UFC-ის ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი დუბლინში ავტომობილის სახიფათო მართვისთვის დააკავეს. 33 წლის მებრძოლი გუშინ დასავლეთ დუბლინში 200 000 აშშ დოლარის ღირებულების "ბენტლი კონტინენტალ GT"-ით გადაადგილდებოდა, რა დროსაც წესი არაერთხელ დაარღვია. როგორც Irish Independent-ი წერს, დაკავების შემდეგ ძვირად ღირებული ავტომობილი ჩამოართვეს.
2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ლუკანის (დუბლინში არსებული ერთ-ერთი პოლიციის შენობა) განყოფილებაში გადაიყვანეს, მებრძოლს, სავარაუდოდ, გირაოს სანაცვლოდ გამოუშვებენ. ბრალდება ითვალისწინებს 5000 დოლარამდე ჯარიმას ან 6 წლამდე პატიმრობას (ან ორივეს ერთად).
შეგახსენებთ, კონორი ბოლო დროს ირლანდიაში იმყოფება და ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება.
მაკგრეგორის სხვა სამართლებრივი საკითხები
ირლანდიის პოლიციას დაევალა 2018 წლის დეკემბერში მომხდარი ინციდენტის გამოძიება, სადაც თითქოსდა მაკგრეგორმა ქალბატონზე იძალადა. წინასასამართლო სხდომაზე მებრძოლი დამნაშავედ არ ცნეს, ახლა კი კომპეტენტურ ორგანოს დაევალა ყველაფრის გამოძიება, იქნება ეს ფოტოები, მობილურში შენახული ნებისმიერი მასალა, მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ყველაფრის მოძიება, რაც მტკიცებულებად გამოდგება.
შეგახსენებთ, ერთ-ერთი ქალბატონი მაკგრეგორს ბრალს სდებდა, რომ დუბლინის სასტუმროში მასზე იძალადა. თვითონ მებრძოლმა ამ ფაქტზე კომენტარი არაერთხელ გააკეთა და ღიადვე თქვა, რომ ტყუილია.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით