კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ ერანოსიანი და ნაკრების მწვრთნელი ლაშა დუნდუა
გერმანულ ჰამბურგში, რომელიც მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, 29 აგვისტოს მეოთხედფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი მსოფლიოს 2015 წლის ბრინჯაოსპრიზიორს, აზიური თამაშების 2017 წლის გამარჯვებულსა და 2015 წლის მესამეადგილოსან უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს დაუპირისპირდა. აზიელი ამ ჩემპიონატზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველი რაუნდი, ფაქტობრივად, თანაბარ ბრძოლაში გაილია, მეორე რაუნდის პირველი წამებიდანვე ჩვენი მოკრივის უპირატესობა აშკარა გახდა და გამარჯვების შანსი მას საფინალო გონგამდე ხელიდან არ გაუშვია.

"უზომოდ გახარებული ვარ, -  გვითხრა გუშინ ოთარ ერანოსიანმა, რომელსაც ორთაბრძოლის შემდეგ ჰამბურგში დავუკავშირდით. - კარიერის განმავლობაში ასეთი წარმატებისთვის არასდროს მიმიღწევია - უფროსებში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი გავინაღდე, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვაპირებ.

აბდურაიმოვი ძალიან ძლიერი მოკრივეა, ტექნიკურად და ფიზიკურადაც კარგად მომზადებული. ის წონის ერთ-ერთი ფავორიტია. ამ შეჯიბრებისთვის მეც კარგად მოვემზადე.

ამის მიუხედავად, პირველ რაუნდში მაინც შებოჭილად ვგრძნობდი თავს. ეტყობა, მეტოქის ავტორიტეტმაც იმოქმედა. მისი დარტყმების ძალა რომ შევიგრძენი, მერე გავთამამდი და ორი რაუნდი წმინდად მოვიგე. მართალია, ორთაბრძოლის დამთავრებამდე 35 წამით ადრე მორიგი შეტევისას აბდურაიმოვის თავი მომხვდა და წარბი გამისკდა, მაგრამ მწვრთნელებმა მალევე შემიჩერეს სისხლდენა და პაექრობაც მაჟორულ ნოტზე დავასრულე.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ქომაგები არ გავაწბილე".

"დღეს ქართული კრივისთვისაც დიდი დღეა, - ჩაერია საუბარში საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რომელმაც ის-ის იყო, დარბაზიდან გამოსულ შეგირდს წარმატება მიულოცა. - პირველ სექტემბერს კუბელს ვხვდებით ნახევარფინალში და ვეცდებით, ის ორთაბრძოლაც წარმატებით დავაგვირგვინოთ".

26 წლის კუბელი მოკრივე ლასარო ხორხე ალვარეს ესტრადა ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. არც არის გასაკვირი: იგი 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორი, მსოფლიოს სამგზის (2011, 2013, 2015) ჩემპიონი და პანამერიკული თამაშების ორგზის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ ერანოსიანმა სტარტზე ყაზახ ადილეტ კურმეტოვს სძლია, მერვედფინალში შივა ტაპა (ინდოეთი) არ გამოუცხადდა. მეოთხედფინალურ პაექრობაზე კი ზემოთ მოგახსენეთ.

დღეს და ხვალ მოკრივეები დაისვენებენ. პირველ სექტემბერს ნახევარფინალური პაექრობები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან სასიხარულო და საამაყო მიღწევაა! ბრინჯაოს მედალი დიდი მიღწევაა! გილოცავ ოთარ და მსოფლიო ჩემპიონობას გისურვებ! ლავეს ახპერ ლავეს!
beso
11:41 30-08-2017
0
ყოჩაღ ოთარს- მსოფლიო ჩემპიონები გვინდა კრივში!

ადმინ-მოგვაწოდე ბმული,რომ ვუყუროთ,რ ა ტ ო მ არ აქცევთ კრივს სათანადო ყურადღებას?!
კრივიც პოპულარული უნდა გახდეს,არანაკლებ ჭიდაობის სახეობებთან,
მასზე გვჭირდება ინფორმაციები და დაწვრილებითიც კი მიმოხილვები- პ ო პ უ ლ ა რ ი ზ ა ც ი ა!
glaxuna
11:51 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული