ფიგურულ ციგურაობაში ლიუბლიანაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ინგა გურგენიძემ გაიმარჯვა.
"10-11 თებერვალს,სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "Dragon Trophy", რომელშიც მონაწილეობდნენ იუნიორი სპორტსმენები. გოგონათა კატეგორიაში ტურნირზე ასპარეზობდა ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე. იუნიორმა სპორტსმენმა ღირსეულად იასპარეზა ტურნირის ორივე დღეს.
თავისუფალ პროგრამაში ინგამ სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის სამი, კომბინაციაში. ერთ-ერთი კომბინაცია შესრულდა სამნახევარ აქსელთან. ინგამ ამავე პროგრამაში მეორე, სოლო სამნახევარი აქსელიც შეასრულა
და ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა 35 მონაწილე სპორტსმენს შორის და პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა.
ვულოცავთ ქართველ მოციგურავეს ამ წარმატებას იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც 27 თებერვალს კანადის ქალაქ კალგარიში გაიმართება", - ულოცავს ინგა გურგენიძეს წარმატებას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.