ისტორიული პროექტი დაიწყო - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ"

AutoSharing Option
მუკუზანი, საფერავი, ქინძმარაული, ციცქა, ტვიში, ქისი, კრახუნა თუ წინანდალი?

ნახევრად ტკბილი წითელი თუ ნახევრად მშრალი თეთრი? ასორტიმენტი მრავალფეროვანია, არჩევანი კი თქვენზეა. თუმცა ამჯერად რჩეული ღვინის შერჩევა არა ვახშამზე დასალევად, არამედ საუკეთესო ქართული ღვინის სახეობების გამოსავლენად მოგიწევთ. მაშ ასე, ისტორიული პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დაიწყო.

მასში მონაწილეობა უკვე 50 000-მდე ადამიანმა მიიღო. "ქართული ღვინის ფესტივალზე", რომელიც 15 ოქტომბერს გაიმართა, ბრმა დეგუსტაციით დაიწყო ხმის მიცემა საუკეთესო ღვინოების გამოსავლენად. ხმის მიცემა ონლაინრეჟიმშიც მიმდინარეობს და გამოკითხვაში მონაწილეობა "კვირის პალიტრის", "ლელოს",
"ავტობილდისა" და "გზის" მკითხველსაც შეუძლია.

"პროექტს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, როგორც საქართველოში, ისე ტურისტებში. ყველას ჩართულობა აუცილებელია, ვინც აფასებს ქართულ კულტურას, ღვინოსა და ჩვენს უძველეს ტრადიციას. ეს სახალხო პროექტია და ყველა ჩვენგანის ვალია, ერთი მხრივ, მონაწილეობა მივიღოთ მასში და ასევე დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შერჩევის პროცესს. სწორედ ეს ღვინოები გახდება ჩვენი ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათი და საპატიო ადგილს დაიკავებს თითოეული ქართველის ოჯახშიც", - განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი საამიშვილი.

მსურველებისთვის სახეობების არჩევის გასამარტივებლად იგეგმება დეგუსტაციები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, კარგად გაეცნონ ღვინის სახეობებს და გამოავლინონ თავიანთი რჩეული ღვინო, რომელსაც შემდეგ პროექტის ფარგლებში მისცემენ ხმას. პროექტი ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი.

ღვინის სახეობების არჩევის შემდეგ ის კომპანიები, რომლებსაც პროექტში ჩართვის სურვილი ექნებათ და გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შესაძლებლობა მიეცემათ, წარადგინონ თავიანთი რჩეული ღვინის სახეობები დეგუსტაციებზე. ღვინის შერჩევა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და კონკრეტულ სახეობებში გამოვლინდებიან საუკეთესო მეღვინეები, რომლებსაც უკვე შეარჩევს პროფესიონალი და გამოცდილი სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

საინტერესოა, რომ 10-ვე ღვინის გამოვლენა ერთდროულად არ მოხდება. კონკრეტულ სახეობებში საუკეთესო მეღვინეები ეტაპობრივად გამოვლინდებიან. ქართული ღვინის გულშემატკივრებს ასევე ეტაპობრივად შეეძლებათ გამარჯვებული ღვინის შეძენა.

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" "პალიტრა მედია" განახორციელებს. ის ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და შესაბამისად, რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს გახდის, უცხოელებს კი შესაძლებლობა ექნებათ,  საუკეთესო ქართული ღვინოები აღმოაჩინონ და დარწმუნდნენ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღვინის სამშობლოს ტიტულს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოცხალი გასინჯავ ღვინოს, აბა მკვდარი ღვინოს სინჯავდეს, ჯერ არ გამიგია :-)
გიორგიპირველი
09:15 28-10-2017
0

სიახლეები პოპულარული