სტალინის შვილი საუკეთესო გუნდს მართავდა - მის დაღუპვას კი 20 წელი მალავდნენ

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიამდე მსოფლიო ქვეყნების აეროპორტები თვითმფრინავებს ყოველ წამში იღებდნენ და უშვებდნენ. ყოველდღიურად 100 000 საფრენი ობიექტი ტოვებდა მიწას. ყოველწლიურად 4,5 მილიარდი მგზავრი ატარებდა ცხოვრების გარკვეულ დროს ჰაერში და კომფორტულ სავარძელში მიირთმევდა ყავას, ან ჩაის, გემოვნების მიხედვით. მხოლოდ 1000 მათგანი ვერ ბრუნდებოდა სახლში ცოცხალი. აი, მსოფლიოს საავტომობილო გზებზე კი 1350-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება - დაახლოებით, 1, 350 000 წელიწადში. ტიტანის გიგანტურ ფრინველში ჩაჯდომა გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნაცნობი ავტომობილით მოძრაობა. თუმცა, რაღაც ბედის ბორბალის დამსახურებით, უკანასკნელ 100 წელში 21 სპორტული გუნდი
მოხვდა ავიაკატასტროფაში. თუმცა, ყველა დაღუპულს სათანადო დაკრძალვა არ ეღირსა - მეტიც, მათი გარკვეული ნაწილის გარდაცვალების შესახებ დეკადების განმავლობაში დუმდნენ.

"სამყაროსკენ მიმართული ფანჯრის ამოქოლვა გაზეთით არის შესაძლებელი,"- თქვა ერთხელ ცნობილმა პოლონელმა მწერალმა სტანისლავ ეჟი ლეცმა და ჰოკეისტი ვიქტორ შუვალოვი 1950 წლის შობის საღამოს სწორედ ამას აკეთებდა. ხოროშევკაში მდგარი კომუნალური საცხოვრებლის ფანჯრების ჩარჩოებსა და კედლებს არქიტექტურული ხელნაწერივით ჰყოფნდნე ხვრელები და შუვალოვიც გაზეთებს ამ ხვრელების ამოსავსებად იყენებდა: სხვა თუ არაფერი, ოთახში ორიპირი ქარი არ იქნებოდა და საერთო ტუალეტიდან სიგარეტის სურნელი არ შევიდოდა. 30-გრადუსიან ყინვაში პლედის ქვეში ახურებდა თითებს და თავს ბედნიერად გრძნობდა, ჩელიაბინკსში ვვს მვო-სთან ერთად რომ არ გაფრინდა. პირველ რიგში, ის სწორედ ჩელიაბინსკის გუნდიდან გადავიდა მოსკოველთა რიგებში და ადგილობრივი გულშემატკვირები მოღალატედ თვლიდნენ. მეორე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იქ უფრო ციოდა და ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემოდა.

ამ დროს ოთახის კარზე არც ისე სასიამოვნო კაკუნი გაისმა - ვიქტორმა იცოდა, რომ საღამოს 9 საათის შემდეგ კარგი ამბების შესატყობინებლად არავინ მიდიოდა. კომუნალურ საცხოვრებელში სტუმრებს არავინ ელოდა, ასე რომ, მესამე ზარის შემდეგ თბილი საფარიდან გამოსვლა და კარის გაღება შუვალოვს მოუწია. ზარს ხელის ძლიერი დარტყმა მოჰყვა: "ვიწ(ტ)ია გააღე! უფროსი გეძახის!" ვიქტორმაც გააღო კარი და მიშა სტეფანიანი დაინახა - ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი ვასილი სტალინის, ბელადის ვაჟის, ჰოკეისა და საფეხბურთო კლუბ მმს მვო-ს დამფუძნებლის ადიუტანტი. "გაემზადე, უფროსთან მივდივართ, შტაბში, ლენინგრადში!"

ადიუტანტს ამის მეტი არაფერი უთქმვს და უხმოდ წაიყვანა ახალგაზრდა სპორტსმენი მისამართზე. უცნობი შენობის ბნელ დერეფნებში შიშით მიიკვლევდა გზას ვიქტორი და უცებ გუნდის კაპიტან საშა ვინოგრადოვს შეეჩეხა, რომელიც მასსავით გაკვირებული იყო და ვერაფერი გაეგო. მათ მოსკოვში დატოვებული კიდევ ერთი ვარსკვლავი აკლდათ. "ბობროვი სად არის?"- იკითხა შუვალოვმა, ვინოგრადოვმა კი საპასუხოდ მხრები აიჩეჩა. კაბინეტის კარი გაიღო, მდივანმა სპორტსმენები ვასილი სტალინის კაბინეტში შეიყვანა. გენერალსიმუსის ვაჟმა გადახედა ჰოკეისტებს და თანაგუნდელებზე ისეთ ამბავს მოუყვა, რომ ვიქტორს ფეხები გაუშეშდა, საშა ვინოგრადოვმა კი ტირილი დაიწყო.

ამ დროს ჩელიაბინსკში სწრაფმავალი მატარებელი გაჩერდა. ვაგონში უცნაური ატმოსფერო იყო. კუპეების უმრავლესობა ცარიელი გახლდათ, გამცილებლები და მგზავრები კი პირველ განყოფილებაში იყვნენ შეკრებილები, საიდანაც სიგარეტის ბოლი და მხიარული ხმაური გამოდიოდა. ის ვვს მვო-ს ვარსკვლავი ვსევოლოდ ბობროვი იჯდა - ეწეოდა სიგარეტს, არიგებდა ბანქოსა და ჰყვებოდა ანეკდოტებს. ბობროვი იხსენებდა, როგორ არ დარეკა მაღვიძარამ, როგორ დააგვიანა თვითმფრინავზე და როგორ გაგზავნეს მატარებლით ჩელიაბინსკში. სწორედ ამ დროს მოვიდა ცნობა და ის კომენდატურაში დაიბარეს. ბობროვი კარგ ხასიათზე კომენდატურის კარის ზღურბლის გადაკვეთამდე რჩებოდა.

გუნდი ჩელიაბინსკში ლენინგრადიდან გაფრინდა, სადაც ადგილობრივი "დინამო" დაამარცხა. მთავარმა მწვრთნელმა ბორის ბოჩარნიკოვმა დაარწმუნა უმცროსი სტალინი, რომ აკლიმატიზაციისათვის უკეთესი იქნებოდა ჰოკეისტების ადგილზე ადრე ჩასვლა და თვითმფრინავით გამგზავრებაზეც დაითანხმა. შუვალოვი ზემოთხსენებული მიზეზით არ გაემგზავრა, ვინოგრადოვს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა ბობროვის გარდა აეროპორტში ყველა მივიდა და წამსვლელები გააცილეს. ძლიერი ყინვის გამო, ფრენა რამდენჯერმე გადადეს. მოთამაშეებმა თერმოსებიც კი ამოიღეს და ბანქოს თამაში გააჩაღეს.

გუნდს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა და სსრკ-ს ჩემპიონატის მოსაგებად იბრძოდა. ახლა კი იდიოტებივით ისხდნენ აეროპორტში და გაფრენას ელოდნენ, რომლის დროც ბოლოს და ბოლოს მოვიდა. გუნდი გაფრინდა, დარჩენილები კი სახლებში დაარიგეს.

ჰოკეისტები ძლიერი დარტყმის შედეგად გამოფხიზლდნენ. დინამიკებიდან კი ხმა გაისმა: "ლაპარაკობს ხელმძღვანელი ივან ზოტოვი. საწვავის ჩასასხმელად ყაზანის აეროდრომში დავეშვით. 1 საათი გაქვთ მუხლების გასამართად და შემდეგ კი ფრენას განვაგრძობთ." ჰოკეისტები სალონიდან გამოვიდნენ და უყურებდნენ, როგორ უძლებდა ყინვასა და ქარს პს-84-დან საბრძლო თვითმფრინავ ლი-2-ად გადაკეთებული მფრინავი მანქანა. იმ დროისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საფრენი აპარატი გახლდათ, რომელიც ამერიკული Douglas DC-3-ის ლიცენზიის ბაზაზე იყო აწყობილი. სსრკ-ს ძალიან გამოადგა მეორე მსოფლიო ომში და საბჭოთა რესპუბლიკებშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

სანამ მოთამაშეები ახლო უსასრულობას ადევნენ თვალს, მწვრთნელი ბორის ბოჩარიკოვი ტელეფონზე ჩხუბობდა, ყინვის გამო ურალის აეროპორტი თვითმფრინავებს არ იღებდა და კიდევ რამდენიმე საათით მოუწევდათ დარჩენა. გუნდის ხელმძღვანელს დარჩენილი გზის მატარებლით გავლა შესთავაზეს, რაზეც სასტიკი უარი განაცხადა, ვასილი სტალინს დაუკავშირდა და ფრენის გაგრძელებასაც მიაღწია. ჰოკეისტებიც დაუბრუნდნენ თვითმფრინავს.

რამდენიმე საათის შემდეგ თვითმფრინავმა ჩელიაბინსკში ჩააღწია, თუმცა ზოტოვს დაჯდომაზე უარი უთხრეს და ამიტომ, ხომალდის ხელმძღვანელმა სვერდლოვის სათადარიგო აეროდრომში დაშვება გადაწყვიტა. თუმცა, ამის უფლება არც იქ მისცეს, რადგან რიგში სხვა თვითმფირნავები იყო, ლი-2 კი ზედა ეშელონებში გაგზავნეს მოსაცდელად. ამდენხნიანი მგზავრობითა და ყინვით შეწუხებული მოთამაშეები ერთად იყვნენ შეჯგუფებულები ხომალდის კუდისკენ, რაც კიდევ უფრო ართულებდა თვითმფრინავის მართვას.

რაღაც მომენტში ბორტზე დაიჭირეს სიგნალი - აეროპორტი დაშვების უფლებას აძლევდა. თუმცა, დაჯდომის დროს, მაირომა ზოტოვმა ვერ დაინახა ბილიკი. არ იცოდა, რომ დაშვების უფლება შეცდომით მეზობელმა სამხედრო აეროდრომმა - არამილმა მისცა. ხელმძღვანელმა კიდევ ორი წრე გააკეთა, ჩართო პროჟეტორი, თუმცა ძლიერ თოვაში ამან უფრო გაართულა საქმე და პილოტებიც დააბნია. ლი-2 კი სრული სიჩქარით ჩაეშვა ყინვითა და თოვლით დაფარულ მიწაში. როცა ხალხმა თვითმფრინავამდე მიაღწია, თოვლს ის სრულად ჰქონდა დაფარული.

"მთელი გუნდი დაიღუპა. არავინაა ცოცხალი. თქვენ სასწრაფოდ უნდა გაფრინდეთ ჩელიაბინსკში,"- უბრძანა სტალინმა შუვალოვსა და ვინოგრადოვს, რომლებსაც არაფერი ესმოდათ. მათთან ერთად თავისუფალი ჰოკეისტები, ახალგაზრდული გუნდის წევრებიც შეკრიბეს და ჩელიაბინსკში გაგზავნეს, სადაც ბობროვი ელოდათ. ერთ-ერთი მოწვეული მოთამაშე კი, დაღუპული იური ჟიბურტილოვიჩის ძმა, პაველი აღმოჩნდა.

