ციხეში გატარებული ნებისმიერი პერიოდი ურთულესია, თუნდაც რამდენიმე კვირა და თუნდაც მთავარი გმირი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე იყოს. დიახ, რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერის ციხეში გატარებული დრო მას ჩვეულებრივ ჯოჯოხეთად ექცა.
2012 წელს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ფლოიდს 90 დღით თავისუფლება აღუკვეთეს, თუმცა ის მხოლოდ 60 დღე იჯდა ციხეში. ეს პერიოდიც კი მისთვის ურთულესი გამოცდა აღმოჩნდა.
ბრიტანულმა The Sun-მა მეივეზერის ციხეში გატარებული დღეების ექსკლუზიური მასალა მოიპოვა, გაესაუბრა ციხის თანამშრომლებს და საკმაოდ საინტერესო მოვლენები აღმოაჩინა. ერთ-ერთ აღწერაში ნათქვამია, რომ მოკრივეს არ ჰყოფნიდა თავისუფალი
დრო:
"კვირაში 7 დღე მაქვს და აქედან მხოლოდ 5 საათი მაქვს თავისუფალი დრო. ეს უსამართლობაა. მჭირდება მეტი დრო კამერის გარეთ. უკვე მესამედ ვთხოვ, რომ სხვაგან გადამიყვანონ. გავხდი და სტრესი მაქვს. ვერ ვმუშაობ. ეს ჩემთვის ჯოჯოხეთია."
ფლოიდი ხშირად ჩიოდა, რომ მკერდის არეში მოტეხილი ნეკნის გამო ტკივილი ჰქონდა, თუმცა ციხის ექიმმა დაასკვნა, რომ სერიოზული არაფერი აწუხებდა. ფლოიდი ექიმის ვერდიქტით უკმაყოფილო იყო და მას სასამართლოთი დაემუქრა.
ამასთან, მოკრივე უკმაყოფილო იყო ციხის დაცვით. ერთ-ერთი ოფიცერი წერდა შემდეგს:
"როცა მის საკანს მივუახლოვდი, რომ გამეგო, რა პრობლემები ჰქონდა, მან განაცხადა, რომ ჩემი მხრიდან ნეგატივს გრძნობდა. მან მითხრა, რომ არ მოვწონდი. ავუხსენი, რომ არანაირი პრეტენზია მისადმი არ მქონდა და მე უბრალოდ ციხის შიდაპოლიტიკის აღმასრულებელი პირი ვიყავი. მან თვალებში შემომხედა და მითხრა, რომ ციხიდან როცა გამოვიდოდა, არ დავავიწყდებოდი. შემდეგ ვკითხე, იყო თუ არა ეს მუქარა. მან მიპასუხა: "მე არ მითქვამს, რომ ტკივილის მოყენებას ვაპირებ შენთვის".
ანგარიშში ასევე წერია, რომ ფლოიდი გათავისუფლების მიღებას აქტიურად ცდილობდა, რამდენადაც კვება საკმარისად კარგი არ იყო.
თუმცა მოკრივე მალე გამოერკვა, როგორ უნდა გაეუმჯობესებინა სიტუაცია და უსაფრთხოება - მან დაიქირავა დაცვა. ამის შესახებ ერთ-ერთმა მცველმა ისაუბრა:
"წუხელ ღამით, როცა ბრალდებული მეივეზერი თავის თავისუფალ დროს არ გამოცხადდა, ის ბრალდებულ ლოპესს ეუბნებოდა: "თქვენს წიგნებში ვდებ 500 დოლარს. მადლობა მხარდაჭერისთვის."
მოკრივე ციხიდან 60 დღის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ამ არცთუ ისე დიდმა მონაკვეთმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.