თბილისში ყინულის სასახლე აშენდება

AutoSharing Option
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს:

"13 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკ ტარდიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების მიზნით.

ამასთან, სპორტის მინისტრმა სტუმარს გაუზიარა სპორტის მოცემულ სახეობაში განვითარების სამომავლო გეგმები. კერძოდ, თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, 16 000 კვადრატული მეტრის
ფართობზე, სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გეგმავს ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობისათვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობას. მინისტრის თხოვნის შესაბამისად, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ტერიტორია დღესვე მოინახულა და მას დადებითი შეფასება მისცა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყინულის მოედნის პროექტირებისას საერთაშორისო ფედერაცია სპორტის სამინისტროს ტექნიკურ კონსულტაციას გაუწევს და მოცემულ პროცესში მონაწილეობის მიღება ასევე ეთხოვება ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციას, რომ მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ყინულის ჰოკეის სახეობაში ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო ღონისძიებებში (შეჯიბრებები, შეკრებები, სემინარები და სხვ.) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოში ყინულის ჰოკეის სანაკრებო და საკლუბო დონეზე შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე, ყინულის ჰოკეისადმი ინტერესის გაზრდასა და ქართველი სპორტსმენების შესაბამისი სტანდარტის ინვენტარით აღჭურვაზე".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩინებული მიზანდასახულობაა!
მერაბი
13:30 29-09-2022
0
მე იმ თობიდან ვარ, ვისაც ჰოკეი ძალიან უყვარდა და ელოდებოდა ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატებს.ვინ საბჭოთა კავშირს გულშემატკივრობდა, ვინ მის წინააღმდეგ. სსრკ-ს ნამდვილად ყავდა გენიალური ჰოკეისტები, მათ შორის ჩემთვის საყვარელი ანატოლი ფირსოვი. იცით რატომ შემიყვარდა? ერთერთ ინტერვიუში დაწერა: "ჰოკეი თავისი ბრძოლით, ენერგიით, ტექნიკით ყველაზე მეტად ქართველების სულს შეეფერებაო. თუ იქ გუნდს შექმნიანო, კარიერის მერე აუცილებლად წავალ და ვავარჯიშებო". პატარა ბიჭს შემიყვარდებოდა აბა რა იქნებოდა. ისე, ეს ყველაფერი რაგბსაც აქვს! და ვამტკიცებთ კიდევაც, რომ რაგბი ჩვენი თამაშია! იქნებ ჰოკეიც, ა? ვინ იცის?!
alexandre
11:15 14-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული