WBO, IBF, WBA-ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა შესაძლოა WBC-ვერსიით მსოფლიო ჩემპიონ დიონტეი უაილდერის წინააღმდეგ დადგეს რინგზე.
როგორც ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, ვაილდერთან ბრძოლა წლის ბოლოს არის მოსალოდნელი.
"იმედი მაქვს, ეს ბრძოლა ნოემბერში ან დეკემბერში გაიმართება. ჯოშუა რინგზე პირველ ივნისს გავა, შემდეგ კი, წლის ბოლოს კიდევ ერთ ბრძოლას გამართავს. სწორედ ამ დროს გვსურს დაპირისპირება უაილდერთან. ეს ერთადერთი ჩხუბია, რომელიც ორივე მხარეს დააინტერესებს, თუმცა ჯერჯერობით უაილდერის ბანაკიდან ხმები არ გვესმის.
არსებული ვითარება ენტონის მოტივაციას უკარგავს. ჯოშუას ბრძოლების გამართვა უნდა, თუმცა ძალიან
ძნელია მოწინააღმდეგის პოვნა.
ცოტა ხნის წინ ალეკსანდრ უსიკმა მიიღო ტრავმა და ამ ეტაპზე ბრძოლა არ შეუძლია. თუმცა, იქნებ დეკემბერში მოახერხოს ჩხუბი და ერთ-ერთი ვარიანტი ის არის. შესაძლოა, ჯოშუას მოწინააღმდეგედ დილიან უაითის კადიდატურაც განვიხილოთ. ასევე გვაქვს არჩევანის საშუალება ტაისონ ფიურისა და კურბატ პულიევს შორის. მოკლედ, ყველაფერია შესაძლებელი" - გადმოსცემს ჰირნის სიტყვებს Sky Sports-ი.
რეალურად, საკმაოდ მცირეა შანსი, რომ უაილდერსა და ჯოშუას შორის გაიმართოს ბრძოლა. ალბათ, ორივე მხარე ეცდება ჩხუბის მაქსიმალურად გადადებას მაქსიმალური მოგების მიღებისთვის.
რაც უფრო მეტ მოწინააღმდეგეს დაამარცხებენ უაილდერი და ჯოშუა, მით მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით. თუმცა გასათვალისწინებელია ასაკიც. 33 წლის უაილდერი ჯოშუაზე 4 წლით უფროსია და ძალიან დიდი ხნით ბრძოლის გადადება არ უნდა აწყობდეს.