პირველი Plug-in-ჰიბრიდი და უახლესი ტექნიკა - Lexus-მა ახალი NX წარმოადგინა

AutoSharing Option
ყველაფერი, რაც ახალი Lexus NX-ის შესახებ უნდა იცოდეთ: ავტომობილი ყველა მიმართულებით გაიზარდა და დაიხვეწა. ეს არის იაპონური პრემიუმ-მარკის პირველი მოდელი, რომელიც Plug-in-ჰიბრიდული ვერსიის სახითაც იწარმოება.

Lexus-მა ივნისში NX-ის ახალი, მეორე თაობა წარმოადგინა. წინამორბედ მოდელთან შედარებით, რომელიც 2014 წლიდან იწარმოებოდა (170 000-ზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი), ავტომობილის დეტალებისა და კომპონენტების 95 პროცენტი სრულიად ახალია.

ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაში უდიდესი გამოცდილების დამსახურებით, "ლექსუსმა" ერთ-ერთი ბესტსელერი SUV ტექნოლოგიური თვალსაზრისით ახალ საფეხურზე აიყვანა, ვიზუალურად კი კიდევ უფრო მეტად დახვეწა. ტოპ-ვერსია NX 450h+, მიუხედავად 306 ცხენისძალიანი სიმძლავრისა,
შთამბეჭდავად ეკონომიურია და 100 კილომეტრზე საშუალოდ 3 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მას ელექტროსვლით 63 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. ამასთან, ახალმა NX-მა მულტიმედიისა და უსაფრთხოების უახლესი ტექნიკაც მიიღო.

დიზაინის ევოლუცია

Sportall.Ge

ახალი მოდელი კიდევ უფრო დინამიკურად გამოიყურება და ათლეტური პროპორციებით გამოირჩევა. ავტომობილის ვიზუალზე დიზაინერებმა ინჟინრებთან ერთად იმუშავეს - მათი მიზანი NX-ის ფუნქციური სილამაზის კიდევ უფრო გათანამედროვეობა და განვითარება იყო.

"ახალი Lexus NX ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის მრავალფეროვან ცხოვრების სტილს ერგება. ჩვენ ვიმუშავეთ მის მთავარ ძლიერ მხარეებზე - ელექტრიფიცირებაზე, დიზაინზე, დინამიკასა და უახლეს ტექნოლოგიებზე", - განაცხადა პრეზენტაციაზე "ლექსუსის" შეფდიზაინერმა ტაკეაკი კატომ.

განსაკუთრებული აეროდინამიკა

NX-ის ზომები ყველა მიმართულებით გაიზარდა: სიგრძესა და სიგანეში 20, სიმაღლეში 5, ხოლო თვლების ბაზის თვალსაზრისით კი - 30 მილიმეტრით. პირველი თაობის NX-თან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია რადიატორის ცხაურის ზომაც, რომელიც ახლა უფრო ვერტიკალურია და ავტომობილის წინა ნაწილს ვიზუალურად კიდევ უფრო მაღალს აჩენს. ახალ NX-ში დისკის მაქსიმალური ზომა 20 დუიმია.

აეროდინამიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიახლე ავტომობილის ქვეშაა "დამალული“: ეს არის ძრავის ახალი ქვედა დამცავი, რომელსაც გოლფის ბურთის მსგავსი ზედაპირი აქვს. გოლფის ბურთის შემთხვევაში ასეთი ე.წ. ღრმულები ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს. იდენტური მისია აკისრია Lexus NX-ის ძრავის ქვედა დამცავსაც, რომლის ჩაზნექილი ფოსოების მეშვეობით ავტომობილის აეროდინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ამით Lexus აგრძელებს ტრადიციას, გააოცოს მომხმარებელი ისეთი ახალი დეტალებით, რომლებიც ბევრისთვის უხილავი და შეუმჩნეველია.

უახლესი მულტიმედია

ახალი Lexus NX სერიულად აღჭურვილია 9,8-დუიმიანი ეკრანით (დაახლოებით 25 სანტიმეტრი), დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია 14-დუიმიანი მონიტორიც (35,6 სანტიმეტრი). აღსანიშნავია, რომ მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პროცესორი ახლა 3,6-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის NX-ში. გასართობ-საინფორმაციო სისტემას აქვს როგორც Android Auto-ს, ისე Apple Carplay-ს მხარდაჭერა. ავტომობილის ინტერიერის წინა და უკანა ნაწილში შეხვდებით 2-2 USB-პორტს, რომელთაგან სამი უკვე USB-C-სტანდარტს შეესაბამება.

მუდმივად სერიულია იმის შესაძლებლობა, რომ ახალი NX-ის რამდენიმე ფუნქცია Lexus-Link-App-ის მეშვეობით გამოიყენოთ - მაგალითად, ავტომობილის ინტერიერის წინასწარ გათბობა ან გაგრილება.

მრბოლელების ჩართულობით გაუმჯობესებული დინამიკა

იმისათვის, რომ ავტომობილის სვლის დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესებულიყო და სრულიად ახალი საფეხურისთვის მიეღწია, "ლექსუსმა" სავალი ნაწილის, მოხვევის სისტემისა და მუხრუჭების მოდიფიკაციაზე მუშაობის პროცესში პირველად ჩართო პროფესიონალი ავტომრბოლელები. სერიული წარმოების დაწყებამდე ისინი ახალი Lexus NX-ის პირველ ეგზემპლარებს ტოკიოდან 100 კილომეტრში მდებარე შიმოიამას სარბოლო ტრეკზე ტესტავდნენ, რის შემდეგაც ინჟინრებს გარკვეული რეკომენდაციები და რჩევები მისცეს. ავტომობილის წინა ფრთა და კაპოტი ალუმინისაა.

