საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთში 16-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად ფინეთთან ანგარიშით 21:37 (12:14) დამარცხდა. პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ 24:24 დასრულდა.

საპასუხო მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა არსენაშვილი და მაისურაძე, რის შემდეგაც დაგვრჩა ერთადერთი ხაზის მოთამაშე, მიქავა. ფინელებს გამოაკლდათ ძირითადი მეკარე მაკელა, რომლის ადგილიც კარში როსლანდერმა დაიკავა და მშვენივრადაც ითამაშა, ჩვენი დანაკარგი კი მნიშვნელოვანი გამოდგა.

კარგად დაიწყო თამაში შოთა თევზაძემ - მოიგერია პირველი ორი დარტყმა, ფინელებმა კი მის კარში დანიშნული ორივე შვიდმეტრიანი
ააცილეს. მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ და ჩვენი პირველი გოლი ჩიქოვანმა გაიტანა მე-5 წუთზე, 1:2. ფინეთი პირველ ტაიმში 3 ბურთითაც გავიდა წინ, 12:9, მაგრამ ცხოვრებაძემ და ჭანტურიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ტაიმი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ ბოლო შეტევაში ბურთი დავკარგეთ, მასპინძლებმა კი სწრაფი გარღვევა მოაწყვეს და 14:12 მოიგეს. პირველ ნახევარში თევზაძეს 7 მოგერიება დაუგროვდა, თემო ორჯონიკიძეს კი - 6 გოლი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორივე მარცხენა გარემარბმა თითო ბურთი ააცილა, მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, კუთხეში კბილაშვილი გადაეყვანათ, მიქავა კი ხაზზე წითელიშვილმა შეცვალა (კბილაშვილიც და წითელიშვილიც უკანახაზელები არიან). ასეც დავიწყეთ მეორე ტაიმი.

საწყის 2 წუთში ცხოვრებაძემ და ჩიქოვანმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა თითო ბურთამდე (14:15), მაგრამ შემდეგ მიყოლებით გაგვიძევეს კბილაშვილი, ჩიქოვანი და ორჯონიკიძე. მეტოქემ მაქსიმალურად გამოიყენა მეტობა, ჩვენი გუნდის თამაში კი აქ მოიშალა - ზედიზედ გავუშვით 10 გოლი და 14 წუთის განმავლობაში ვერ გავიტანეთ: 14:25 46-ე წუთზე და თამაში უკვე მეორე შემადგენლობამ დაასრულა - 21:37.

ტურნირმა აჩვენა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდულია უმაღლეს დონეზე სათამაშოდ - სამი ვეტერანით (თევზაძე, 38 წლის; ჭანტურია 37; ჩიქოვანი 30) გუნდის საშუალო ასაკი სულ 24 წელია (მათ გარეშე - 22), ხოლო ჩვენი ორი ხელბურთელი საერთოდ თინეიჯერია - გიორგი ცხოვრებაძეს (18) კიდევ ორი წელი ახალგაზრდულ ნაკრებშიც შეუძლია თამაში, ხოლო ნიკოლოზ კალანდაძე (17) ჯერაც ჭაბუკთა ნაკრების წევრია. ფინეთს კი ჰყავდა ძალიან გამოცდილი გუნდი, რომლის სამი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მონაწილის, რიიჰიმიაენ კოქსის წევრია - სწორედ ამ სამეულმა (ტამინენი, რონბერგი, სიურიალა) გადაწყვიტა მატჩის ბედი თბილისშიც და რიიჰიმიაკიშიც.

ფინეთის გარდა, ადგილი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში დაიცვეს ესტონეთმა და ბელგიამ, რომლებმაც 2-2 მატჩი მოუგეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულებს, ლუქსემბურგსა და კვიპროსს.

ერთი წლის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის მომდევნო, 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ისევ პირველი რაუნდიდან დაიწყებს.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, "კოქს არენა". საპასუხო მატჩი (პირველი 24:24)

ფინეთი - საქართველო 37:21


ფინეთი: როსლანდერი, ლაიტინენი - რონბერგი 8, შომანი 7, ჰელანდერი 6, ტამინენი 5, ფორსი 2, მ. გრანლუნდი 2, მარტინი 2, საკინენი 2, კილსტედტი 1, სიურიალა 1, სუნდბერგი 1, კოლიონენი, რ. გრანლუნდი, ჰელაკოსკი

საქ: თევზაძე, ცინცაძე - ორჯონიკიძე 7, ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 4, დიხამინჯია 2, ჭანტურია 1, რუსტამოვი, წითელიშვილი, მიქავა, კბილაშვილი, აბრამიშვილი, კალანდაძე, გოგოლაძე

მსაჯები: ფლორიან ჰოფერი, ანდრეას შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: ალგის მიკუჩონისი (ლიეტ)

დღესვე: ესტონეთი - ლუქსემბურგი 31:20 (38:33), კვიპროსი - ბელგია 16:31 (7:24)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამაგიეროდ ამ ფედერაციის არაფრის მაქნისი ჩინოვნიკები (მეიფარიანი, არსენიშვილი) არიან კმაყოფილები, მაღალი ხელფასებით, მივლინებებში გაუთავებელი ყიალით, საკუთარი შვილების ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებით და მათთვის საკლუბო კარიერის, მომავლის შენებით!
ზურა
13:05 20-01-2020
1
ქართველებო, აქაც სუნი დააყენეთ?
ვაჟა ზაზაევიჩი
11:37 20-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული