ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელებიდან სეზონი პირველად ქეთი კუნელაშვილის გუნდმა დაასრულა. თურქეთის ქალთა სუპერლიგაში "არდაშენმა" ბოლო სამი მატჩი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი ქართველის კლუბმა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, უშუალო კონკურენტ "იენიმაჰალესთან" სტუმრად ანგარიშით 36:35 მოგებული მატჩის შემდეგ. ბოლო ტურში კი შინ დაამარცხა "იალიკავაკი" - 35:28. ქართველ ხელბურთელს სეზონის საუკეთესო მატჩი მე-18 ტურში "ფოლატლის" წინააღმდეგ ჰქონდა, რომელთან შეხვედრაშიც 8 გოლი გაიტანა.
ყვარლის სახელბურთო კლუბის აღზრდილმა კუნელაშვილმა შარშანდელი სეზონი ესპანეთში, "გრანოლერსის" ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. 2018 წელს კი პირველ
პროფესიულ კონტრაქტს თურქეთის "არდაშენთან" მოაწერა ხელი. სუპერლიგის 20 შეხვედრიდან ქართველმა უკანახაზელმა 14 მატჩში ითამაშა, 23 გოლი გაიტანა და კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ წინადადებაც მიიღო.
თურქეთის თასის ნახევარფინალში "არდაშენი" ქვეყნის ჩემპიონ "კასტამონუსთან" ნახევარფინალში დამარცხდა (28:29, 25:27), ხოლო ჩემპიონატში დაკავებული მესამე ადგილით მომავალ სეზონში "ჩელენჯ კაპზე" თამაშის უფლება მოიპოვა.
ხელბურთი. თურქეთის სუპერლიგა (ქალები)
საბოლოო ცხრილი
1. კასტამონუ 35 ქულა
2. მურატფაშა 33
3. არდაშენი 31
4. იენიმაჰალე 28
5. უშკუდარი 23
6. იზმირი 19
7. აქსარაი 17
8. ფოლათლი 17
9. იალიკავაკი 11
10. ბურსა 5
11. სამსუნი 1მომზადებულია facebook.com/GEONHF/-ის მიხედვით