გიორგი ცხოვრებაძემ ცნობილ გერმანულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
გიორგი ცხოვრებაძე კარიერას "გუმერსბახში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ავრცელებს:

"22 წლის ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას გერმანულ კლუბ VFL Gummersbach-ში განაგრძობს. მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

"გიორგი საოცარი მოთამაშეა, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა თავისი ათლეტურობითა და ტექნიკით. ჩვენ მას დიდი ხანია ვაკვირდებით და გვიხარია, რომ ისეთი მოთამაშე გავიფორმეთ, რომლის სახელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროს ყველამ", - განაცხადა გუნდის მენეჯერმა კრისტოფ შინდლერმა.

"გიორგი გუნდს როგორც ტალანტი და ამბიციური მოთამაშე ძალიან გააძლიერებს. იგი საოცარი მოთამაშეა. მას
კარგად შეუძლია თამაშის გამწვავება და ძალიან მაღალი ნახტომი აქვს. ჩვენ მისგან ძალიან ბევრს ველით", - აცხადებს გუნდის მთავარი მწვრთნელი და ხელბურთის ლეგენდა გუდიონ ვალურ სიგურსონი.

"გუმერსბახში" თამაში ბევრი მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველ რიგში ამ კლუბს უდიდესი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, შესაბამისად ჩემთვის დიდი პატივია ამ მაისურის მორგება. გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და აქვს შანსი, რომ ბევრ წარმატებას მიაღწიოს ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩემპიონატში. მიხარია, რომ ცხოვრების მნიშვნელოვან მონაკვეთს აქ გავატარებ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ერთად წარმატებული სეზონები გვქონდეს", - გიორგი ცხოვრებაძე.

"გუმერსბახი" ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია (25-ზე მეტი გერმანული ან საერთაშორისო ტიტული). გუნდი ბუნდესლიგის 12-გზის ჩემპიონია, ხოლო გერმანიის თასი 5-ჯერ აქვს გუნდს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხოვრებაძე ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც ევროპამ გაიცნო და იგი "მონპელიეს" აკადემიას შეუერთდა. 2021-22 წლების სეზონში იგი განათხოვრებული იყო EHF თასის მონაწილე გუნდ Pfadi Winterthur-ში და რეგულარულად იყო გუნდის ძირითადში "მონპელიეში" დაბრუნებამდე. გიორგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში უნგრეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვაპოვებინა და გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა. გარდა ამისა, იგი საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირად დასახელდა - 42 გოლით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი ბიჭია! წარმატებები!
BOSS
19:00 16-05-2023
0
ეს უკვე სერიოზული წინ სვლაა
გიგი
21:33 16-05-2023
0

სიახლეები პოპულარული