საქართველო VS იტალია - ევროპული ფრენბურთის ვარსკვლავები თბილისში

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს, თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ამ ტურნირს ამჟამად საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მასპინძლობენ. ჯგუფური ტურნირის შეხვედრები თბილისში, განჯასა და ბაქოში გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქი B ჯგუფს უმასპინძლებს. ჩვენი ქალთა ნაკრების მეტოქეები ხორვატიის, იტალიისა და ბელორუსის გუნდები იქნებიან.

პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები ჯგუფისა და საერთოდ, ტურნირი ერთ-ერთ ფავორიტთან, ევროპის მოქმედ ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან გამართავს. ფრენბურთის მოყვარულები, სამწუხაროდ, იტალიელი ვარსკვლავის, ფრანჩესკა პიჩინინის თამაშს ვერ ნახავენ, რადგან ის ნაკრებში აღარ ასპარეზობს. სამაგიეროდ, მსოფლიო დონის სხვა იტალიელი ფრენბურთელების მართლაც
დიდი ოსტატობის ხილვის საშუალება ექნებათ.

ასევე ძალზე საინტერესო იქნება ხორვატიის ნაკრების ლიდერ კატარინა ბარუნის საქმეში ნახვაც. ხორვატები თბილისს რამდენიმე წლის წინათაც სტუმრობდნენ, როცა ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაუპირისპირდნენ. ბარუნი მაშინ ახალგაზრდა, დამწყები ფრენბურთელი იყო, თუმცა თანაგუნდელებისგან მაინც საგრძნობლად გამოირჩეოდა. მაშინ ხორვატებმა მშრალი ანგარიშით დაგვამარცხეს - 3:0.

ბევრს ვერაფერს ვიტყვით ბელორუსის ნაკრებზე. ერთი კია, თუ მათ შემადგენლობას შევხედავთ, ლეგიონერთა სიმრავლე თვალში საცემი იქნება. ერთი სიტყვით, საკმაოდ კარგი გუნდია და შეუძლია ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლოს.

საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია. ის ძირითადად იმ ფრენბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც 2015 წელს თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზეს. ჩვენებურთა შორის ყველაზე გამოცდილი მარინა ცარენკოა, რომელიც ეროვნულ გუნდში დიდი ხანია თამაშობს და სერბულ კლუბებში ასპარეზობის პრაქტიკა აქვს. უცხოურ კლუბებში თამაშობენ ანა კალანდაძე, გვანცა მარქარაშვილი და გვანცა ულუმბელაშვილ.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დიდი ხნის წინათ დაიწყო. მან ორი ტურნე გამართა ჩეხეთსა და სლოვაკეთში, სადაც ადგილობრივ კლუბებთან საწვრთნელი შეხვედრები ჩატარდა. სავარაუდოდ, საწვრთნელმა შეკრებებმა ნაყოფიერად ჩაიარა, რაც იმედია, ჩვენი ქალთა ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგზეც აისახება.

ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე სამ-სამი გუნდი გადის. გამარჯვებულები პირდაპირ მეოთხედფინალში ხვდებიან, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალის ოთხი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პლეი-ოფები 26 სექტემბრიდან ბაქოში გაიმართება.

- წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, - გვითხრა პაატა ულუმბელაშვილმა. - ნაკრების ძირითად ბირთვს ის გოგონები შეადგენენ, რომლებმაც თბილისში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზეს. ასე რომ, იმ შეჯიბრებამ ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებაში დიდი სამსახური გაგვიწია. გუნდის ძირითადი შვიდეულის ყველაზე უფროსი წევრი 25 წლისაა, დანარჩენები კი 20 წლამდე ასაკის არიან.

- გუნდის მზადების შესახებ რას იტყვით?
- ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მაისის შუა რიცხვებიდან მთელი ნაკრები ერთად ვარჯიშობს. მაშინვე შემოგვიერთდნენ ლეგიონერებიც. საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ ორი წელიწადია, დიდი საქმე გაგვიკეთა: საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად, ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის ღია პირველობაში მონაწილეობს. ვითამაშეთ, ასევე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, ევროლიგაზე, ამხანაგური პაექრობებიც გვქონდა. ასე რომ, შეთამაშება და გამოცდილება არ გვაკლია, მაგრამ გუნდის წევრები, უმთავრესად, როგორც გითხარით, ჯერ ახალგაზრდები არიან და ბევრი რამ აქვთ სასწავლი.

- წილისყრამაც სერიოზული მეტოქეები გვარგუნა...
- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არიან, თუმცა ჩვენ მაინც გამორჩეული მოწინააღმდეგე გვერგო - ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები. ცხადია, მასთან პაექრობაში წარმატების შანსი არ გვაქვს. ბელორუსებსა და ხორვატებთან კი, რომლებსაც, ტრადიციულად, ძლიერი გუნდები ჰყავთ, შეიძლება ბრძოლა. ჩვენი მიზანია ევროპის 12 მოწინავე გუნდს შორის მოხვედრა. საამისოდ კი, ერთი მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიმპიურ სასახლეში მოსულ ქომაგებს ლამაზი თამაში ვაჩვენოთ და გულნაკლული არ დავტოვოთ.

ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი: აზერბაიჯანი, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი
B ჯგუფი: საქართველო, იტალია, ხორვატია, ბელორუსი
C ჯგუფი: ბულგარეთი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა
D ჯგუფი: ბელგია, ჩეხეთი, სერბეთი, ჰოლანდია

საქართველოს ნაკრები
1. მარიამ გაფრინდაშვილი, 2. ნონა კორაევი, 3. ანა ბაცაცაშვილი, 4. მარინა ცარენკო, 5. ანა ყიფშიძე, 6. მარიამ ბერიაშვილი, 7. გვანცა ულუმბელაშვილი, 8. ჯულიეტა სანაძე, 10. ირინა ჭელიძე, 11. სვეტლანა სოსნოვსკაია, 13. ანა კალანდაძე, 14. გვანცა მარქარაშვილი, 17. თინათინ ჭაუჭიძე.

22 სექტემბერი
საქართველო-იტალია
ხორვატია-ბელორუსი

23 სექტემბერი
საქართველო-ხორვატია
იტალია-ბელორუსი

24 სექტემბერი
საქართველო-ბელორუსი
ხორვატია-იტალია

ბესიკ ჯანგავაძე
ვაჟა დანელია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პორდაპირი რეპორტაჟები სილკ უნივერსალზე
karqi raa
13:03 22-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული