაკავშირებს საქართველოსთან. ჩემი ნათესავების ნახევარი საქართველოში ცხოვრობს, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან. ბავშვობიდან ვიცი ქართული. მართალია, არასრულყოფილად, მაგრამ მესმის, რასაც ამბობენ ქართულად. მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე სოფელ ორთუბანში, სადაც ცხოვრობს ჩემი ბებია. ეს არის საოცარი ადგილი და მე ის ძალიან მიყვარს.

- ქართველი მეგობრები გყავთ?
- რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები - არა. ჩვენ ვკითხულობთ და ვწერთ ხოლმე ერთმანეთს.

Sportall.Ge

ავტორი: რუსკა კილასონია
მკითხველის კომენტარები / 10 /
რესპოდენტისგან ძალიან ზუსტი პასუხებია გაცემული საკმაოდ კარგად დასმულ კითხვებს.
აშკარად ეტყობა, რომ გოგონა არა მარტო გარეგნულად არის ლამაზი, შინაარსობროვადაც საინტერესოა.
წარმატებებს!
სიმართლის მოყვარული
03:34 19-02-2019
0
ოსები გავაძევეთ არ იხვის ტოლმა :D სსრკს დაშლისთანავე ოსებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქართულ მიწაზე ამით დაიწყო და გამწვავდა ადრინდელი კონფლიქტი. ეს ზედმეტი კეთილშობილება დაგვღუპავს მართლა რა. იმათგან 1 ბოდიში არ მომისმენია მაშინ როცა ისინი ბევრად უფრო მეტად არიან დამნაშავეები. და ამ დროს შემოვდივარ აქ და ვკითხულობ კომენტარებს ჩვენი ბრალიაო))) არ შეიძლება ასე. ცოტა თავმოყვარეობა შეინარჩუნეთ
Niko
09:22 18-02-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული