5 ივნისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კაცთა შორის 2019 წლის IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია და ნაკრების წარდგენა გამართა.
შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული გუნდი მონაწილეობს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
ტურნირი 8 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დასრულდება. მონაწილეთაგან ექვსი გუნდი ევროპიდანაა. მათთვის ჩემპიონატს დამატებითი მნიშვნელობა აქვს - საუკეთესო ადგილზე გასული ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების პლეი-ოფის ეტაპზე ითამაშებს.
პრესკონფერენცია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ გახსნა.
"ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა. ჩვენთვის
მასში მონაწილეობა და წარმატება ბევრს ნიშნავს. დღეს ქართული ხელბურთი სერიოზული გარღვევის ზღვარზე იმყოფება. ამიტომაც, შედეგს და გულშემატკივრის მოზიდვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
მოგეხსენებათ, ჩვენთვის, როგორც ევროპის ფედერაციის წევრი ნაკრებისთვის, ერთა ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირიც არის და აქ წარმატება ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარებას ძალიან სჭირდება. აგრეთვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაცთა ნაკრებისთვის 2019 წელს ეს შეჯიბრება ბოლო არ არის. შემოდგომაზე ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციაში მოგვიწევს ჩაბმა".
პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა გადაეცა ეროვნული გუნდის სერბ მწვრთნელს, ნიკოლა მაქსიმოვიჩს.
"სამი დღეა აქ ვარ და გუნდი შეკრებაზე მყავს. უნდა აღვნიშნო, რომ მოთამაშეებთან კონტაქტი ადვილად დავამყარე. კმაყოფილი ვარ ბიჭების განწყობით და საქმისადმი დამოკიდებულებით. შეჯიბრებამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე დღე და ამ დღეებში მთელ რიგ დეტალებს გავივლით.
მოწინააღმდეგე გუნდებს ვიცნობთ და თითოეულ მათგანს სერიოზულად ვეკიდებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ შეხვედრას ნიგერიის ნაკრებთან. აგრეთვე, დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის. სპორტის სასახლეში ტრიბუნების მხარდაჭერა გვჭირდება".
საქართველოს ნაკრების კაპიტანი შოთა თევზაძე:
"19 წლიდან ნაკრებში ვარ და ყოველთვის, როდესაც ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მოვემგზავრები, გული განსაკუთრებული გრძნობით მევსება. აქ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ერთა ჩემპიონატს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ თამაშსაც. ახლა მთავარია, დარჩენილ დღეებში არავინ დაშავდეს. ძალიან გვეიმედება გულშემატკივრის".
ზურაბ კაკაბაძე: "ქომაგების აქტიურობა ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება შეჯიბრება. ახლახან ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულზე გახლდით და ვნახე, როგორ რეაგირებდა მაყურებელი გუნდების თამაშზე. როდესაც გუნდი იბრძვის და ინდომებს, გულშემატკივარიც ემოციას ჰყვება. ასე რომ, ბევრი რამ აქაც მოთამაშეებზეა დამოკიდებული".
ბოლოს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მოთამაშეებს შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
"მნიშვნელოვანია, რომ ქართველ გულშემატკივარს გული დარბაზისკენ მოუტრიალდეს. ეს თქვენ უნდა უბიძგოთ მათ გულმხურვალე ქომაგობისკენ. ხელბურთი ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელსაც საქართველოში ბრწყინვალედ თამაშობდნენ. მარტო ჯემალ ცერცვაძის გახსენება რად ღირს. შეუძლებელი იყო, მისი თამაშის სანახავად არ წასულიყავი.
ახლა მე მინდა გკითხოთ, განა თქვენ ვინმე რამეთი გჯობიათ? არა, რასაკვირველია. ამიტომ, გამარჯვებისთვის საჭირო ძალები თქვენს თავში უნდა მოძებნოთ. გარეშე ფაქტორებზე ფიქრი საჭირო არ არის".
ამჟამად, საწვრთნელ შეკრებაზე 21 ხელბურთელია. 14-კაციან შემადგენლობას მწვრთნელები 6 ივნისის ვარჯიშის შემდეგ დაასახელებენ.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 8 ივნისს ნიგერიასთან გამართავს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს 18:00 საათზე ჩაატარებს, გარდა პირველი დღისა. 8 ივნისს ჩვენი ნაკრები ნიგერიასთან შეხვედრას 18:30 საათზე დაიწყებს, რადგან 6 საათზე გახსნის ცერემონიალი ჩატარდება.
ხელბურთი. IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი/ევრო 2022 შესარჩევი
8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია
8 ივნისი
10:00 კოლუმბია - ჩინეთი
12:00 მალტა - ბულგარეთი
14:00 ინდოეთი - აზერბაიჯანი
16:00 კუბა - ბრიტანეთი
18:00 გახსნის ცერემონიალი
18:30 ნიგერია - საქართველო
20:30 აშშ - ირლანდია
9 ივნისი
10:00 კოლუმბია - აზერბაიჯანი
12:00 ჩინეთი - კუბა
14:00 ბრიტანეთი - ინდოეთი
16:00 ბულგარეთი - აშშ
18:00 მალტა - საქართველო
20:00 ირლანდია - ნიგერია
10 ივნისი
10:00 აზერბაიჯანი - ბრიტანეთი
12:00 კოლუმბია - კუბა
14:00 ინდოეთი - ჩინეთი
16:00 აშშ - მალტა
18:00 საქართველო - ირლანდია
20:00 ნიგერია - ბულგარეთი
12 ივნისი
10:00 აზერბაიჯანი - კუბა
12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი
14:00 კოლუმბია - ინდოეთი
16:00 ირნალდია - ბულგარეთი
18:00 საქართველო - აშშ
20:00 მალტა - ნიგერია
13 ივნისი
10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი
12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია
14:00 კუბა - ინდოეთი
16:00 ირლანდია - მალტა
18:00 ბულგარეთი - საქართველო
20:00 აშშ - ნიგერია
15 ივნისი, ნახევარფინალი
10:00 9-12: A5-B6
12:00 9-12: B5-A6
14:00 5-8 A3 - B4
16:00 5-8 B3 - A4
18:00 1-4 A1 - B2
20:00 1-4 B1 - A2
16 ივნისი, ფინალი
10:00 11-12
12:00 9-10
14:00 7-8
16:00 5-6
18:00 3-4
20:00 1-2
საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეი-ოფის საგზურს. პლეი-ოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები კი მთავარ შესარჩევ რაუნდში გავლენ.