პროფესიონალური კრივის კიდევ ერთი ღონისძიება თბილისში!

AutoSharing Option
Boxing Group Promotion-ისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში გამორჩეული ქართველი მებრძოლები მიიღებენ მონაწილეობას.

გულშემატკივრები ერთ-ერთ საუკეთესო ჯახს 56 კგ წონაში ხვიჩა გიგოლაშვილისა და ედგარ სარქისიანის დაპირისპირებაში ელიან!

6-რაუნდიანი შერკინებისთვის მოკრივეები განსაკუთრებულად ემზადებიან და Boxing Group Promotion-ის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას კრივის ქომაგებს თავდაუზოგავ ბრძოლასა და სანახაობას ჰპირდებიან.

მხოლოდ გამარჯვებას ისახავს მიზნად ხვიჩა გიგოლაშვილი, რომელსაც გულშემატკივრები „ქართველი მაკგრეგორის“ მეტსახელითაც იცნობენ: "ყველაფერი კარგადაა. 5 თვეა არ მიჩხუბია, თუმცა ყოველდღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, საკმაოდ რთულ და მომქანცველ ვარჯიშებს ვაკეთებდი. ახლა შედარებით მსუბუქად
ვიტვირთები, რომ ბრძოლის დროს გამოფიტული არ ვიყო. საერთო ჯამში, ძალიან კარგ ფორმაში ვარ.

როგორც საკუთარ ძალებში დარწმუნებული მოკრივე, უარს არასოდეს ვამბობ ბრძოლაზე, სადაც უნდა იყოს ის. ამიტომ 2018 წლის მერე საქართველოში არ მიჩხუბია, თუმცა მას შემდეგ ათეულობით ბრძოლა გავმართე საზღვარგარეთ. ახლა გაცილებით მაღალ დონეზე შემიძლია ასპარეზობა, განვვითარდი, როგორც მოკრივე და ამიტომაც საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ძალიან კარგ სანახაობას ვაჩვენებ!

რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, გამოცდილი, ძლიერი და გამორჩეული მებრძოლია. სწორედ ამიტომ, სასიხარულოა ასეთ მეტოქესთან დაპირისპირება. თუმცა, ვფიქრობ, არ გამიჭირდება მისი დამარცხება და ვაპირებ, დროზე ადრე დავამთავრო ბრძოლა!"

არაფრის დათმობას არ აპირებს თბილისელი ედგარ სარქისიანიც: "ძალიან კარგი, დამღლელი, მაგრამ შედეგიანი მოსამზადებელი შეკრებები გავიარე და აქტიურად ვვარჯიშობდი ბოლო 2 თვის განმავლობაში. ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული დაგეგმილ ბრძოლაზე.

ჩემს მეტოქეზე ბევრი რამ მსმენია. მშვენიერი მებრძოლია, რომელიც ძლიერი დარტყმებით გამოირჩევა, თუმცა მეც მშვენიერ ფორმაში ვარ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მის ძლიერ დარტყმებს თავისუფლად მოვიგერიებ და არც უპასუხოდ დავტოვებ.

ქართული კრივის გულშემატკივარი კარგ სანახაობას და ნამდვილი მებრძოლების უშეღავათო შერკინებას უნდა ელოდოს ამ დაპირისპირებიდან. ჩემს პირად ქომაგებს კი ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია მათ გასახარებლად და ბრძოლის ჩემი გამარჯვებით დასასრულებლად!"

30 მაისს გლდანი-ნაძალადევის სპორტულ ცენტრში დაგეგმილი პროფესიონალური კრივის ორთაბრძოლები 12 საათზე დაიწყება, ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი გულშემატკივრებს Boxing Group Promotion-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.

წყარო: Boxing Group Promotion
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული