ალექს ვილაპლანი - საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, რომელიც სადისტ მკვლელად იქცა

AutoSharing Option
  • საზარელი პიროვნება, რომლის ბედი ფეხბურთს, ანგარებას, დაუოკებელ ვნებას და სხვების ჩაგვრას უკავშირდება

ჩვენს დროში გმირი და პოპულარული ფეხბურთელები გარიყულები იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ გოლს თავიანთ კარში გაიტანენ ან სახიფათო მომენტს შექმნიან საკუთარ კართან. თუმცა ასეთ რამეს ვერ ვიტყვით ალექსანდრე ვილაპლანის მიმართ.

ჩვენი თხრობის დასაწყისში მხოლოდ ორ ფაქტზე ვისაუბროთ, რომელიც მთლიანად ადასტურებს ზემოთ ნათქვამს:

1930 წლის 13 ივლისი. ნახევარმცველი ალექს ვილაპლანი კაპიტნის სამკლავურით საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში გაუძღვა. მისმა გუნდმა მექსიკა დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

1944 წლის 26 დეკემბერი.
ალექს ვილაპლანი სამშობლოს ღალატისა და მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს.

ანუ სულ რაღაც 14 წელიწადში წარმატებული ფეხბურთელი საზარელ სოციოპათად გადაიქცა, რომელიც საოცარი სიზუსტითა და სისასტიკით გამოირჩეოდა.

დასაწყისი ფეხბურთში
ალექსანდრე ვილაპლანი დაიბადა 1905 წელს, ალჟირში, - იმ ქვეყანაში, რომელიც იმ მომენტში საფრანგეთის ერთ-ერთ მრავალრიცხოვან პროვინციად ითვლებოდა. სწორედ მას ერგო ბედნიერება, საფრანგეთის ნაკრების პირველი ჩრდილოაფრიკელი ფეხბურთელი გამხდარიყო.

16 წლის ასაკში ალექს ვილაპლანი ალჟირიდან საფრანგეთის სამხრეთში მცხოვრებ თავის ბიძასთან გადავიდა. თითქმის იმავე დროს ჭაბუკი ალექსი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის, "სეტის" მოთამაშე გახდა, რომლის მწვრთნელი იმ მომენტში შოტლანდიელი ვიქტორ გიბსონი იყო. მან მაღალ დონეზე შეაფასა ახალგაზრდა ფეხბურთელის პოტენციალი და ვილაპლანმაც საკმაოდ მალე ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლება მიიღო.

იმ დროს საფრანგეთში ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული გუნდები, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მაინც ახერხებდნენ თავიანთი მოთამაშეებისათვის თანხის გადახდას, რაც, ფაქტობრივად, მათ ხელფასს შეადგენდა.

სწორედ ფულმა შეუწყო ხელი იმას, რომ ალექს ვილაპლანმა 1926 წელს "სეტი" დატოვა და "ნიმას" რიგებში აღმოჩნდა, სადაც ფეხბურთელს დიდი თანხა შესთავაზეს. "ნიმში" ვილაპლანისთვის ყველაფერი კარგად აეწყო - მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ფანებსაც ძალიან უყვარდათ. სწორედ მაშინ ვილაპლანი საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და მისი თაობის მოთამაშეებში ყველაზე პარსპექტიულად მიიჩნევდნენ.

საფრანგეთის ნაკრებში ალექსის დებიუტი 1926 წელს შედგა, ბელგიასთან თამაშის დროს, ხოლო 1930 წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ეროვნული ნაკრების კაპიტანიც გახდა. მექსიკასთან ნათამაშები საპრემიერო მატჩი ალექსისათვის, მისი სიტყვების თანახმად, "ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო".

Sportall.Ge

თუმცა უკვე მაშინაც შესამჩნევი იყო, რომ ალექს ვილაპლანის მორალური პრინციპები ეჭვებს იწვევდა - პრესაში აქტიურად იხილავდნენ მის ქცევას, გულშემატკივრებში ხმები დადიოდა ფეხბურთელის ამორალურობაზე. 1929 წელს ალექსი პარიზის "რასინგში" გადავიდა. ამ კლუბმა მიზნად დაისახა, რომ საფრანგეთის ყველაზე წარმატებული და ძლიერი გუნდი გამხდარიყო.

ფრანგულ ფეხბურთში პროფესიონალიზმის აღიარებამდე ჯერ კიდევ სამი წელი რჩებოდა, მაგრამ ალექს ვილაპლანი არ მალავდა, რომ იგი "რასინგში" იმ დროისთვის მაღალ ანაზღაურებას იღებდა. თუმცა დიდ ფულს იგი უაზროდ ხარჯავდა კაბარეებსა და ბარებში, ქეიფებსა და დროსტარებაში, აგრეთვე, დოღში.

1932 წელს ფეხბურთმა საფრანგეთში პროფესიული სტატუსი შეიძინა. ერთ-ერთმა მოკრძალებულმა კლუბმა "ანტიბმა", ისევე, როგორც სამი წლით ადრე "რასინგმა", გადაწყვიტა, მსხვილი გარიგება მოეხდინა და ალექს ვილაპლანი თავის რიგებში გადაიყვანა. იმ დროისთვის საფრანგეთის ჩემპიონატი ორ ზონად იყო გაყოფილი - სამხრეთად და ჩრდილოეთად, რომელთა შორის გამარჯვებულნი უკვე ქვეყნის ჩემპიონის წოდებისთვის ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.

"ანტიბმა" სამხრეთის დივიზიონი მოიგო და გადამწყვეტ მატჩში "ფივას" უნდა შეხვედროდა. სწორედ ამ მომენტში "გასკდა" კორუფციული სკანდალი, რომლის თანახმად, "ანტიბმა" თურმე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მოისყიდა.

რა თქმა უნდა, "ანტიბის" თამაშების შედეგები გაუქმდა, მისმა მწვრთნელმა კი სამუდამო საფეხბურთო დისკვალიფიკაცია მიიღო.

თუმცა კულუარებში ჭორაობდნენ, რომ კორუფციული სქემის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სწორედ "ანტიბელი" ალექს ვილაპლანი იყო, რომელიც თავის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად გარიგებულ მატჩებს პირადის სარგებლის მიღებისთვის აკეთებდა.

1933 წლისათვის ვილაპლანი კლუბის გარეშე დარჩა, მაგრამ მფარველი მაინც იპოვა, "ნიცის" სახით, რომელმაც სულ მალე ინანა გაგდებული ფეხბურთელის თავის რიგებში მიღება. ალექსი ვარჯიშებს აცდენდა, ზოგიერთი მატჩის მსვლელობისას მინდორზე დემონსტრაციულად ჩერდებოდა, თითქოსდა სულაც არ აინტერესებდა, ირგვლივ რა ხდებოდა; რეჟიმს არღვევდა და ასე შემდეგ. მოკლედ, 1934 წელს ვილაპლანი "ნიცადანაც" გააგდეს, რის შედეგად სხვა კლუბების ინტერესმა ამ ფეხბურთელის მიმართ მკვეთრად იკლო.

Sportall.Ge

ერთადერთი გუნდი, რომელმაც ალექს ვილაპლანი კვლავ შეიბრალა და კონტრაქტი დაუდო, "ბასტიდიენი" აღმოჩნდა. ამ კლუბის მწვრთნელი იმ ხანებში ვიქტორ გიბსონი იყო, რომელიც ალექსს ჯერ კიდევ "სეტში" თამაშის დროს იცნობდა.

თუმცა "ბასტიდიენმაც" სამი თვის მერე გააგდო, რადგან კლუბში მოსვლიდან 3 თვის განმავლობაში შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. ამის შემდეგ ალექს ვილაპლანი ფეხბურთისთვის საერთოდ დაკარგულ პიროვნებად იქცა, თუმცა გაზეთების სპორტულ ქრონიკაში მისი სახელი 1935 წელსაც გაკრთა, სადაც იუწყებოდნენ, რომ იგი პარიზში ლაჟვარდოვან ნაპირზე დოღის ორგანიზებისთვის დააპატიმრეს.

ომი
1940 წლის ივნისში პარიზი გერმანელმა ნაცისტებმა დაიპყრეს. ოკუპაციამ ბევრი ადამიანი გააუბედურა, სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, მაგრამ ზოგსაც ახალი შესაძლებლობა მისცა.

დამპყრობლებს დამხმარეები სჭირდებოდათ. ამიტომ ფაშისტები სიამოვნებით ამყარებდნენ კონტაქტებს ადგილობრივ ფრანგ კრიმინალებთან და მარგინალურ ელემენტებთან, რომლებიც ხელს უწყობდნენ ნაცისტებს ფაშისტური რეჟიმის განმტკიცებაში, აგრეთვე მონაწილეობდნენ საფრანგეთის დედაქალაქის ისტორიული სიმდიდრის გაძარცვა-დატაცებაში.



ერთ-ერთი პარიზელი კრიმინალი ანრი ლაფონი გერმანელი ფაშისტებისათვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა. ის გაუნათლებელი ობოლი იყო, რომელიც მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა საკუთარი გამორჩენისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ზოგიერთ ავტორიტეტის მქონე ნაცისტს ლაფონის მოშორება უნდოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ასეთ ნათელ კრიმინალებთან და მარგინალებთან ურთიერთობა არ ღირდა.

თუმცა ანრი ლაფონმა რეჟიმს თავისი ერთგულება დაუმტკიცა, როცა მან ბელგიური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი იპოვა, მოტაცებას ორგანიზება გაუწია და შემდეგ აწამა.

რაც უფრო მეტად იზრდებოდა ანრი ლაფონის გავლენა გერმანელებს შორის, მით უფრო ფართოვდებოდა მისი უფლებამოსილება. კრიმინალმა გადაწყვიტა, პარიზის საპყრობილეებიდან ყოფილი ძმაკაცები გაეთავისუფლებინა, რადგანაც ისინი საკუთარი ავტორიტეტის განსამტკიცებლად სჭირდებოდა. ანრი ლაფონის "მარჯვენა ხელად" იქცა ვინმე პიერ ბონი, რომელიც ერთ დროს პარიზის გავლენიანი პოლიციელი იყო, მაგრამ შემდეგ კორუფციის გამო დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ანრი ლაფონის მარგინალთა კამპანიაში კიდევ ერთი ავტორიტეტული პიროვნება ჩვენთვის კარგად ცნობილი ალექს ვილაპლანი გახდა, რომელიც სათავეში ჩაუდგა ოქროს კონტრაბანდის ორგანიზებას. ამ ბანდის შტაბ-ბინა მდებარეობდა რიუ ლორისტონზე, 93 ნომერში, რომელიც პარიზის ისტორიაში "ფრანგული გესტაპოს" სახელით შევიდა, როგორც ერთ-ერთ საზარელ და საშინელ ადგილად.

ფრანგული გესტაპო
ბანდის წევრების მთავარ მიზანს, ცხადია, საკუთარი თავის გამდიდრება წარმოადგენდა. ამისათვის ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რაც საჭირო იყო და იმავდროულად, არც ნაცისტებისადმი პატივისცემას არ ივიწყებდნენ. მათ არავითარი იდეოლოგიური პრინციპები არ ჰქონდათ, მაგრამ თავიანთი მფარველებისათვის ერთგულება რომ დაემტკიცებინათ, ბანდის წევრები "ეს-ეს"-ის უნიფორმას ატარებდნენ, რეგულარულად ეძებდნენ მესამე რაიხის მტრებს - ებრაელებს და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებს და როცა მათ მიაგნებდნენ, იჭერდნენ და რიუ ლორისტონის 93-ში საწამებლად მიჰყავდათ.

Sportall.Ge

1943 წლისათვის საფრანგეთში წინააღმდეგობის მოძრაობა გაძლიერდა. შესაბამისად, "ფრანგულმა გესტაპომ" მიიღო ბრძანება, მთელი ძალა აჯანყებულთა წინააღმდეგ მიემართა. იმასთან დაკავშირებით, რომ ჰიტლერი არაბულ ენაზე გაზეთს აფინანსებდა, რომელშიც ფიურერი წარმოდგენილი იყო უდიდეს გამათავისუფლებლად ორი ბოროტებისაგან - კოლონიალიზმისა და კომუნიზმისაგან, ანრი ლაფონს თავში იდეა მოუვიდა, რომ იმიგრანტებისა და კოლაბორაციონისტებისაგან სპეციალური ესკადრონი (ქვედანაყოფი) ჩამოეყალიბებინა.

1944 წლის თებერვალში გერმანელებმა ეს იდეა მოიწონეს და ასე შეიქმნა "ჩრდილოაფრიკული ბრიგადა" (BNA - Brigade Nord Africain), რომლის ამოცანას საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის - პერიგორას მტრული ელემენტებისაგან გაწმენდა წარმოადგენდა. ბანდიტთა ჩრდილოაფრიკული ბრიგადის მეთაურად ალექსანდრე ვილაპლანი დანიშნეს, "ეს-ეს"-ის ლეიტენანტის წოდებით.

ალექს ვილაპლანის ქვედანაყოფის მიერ ჩადენილი სასტიკი და გაუგონარი ბოროტებები ძალიან მალე გახდა ცნობილი საფრანგეთში. ბანდიტები არაადამიანურ სისასტიკეს იჩენდნენ.

მაგალითად, 1944 წლის 11 ივნისს სოფელ დორდონში მათ ხელში ჩაიგდეს წინააღმდეგობის მოძრაობის 11 მონაწილე, რომელთა ასაკი 17-დან 21 წლამდე იყო. ისინი ჯერ ერთ ადგილას მოიმწყვდიეს და დახვრიტეს.

მოწმეების შემდგომში მიღებული ჩვენების მიხედვით, ალექს ვილაპლანი არა მარტო ბრძანებებს იძლეოდა, არამედ თვითონაც მონაწილეობდა დახვრეტაში. სხვათა შორის, ექს-ფეხბურთელის მიერ ჩადენილი მხეცობები დოკუმენტურად არის აღწერილი ცნობილი ავტორიტეტული ფრანგი ისტორიკოსის, ფილიპ ავიზის წიგნშიც.

ერთ-ერთ მონაკვეთში ვილაპლანისა და მისი ბანდის ქმედებაა აღწერილი:

"ინფორმაციის მიღების შემდეგ "ფრანგული გესტაპოს" ბანდა, ვილაპლანის მეთაურობით, ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სადაც ებრაელებს მალავდნენ. მათ მთელი სახლი გაჩხრიკეს, რის შემდეგ ალექსი 6 შვილის 59 წლის დედას თმაში სწვდა და დაუყვირა: "სად არიან ებრაელები?". ქალმა პასუხის გაცემა იუარა. გაბრაზებულმა ვილაპლანმა მეზობლის ფერმაში წაათრია და გზაში იარაღის კონდახით სცემდა. იქ მან ქალს აიძულა, ეყურებინა, როგორ სცემდნენ ორ ფერმერს, შემდეგ კი ისინი ცოცხლად დაწვეს და დახვრიტეს. ვილაპლანი კი ამ დროს იცინოდა.

სანამ ფერმერებს აწამებდნენ, "ფრანგული გესტაპოს" სხვა წევრებმა ქალის მიერ შეფარებული ებრაელი ანტუან ბაჰმანი იპოვეს. მას სცემეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს".

ბოროტი "ფეხბურთელის" აღსასრული
"ჩრდილოაფრიკული ბრიგადის" წევრები ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს. ისინი გერმანელ ნაცისტებთან ერთად საშინელ დანაშაულებებს სჩადიოდნენ", - განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ვილაპლანის ბანდის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იხილავდა გერმანელებისაგან პარიზის გათავისუფლების შემდეგ.

"მათი მოსვლის შემდეგ ტკივილი, ცეცხლი და ნანგრევები რჩებოდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ალექს ვილაპლანი პირადად აცლიდა ძვირფასეულობებს მომაკვდავ მსხვერპლთა სხეულებს. ვილაპლანი ამ ადამიანებს შორის იყო და მშვიდად იღიმოდა. შეიძლება ითქვას, რომ სხვისი სიკვდილის მას სიხარულს ანიჭებდა".

მიუხედავად იმისა, რომ Brigade Nord Africain-ის წევრთა რაოდენობა მუდმივად მატულობდა, თვითონ ალექს ვილაპლანმა რაღაც მომენტში გააცნობიერა, რომ გერმანია ვერ მოიგებდა, რის შედეგადაც ექსფეხბურთელმა ისეთი აქციების მოწყობა დაიწყო, რომლებიც მის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს შეარბილებდა: საჯაროდ, ყველას დასანახად, დაჭერილი ადამიანები, დახვრეტის ნაცვლად, გაათავისუფლა. ალექსი ყველანაირად ცდილობდა, ისეთი აურა შექმნილიყო მის ირგვლივ, რომ იგი ფაშისტებთან თითქოსდა მხოლოდ თანამემამულეების გადასარჩენად თანამშრომლობდა.

მაგრამ, როგორც პროკურორმა განაცხადა, ეს წამოწყებაც მისმა გაუმაძღრობამ გააფუჭა.

"ვილაპლანის ფსიქოლოგია განსხვავდებოდა ბანდის სხვა წევრებისგან", - განაცხადა პროკურორმა.

"ის თავად აღიარებდა, რომ ინტრიგანია. მისი საქმის შესწავლის შემდეგ, ვიტყოდი, რომ ის შეუდარებელი გაიძვერაა. მათ შეუძლიათ თავის გარშემო შოუ დადგან. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მსხვერპლმა, რაც თავიდანვე სურდა, იმაზე უარი თქვას. შეიძლება ითქვას, მან შანტაჟის ყველაზე ცუდი ფორმა, ე.წ. იმედის შანტაჟი გამოიყენა.

ერთ-ერთმა მოწმემ მოჰყვა, თუ როგორ მოვიდა მის სოფელში ვილაპლანი გერმანული მანქანით, გერმანულ ფორმაში და ყვირილი დაიწყო: " რა დროში ვცხოვრობთ! ეს საშინელი ეპოქაა! სანამდე მიმიყვანეს მე, ფრანგი ადამიანი, რომ იძულებული ვარ, ჩემივე სოფლებში გერმანულ ფორმაში ვიარო და გერმანულად გელაპარაკოთ! ხედავთ, რა საშინელებებს სჩადიან ეს მხეცები? მაგრამ მათ გამო პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მე მათი პატრონი არ ვარ.

კეთილო ადამიანო, გესმის ეს? მათ შენი მოკვლა უნდოდათ და მიბრძანეს, ეს გავაკეთო, მაგრამ შენი გადარჩენა მინდა და ამით ჩემი სიცოცხლით ვრისკავ. მე უკვე ბევრი ადამიანი გადავარჩინე. უფრო კონკრეტულად კი, 54 ადამიანი და შენ შეგიძლია 55-ე გახდე. მომეცი 400 ათასი ფრანკი და გაგიშვებ, შენ თავისუფალი იქნები".

Sportall.Ge

1944 წლის აგვისტოში, როცა მოკავშირეთა ჯარები საფრანგეთის დედაქალაქს მიუახლოვდნენ, პარიზელები გერმანიის სამხედრო გარნიზონის წინააღმდეგ აჯანყდნენ. საფრანგეთის არმია, რომლის ნახევარს აფრიკის კოლონიებიდან წამოსულები შეადგენდნენ, პარიზში აჯანყებულთა დასახმარებლად და ფაშისტი ოკუპანტებისაგან ქალაქის გასათავისუფლებლად შეიჭრა. ამ დროს იყო ექსცესებიც - მოსახლეობა უსწორდებოდა მათ, ვინც გერმანელებთან თანამშრომლობდა, მაგრამ "ფრანგული გესტაპოს" წევრები ლინჩის წესით არ გაუსამართლებიათ, ისინი დააკავეს და ცივილიზებულად გადასცეს სასამართლოს, კანონის ძალით მათი დასჯის მიზნით.

სასამართლომ ბანდის ყოველ წევრს ერთნაირი განაჩენი გამოუტანა - სიკვდილით დასჯა. 1944 წლის 26 დეკემბერს ალექს ვილაპლანის, ანრი ლაფონის, პიერ ბონის და კიდევ 5 პირწავარდნილი მკვლელ-სადისტის მიმართ გამოტანილი განაჩენი პარიზის გარეუბან ფორტ-დე-მონრუჟში სისრულეში იქნა მოყვანილი - ისინი დახვრიტეს.

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია footballhd-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარ'ქი ერთი ავტორ, ბოროტი ფეხბურთელი, არა? : )) თუ დღევანდელ საფრანგეთს შევხედავთ, დავინახავთ, რო ის მართალი იყო. აქედან უმეტესობა შეთითხნილი ამბავია. ვისაც აზროვნება შეუძლია, მიხვდება ამას. P.S ჩრდილო-აფრიკელი არ იყო, ალჟირში დაბადებული ფრანგი იყო.
ვთპ
20:34 10-04-2023
0
10 000 ქართველი და 3 000 აფხაზი სამარეში მე ჩავაწვინე?

ჯერ ედიკას,მერე კი შიზიკას გასამართლება ჩვენი დასავლელი "ფართნერებისგან" გვაქვს

აკრძალული!!!
აქ კი ედიკას მონაგარს ინტრნეტი და "მაგთი" + კრწანისის რეზიდენცია დარჩათ პრიზად პუტჩისა და სამშობლოს გაყიდვისათვის!!!
05:37 26-01-2019
3

სიახლეები პოპულარული