UFC-ის ექსჩემპიონი 2 წონით კატეგორიაში, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვს პასუხობს. შეგახსენებთ, დაღესტნელმა სოცქსელებში განაცხადა, რომ კონორი "თვითერის" ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია და არა რეალური მებრძოლი. მის მოსაზრებას იზიარებს UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონაში ჯონ ჯონსი.
"არასდროს დაგავიწყდეთ, ვის აქვს მოგებებისა და ნოკაუტების შეფარდების ყველაზე მაღალი პროცენტი. არ დაგავიწყდეთ, ვის აქვს ყველაზე სწრაფი ნოკაუტები არა მხოლოდ UFC-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
მე მოვიგე ყველაზე მეტი ტიტული, დავანოკაუტე ყველაზე ბევრი მოწინააღმდეგე სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
მე ყველა დროის დიდებული ვარ, შეეგუეთ ამას." - დაწერა კონორმა "თვითერზე" და მიამაგრა სტატისტიკაც.