ვვს-ის ექსპრომტად შეკრებილმა გუნდმა ჩელიაბინსკის "ძერჟინსკთან" გამართა შეხვედრა და მოიგო კიდეც. "ძერჟინსკის" არცერთ გულშემატკივარს არ დაუძახია შუვალოვისთვის "მოღალატე". თამაშის დასრულების შემდეგ კი გუნდი უხმოდ წაიყვანეს აეროპორტში. იქ კი მოთამაშეები ანგარში შეუშვეს, სადაც ათეულობით ცხედარი იყო. მათი ვინაობის გარჩევა შეუძლებელი იყო - მართალია აფეთქება არ ყოფილა, თუმცა ისეთი სისწრაფით შეეჯახა თვითმფრინავი მიწას, რომ ყველა დასახიჩრებული გახლდათ.

"ეროპორტთან ახლოს სოფლის კლუბი იყო. ამ კლუბის სცენაზე 19 მიცვალებული დაასვენეს, მათ წითელი ზეწარი ეფარათ. ჩემი აზრით, კუბოები მიწით იყო სავსე. 13 ჰოკეისტისა და ეკიპაჟის 6 წევრისთვის ძმური საფლავი გათხარეს, ქვაზე კი მოგვიანებით, ყველა მათგანის სახელები დააწერეს,"- გაიხსენა შუვალოვმა.

ამ ტრადგედიის შესახებ არცერთ გაზეთსა და რადიოსადგურს არ განუცხადებია, თუმცა ადგილობრივებმა მაინც გაიგეს. 1969 წლამდე ლი-2-ის ჩამოვარდნის ამბავი საიდუმლოდ რჩებოდა. თუმცა, აღნიშნული წლის იანვრის ნომერში, გაზეთ "ფეხბურთი-ჰოკეი" გამოჩნდა პატარა ტექსტი, სადაც ავტორი სვერდლოვსკში დაღუპულ ვვს მვო-ს მოთამაშეებს იხსენებდა. თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება სტალინის გუნდის კატასტროფას მალავდა.

ინფრომაციის ამგვარი ფორმით დამალვა მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ასე მოხდა ჩერნობილი ტრაგედიის დროს და ასევე, 1975 წელს, როცა საღეჭი რეზინის გამო დაწყებული ჩხუბის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, რაზეც მომავალში მოგითხობთ...

eurosport-ის მიხედვით sportall.ge-სთვის მოამზადა ბექა ბექაურმა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ აქ საბჭოთა კავშირის გაიდეალება დაინახე, ცუდად ყოფილა შენი საქმე. სწორედაც რომ იმას აჩვენებს სტატია, რა საშინელი რამ იყო სსრკ.
მიხაილ-ს
21:16 28-06-2020
18
იმ კატასტროფაზე უამრავი სტატია და მოგონებები მაქვსც წაკითხული დოკუმენტური ფილმები მაქვს ნანახი და თითქმის ყველაფერი მართალია ერთის გარდა--კატასტროფის მეორე დღესვე ყველამ იცოდა მთელ ქბეყანაში--ჯერ ერთი რადიომ გამოაცხადა სამჯერ ! მერე გაზეთებმაც დაწერეს და დოკუმენტურ ფილმებში იმ გაზეთების გვერდებიც აჩვენეს სადაც კარგად ჩანდა თარიღი ! ტყუილია ისივ რომ საბჭოთა კავშირში საიდუმლოდ ინახავდნენ ასეთ ტრაგედიებსო ! ვერანაირად ვერ შეინახავდნენ ძალიანაც რომ მოენდომებინათ ყველამ იცის ეს გამოთქმა--ორმა რაც იცის ის ყველამ იცისო და ის ამბავი ორმა კი არა მინიმუმ ორი ათასმა იცოდა პირველივე წუთებში ! ცნობილ რუსი ჰოკეისტების ინტერვიუებს რომ თავი დავანებოთ ქართველმა ფეხბურთელებმაც ახსენეს ბევრჯერ--პაიჭაძემ გაგუამ ანთაძემ და სხვებმა !
zura222
18:00 21-01-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული