ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
"ჩაქუჩა" ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება. რატომ უწოდებს ავთანდილ ხურციძე საქართველოს მთავრობას "მოღალატეს", რამდენ კოლუმბიელს მოსცხო "ბებერი მუშტი" და როგორ "გააშავა" საპატიმრო ფერადკანიანებთან გადაღებული ფოტოთი, წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან, რომლიდანაც
ამონარიდებს გთავაზობთ:
- ის ხომ მართალია, რომ ჩხუბში შულაიას დასახმარებლად ჩაერთე?
- როცა "კამერაში" შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა. შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია.
- ორი ქართველი აღმოჩნდით თხუთმეტი კოლუმბიელის წინააღმდეგ. არავინ გეხმარებოდათ?
- ერთი მოლდოველი ბიჭი იყო, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. საშხაპეში სულ სამი განყოფილებაა და 15 კაცი ერთდროულად ბანაობდით-მეთქი? (იცინის)