უახლესი ასისტენტ-სისტემები

ახალ Lexus NX-ში განსაკუთრებული სიახლეა უსაფრთხოების ასისტენტ-სისტემების (Safety-System+) მესამე თაობის პაკეტი. ტექნიკა ახლა უკვე მოტოციკლებს და ხეებსაც აღიქვამს. ავტომობილს შეუძლია, შენიშნოს საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი ავტომობილები, ასევე ქვეითები და იმოქმედოს შესაბამისად. აღქმის სენსორული სისტემა ახლა გაცილებით სწრაფად მუშაობს, ვიდრე წინა თაობის NX-ში, ხოლო მოხვევის ახალი ასისტენტი კი მძღოლს აუცილებელი მანევრის დროს ეხმარება.

Lexus-ის უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნიკას ახლა 36 პროცენტით მეტი საშიში სიტუაციის წინასწარ აღქმა შეუძლია. გარდა ამისა, კიდევ უფრო დაიხვეწა ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლის (ACC) მუშაობის სპეციფიკაც, რაც, მაგალითად, მოსახვევების უფრო თანაბარზომიერად გავლაში გამოიხატება. გაუმჯობესდა საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემაც.

კარის ელექტრომექანიკური გახსნის სისტემა ე.წ. მკვდარი ზონის ასისტენტთან ერთად მუშაობს. თუკი ახალ Lexus NX-ს უკნიდან ველოსიპედისტი ან ნებისმიერი რამ უახლოვდება, კარი ჩაკეტილი რჩება, სისტემა კი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ვიზუალური და აკუსტიკური სიგნალით გვაფრთხილებს. უსაფრთხოების უახლესი სისტემების ერთობლიობა ჯამში 95 პროცენტით ამცირებს ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც კარის სარისკო გაღებასთანაა დაკავშირებული.

უსაფრთხოების სისტემების მაღალ კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია კურსის შეცვლის ავტომატური ასისტენტი და გზაჯვარედინის ასისტენტი. ასევე გაუმჯობესდა Lexus NX-ის პარკირების ასისტენტიც, რომელიც მძღოლის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ პარკირების პოზიციას იმახსოვრებს და ცდილობს, რომ ავტომობილის მომდევნო დაპარკინგებისას გაიმეოროს.

Plug-in-ჰიბრიდი, როგორც ტოპ-მოდელი

ახალი NX-ის ტოპმოდელი Lexus-ის პირველი Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაა (450h+). ამ შემთხვევაში ბენზინის 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა ელექტრომოტორთან ერთად მუშაობს, სისტემური სიმძლავრე კი 306 ცხენის ძალაა. დამუხტვადი ლითიუმ-იონური ელემენტის ტევადობა 18,1 კვ.სთ-ია.

NX-ის ამ ვერსიას ელექტროსვლით 63 კილომეტრის გავლა შეუძლია - მაქსიმუმ 135 კმ/სთ სისწრაფით, ხოლო ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 6 წამზე ოდნავ მეტ დროში ახერხებს. საწვავის ხარჯი საშუალოდ 100 კილომეტრზე 3 ლიტრზე ნაკლებია (WLTP-ის სტანდარტით).

აღსანიშნავია, რომ ელემენტის დამუხტვის სისტემა არ ახდენს გავლენას საბარგულის მოცულობასა და ზოგადად, ავტომობილის ტევადობაზე. ზუსტად ისე, როგორც NX 350h-ის შემთხვევაში (Plug-in-სისტემის გარეშე), ტოპმოდელის საბარგულის მოცულობაც 500 ლიტრია, საწვავის ავზის მოცულობა კი - 55 ლიტრი.

"ლექსუსი" Plug-in-სისტემის გარეშე ხელმისაწვდომ ჰიბრიდულ ვერსიას NX 350h-ს უწოდებს. წინა თაობის მოდელთან შედარებით, მისი სიმძლავრე 22 პროცენტით, 242 ცხენის ძალამდე გაიზარდა. Lexus NX 350h ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სისწრაფეს 7,7 წამში ავითარებს, რაც აჩქარების 15 პროცენტით გაუმჯობესებას ნიშნავს. მიუხედავად სიმძლავრის გაზრდისა და აჩქარების გაუმჯობესებისა, გამონაბოლქვი დაახლოებით 10 პროცენტითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი Lexus NX გარემოს კიდევ უფრო ნაკლებად აბინძურებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე ხელმისაწვდომია ახალი NX-ის არაჰიბრიდული, მხოლოდ შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ვერსიები - NX 250 (2,5-ლიტრიანი ძრავა, 199 ცხენის ძალა) და NX 350 (2,4 Turbo, 279 ცხენის ძალა).

Lexus NX-ის ჰიბრიდული მოდელები უსაფეხურო ავტომატური გადაცემათა კოლოფით იწარმოება. Plug-in-ჰიბრიდული ვერსია NX 450h+ ყოველთვის სრული ამძრავითაა (4x4) ხელმისაწვდომი, 350h-ის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს წინა ან სრულამძრავიანი სისტემა.

ახალი თაობის Lexus NX შეკვეთას ქართველი მომხმარებლები 2021 წლის მე-3 კვარტლიდან შეძლებენ. ხელმისაწვდომი მოდელებისა და აღჭურვილობის, ასევე ფასების და მოწოდების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ "ლექსუს თბილისს".

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული