მასში ჩვენგან მხოლოდ ქალები გამოვლენ, რადგან ბიჭების გუნდის წაყვანა არასახარბიელო შედეგების გამო ფედერაციამ იუარა. ეგ კი არა, შერეული გუნდურისთვისაც არ წაიყვანეს თუნდაც ერთი მონაწილე, რადგან შედეგებიდან გამომდინარე, გუნდურის პერსპექტივაც არარეალურად მიიჩნიეს.
მეხიკოში ქალთა ნაკრები ოდნავ გადახალისებული
ამ დუეტს ამჯერად პარტნიორობას საქართველოს ჩემპიონი, ახალგაზრდა ციკო ფუტკარაძე გაუწევს, ვინც ნარიმანიძისა და ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძის შვილია.
დედა-შვილს უკვე ერთად ასპარეზობის გვარიანი სტაჟი დაუგროვდა, მაგრამ ეს დუეტი ამ რანგის პირველობაზე პირველად იასპარეზებს ერთ გუნდში. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ფუტკარაძე არაერთხელ მოგვევლინა ნაკრების ლიდერად - სხვადასხვა შეჯიბრებაში დედაც რამდენჯერმე დაამარცხა და - ქრისტინე ესებუაც.
მეხიკოში 15 ოქტომბერს ოფიციალური ვარჯიში გაიმართება, პირველი საშეჯიბრო დღე კი 16 ოქტომბერია, როცა ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა მხოლოდ ვაჟებში და მძიმე მშვილდში, ოლიმპიურ დისტანციაზე მოასპარეზე ქალები, ანუ ჩვენი სამეული ანალოგიურ შეჯიბრებას 17-ში გამართავს. საბოლოოდ სწორედ იმ დღეს გამოვლინდებიან პლეი-ოფის წყვილები პირად პირველობაში, აგრეთვე გაირკვევიან გუნდური შეჯიბრების მონაწილენი და შერეული წყვილები.
იმავე დღეს, ნაშუადღევს, დაიწყება პლეი-ოფის პაექრობები გუნდურში, რომელიც ნახევარფინალის ჩათვლით ჩატარდება და გამოვლინდებიან ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის წყვილები. ფინალური ასპარეზობები აქაც და უკლებლივ ყველა დისციპლინაში 21-22 ოქტომბერს ჩატარდება.
პირადი პირველობის პლეი-ოფები 18-19 ოქტომბერს გაიმართება, 20-ში კი შერეული წყვილები იასპარეზებენ.
იმედია, ჩვენი ქალები აცტეკების ქვეყანაში წარმატებით გამოვლენ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მათ ამ ტურნირის წინ შეკრება არ გაუვლიათ, სამივე პირად მწვრთნელებთან ერთად ემზადებოდა. არადა, ესებუა ჯერ კიდევ ბათუმში, საერთაშორისო ტურნირის მიმდინარეობისას ამბობდა, რომ შეკრება სჭირდებოდა, თუმცა ნაოლიმპიადევს როგორც სხვა ფედერაციებს, მშვილდოსნობასაც შეუმცირდა ბიუჯეტი. არადა, ოლიმპიადის წინ მათ ლამის ყველა ტურნირის წინ გაიარეს შეკრება, რაც შედეგებსაც დაეტყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"