თბილისის "ოლიმპიამ" საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველო-აზერბაიჯანის ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის ბოლო ტურში, თბილისის "ოლიმპიამ" 31:14 დაამარცხა ბაქოს "განჯლარ ბირლიი" და შეჯიბრება მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ორი ქვეყნის ერთობლივი ჩემპიონატი ამ სეზონში პირველად გაიმართა 5 აზერბაიჯანული და ერთი ქართული გუნდის მონაწილეობით.

ჩვენს მეზობელ ქვეყანას ქალთა ხელბურთში დიდი ტრადიციები აქვს და ამჟამადაც 3 ძლიერი გუნდი ჰყავს, რომლებშიც ბევრი უცხოელი თამაშობს - რუსები, უკრაინელები, ბელორუსები, მაკედონიელები...

"ოლიმპია" სპეციალურად ამ ტურნირზე სათამაშოდ შეიქმნა და საქართველოს სხვადასხვა ნაკრების ხელბურთელებით დაკომპლექტდა. ძირითად ბირთვს შეადგენდნენ 17-წლამდელთა ნაკრების გოგონები, რომლებსაც 3-10 აგვისტოს, თბილისში ევროპის ჩემპიონატი
აქვთ სათამაშო.

გარდა ამისა, ჩვენს 19-წლამდელთა გუნდს 13-21 ივლისს კლაიპედაში (ლიეტუვა) ევროპის ჩემპიონატი აქვს სათამაშო. "ოლიმპია" სწორედ ამ ორი ნაკრების მოთამაშეებისგან შედგებოდა და დამატებული ჰყავდა ეროვნული გუნდის სამი წევრი, რომლებიც 20 წლის არიან.

"ოლიმპიამ" სამივე თამაში მოუგო აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრებს, რომელიც ტურნირზე "განჯლარ ბირლიის" სახელით გამოდიოდა; თანაბრად გაეყარა აზერბაიჯანის სპორტის აკადემიას (მოგება, ფრე, წაგება); ფავორიტებთან - "აზერიოლთან", "აზერსუსთან" და "ყარაბაღთან" კი დამარცხდა, თუმცა დიდი პრაქტიკა მიიღო ასაკით უფროსი და ძალიან გამოცდილი ქალთა გუნდების წინააღმდეგ თამაშით.

ჩემპიონი გახდა "აზერიოლი", რომელმაც პირად მატჩებში ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა აზერბაიჯანის შარშანდელ ჩემპიონ "აზერსუს", რომელიც აზერბაიჯანის თასის ფინალშიც დაამარცხა და ორივე ტიტული დაისაკუთრა.

მესამე ადგილზე გავიდა "ყარაბაღი", მეოთხეზე - "ოლიმპია", შემდეგ - "იდმან აკადემიასი" და "განჯლარ ბირლიი". "ოლიმპიამ" დაგეგმილი ოცის ნაცვლად 16 მატჩი ითამაშა, რადგანაც სეზონის ბოლოს "ყარაბაღი" თბილისში არ ჩამოვიდა და ცხადია, ორივე მატჩში წაგება ჩაეთვალა. ასევე არ გაიმართა თითო მატჩი "იდმან აკადემიასთან" და "განჯლარ ბირლიისთან".

ქალთა ხელბურთში ახლა შინაური შეჯიბრებების დროა. 5-8 მაისს, თბილისში დასრულდება 17-წლამდელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო 22-23 მაისს აქვე გაიმართება ქალთა ეროვნული პირველობის დასკვნითი სტადია, ფინალური ოთხეული. ამის შემდეგ გოგონათა ორი, 17 და 19-წლამდელთა ნაკრები საბოლოოდ დაკომპლექტდება და განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატებისთვის.

მომზადებულია Handball.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული