18:20 23-04-2018
ექსკლუზივი. მერაბ დვალიშვილი: ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე გამეძლო
AutoSharing Option
წაგების მიუხედავად, UFC-მ (მებრძოლთა აბსოლუტური ჩემპიონატი) დვალიშვილი 21 აპრილის ღამის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა და ბონუსად 50 000 დოლარითაც დააჯილდოვა.
UFC Fight Night-ის ეგიდით ატლანტიკ სიტიში გამართული ორთაბრძოლის უმეტესი ნაწილი 27 წლის ქართველის უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მესამე რაუნდის მიწურულს საიმონმა, რომელიც UFC-ში სადებიუტო ბრძოლას ატარებდა, მერაბი ე.წ. გილიოტინაზე დაიჭირა და განძრევის შესაძლებლობა მოუსპო.
დვალიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი თითქმის ერთი წუთი ბოლომდე გაუძლო მახრჩობელა ილეთს და დანებების შესახებ არც ხელის მოძრაობით უნიშნებია, თუმცა, არბიტრებმა მიიჩნიეს, რომ ქართველმა გონება რაუნდის დასრულებამდე დაკარგა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს.
დასანანი მარცხის მიუხედავად, მერაბ დვალიშვილმა არამხოლოდ მაყურებლის, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ასოციაციის ბოსების პატივისცემა და ფინანსური წახალისებაც დაიმსახურა.
მეორე დღეს ქართველმა მებრძოლმა თქვა, რომ საიმონთან რემატჩი აუცილებლად გაიმართება, მერე კი Sportall.ge-საც ელაპარაკა:
- უპირატესობა სამივე რაუნდის განმავლობაში მქონდა და ორთაბრძოლის რიტმსაც ვაკონტროლებდი, მაგრამ ბოლო რაუნდის მიწურულს, გადავწყვიტე, მეტოქე ჩოქბჯენში გადამეყვანა და მატჩი მშვიდად დამესრულებინა გამარჯვებით.
სამწუხაროდ, გდების გაკეთებისას, თავი მეც დავარტყი ტატამს და თავბრუს ხვევასთან ერთად, მკლავებში ძალის გამოცლაც ვიგრძენი... საიმონმა ამით ისარგებლა და მახრჩობელა ილეთი წამოიწყო.
შებოჭვის მიუხედავად, ვიცოდი, რომ თუ გონგამდე დარჩენილ წუთს გავუძლებდი და დანებების ნიშნად ხელს არ დავარტყამდი, გამარჯვება მე დამრჩებოდა. ვეღარ ვსუნთქავდი, ლამის, მართლაც დავკარგე გონება, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე გამეძლო... თანაც, ფეხებს ვამოძრავებდი, რათა მსაჯი მიმეხვედრებინა, რომ გონზე ვიყავი და შეხვედრა დროზე ადრე არ შეეწყვიტა.
- ხომ გაძელი კიდეც...
- როცა რაუნდი დასრულდა და საიმონმა ხელი გამიშვა, ტატამიდან მაშინვე არ ავდექი, თუმცა ფეხებს ვამოძრავებდი, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ გათიშული არ ვიყავი. ამის მიუხედავად, ხანგრძლივი თათბირის შემდეგ მსაჯებმა გადაწყვიტეს - გათიშული იყო, რაკი გათავისუფლების შემდეგ რეაქცია არ ჰქონიაო...
მოგვიანებით, ყველამ აღნიშნა, რომ მსაჯების ასეთი არასწორი გადაწყვეტილება არასდროს უნახავთ... არბიტრების გადაწყვეტილებაზე სპეციალური კომისიაც იმსჯელებს და შედეგს ჩვენც გავასაჩივრებთ. ასე რომ, შესაძლოა, შეხვედრის შედეგი გაუქმდეს და გამარჯვება მე მომაკუთვნონ. თუ არადა, რემატჩი აუცილებლად გაიმართება!
- UFC-ს 50-ათასიანი ბონუსი, გარკვეულწილად, მათი მსაჯების შეცდომის აღიარებაც ხომ არის?
- ყველამ თქვა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო. მაყურებლების და სპეციალისტების გარდა, პირადად მელაპარაკნენ UFC-ის პრეზიდენტი და მენეჯერიც და მწუხარება გამოთქვეს არბიტრების გადაწყვეტილების გამო.
აღიარეს, რომ მსაჯების სერიოზული შეცდომის გამო დავმარცხდი. მართალია, გამარჯვება საიმონს მიაკუთვნეს, მაგრამ ორგანიზატორებმა იმ ღამის გამორჩეულ მებრძოლად დამასახელეს და კუთვნილი ჰონორარის გარდა, დამატებით 50 000 დოლარსაც ჩამირიცხავენ. ჩემ შემდეგ რინგზე გაცილებით ტიტულოვანი და ცნობილი მებრძოლები გავიდნენ, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ბონუსი მხოლოდ მე დავიმსახურე, რაც ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის...
- საბედისწერო შეცდომამდე, საიმონზე გაცილებით აქტიური იყავი, ბრძოლის ვადამდე დასრულებაც შეგეძლო... რატომ ვერ ისარგებლე მეტოქის ნოკდაუნით?
- საიმონის გათიშვა პირველივე რაუნდში შემეძლო, როცა ნოკდაუნში აღმოჩნდა და დაეცა, მაგრამ... წაქცეულმა თავის წინ წამოწევა მოასწრო და მუშტი ავაცდინე, თორემ ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდებოდა! ამის შემდეგაც, სულ მე ვაკონტროლებდი ორთაბრძოლას. ბოლო რაუნდში პარტერში გადაყვანაც დავუპირე, მაგრამ... თავად დავარტყი თავი ტატამს... და საბოლოოდ, ჩემმა დაწყებულმა ილეთმა წამაგებინა.
- "გილიოტინიდან" თავის დაღწევის მინიმალური შანსიც არ გქონია?
- არა, მაგრამ დამარცხებაზე წამითაც არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ თუ ერთ წუთს გავძლებდი, გამარჯვებული ვიყავი. გავუძელი კიდეც, მაგრამ მსაჯებს ჩემი თვალები "არ მოეწონათ" - გათიშულიაო... დროის ამოწურვამდე თუნდაც ერთი წამით ადრე რომ შეეწყვიტათ ორთაბრძოლა, დამარცხებული ვიქნებოდი, მაგრამ ბოლომდე გავძელი. ექიმებმაც მითხრეს - არ ადგეო... რეაქციაც მქონდა, ფეხებსაც ვამოძრავებდი იმის ნიშნად, რომ გათიშული არ ვიყავი. და ვის რა არ მოეწონა, ვერ გეტყვით...
- რიკი საიმონმა რა გითხრა მატჩის შემდეგ?
- ვიცოდი, რომ ძლიერი ხარ, მაგრამ ასეთ ორთაბრძოლას ვერ წარმოვიდგენდი - ძალიან მაგარი მებრძოლი ხარ, მაგარი ჩხუბი აჩვენეო. წარმატებები მისურვა. რიკისთან რემატჩი აუცილებლად იქნება. ალბათ, დაახლოებით ორ თვეში.
- ისე, UFC-ში გამართული პირველი ბრძოლის შემდეგაც ხომ იყავი უკმაყოფილო მსაჯების გადაწყვეტილებით?
- მსაჯებმა მაშინაც დამჩაგრეს, მაგრამ ფრენკი საენსთან ორთაბრძოლისას ჩემი ფიზიკური კონდიციის გამო უფრო დამწყდა გული. არადა, წესით, იმ მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვედროდი, თუმცა ორთაბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ვირუსი შემხვდა და ისე დამასუსტა, საენსთან შეხვედრისთვის "ნახევარი კაცი" დავრჩი.
ნაავადმყოფარს ძალიან გამიჭირდა, პირველივე რაუნდში ცუდად გავხდი და არც მახსოვს, როგორც ჩავამთავრე ორთაბრძოლა. ვიმეორებ - წაგება მსაჯების "დამსახურებაც" არის, მაგრამ ჯანზე რომ ვყოფილიყავი, არბიტრები ისე ვერ დამჩაგრავდნენ, წამეგო... მეტი შემეძლო და ამაზე უფრო მტკივა გული.
- ატლანტიკ სიტის დარბაზში ქართველი ქომაგებიც საკმაოდ იყვნენ. მათზე რას იტყვი?
- ჩემ მხარდასაჭერად მოსული ამდენი ქართველი დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის. ბედნიერებაა, როცა თანამემამულეები იზიარებენ შენს მოლოდინს, სიხარულს, გამარჯვებისკენ სწრაფვას. ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის დროშით გამოდიხარ, ყველას აცნობ შენს სამშობლოს და ამ დროს, შენი თანამემამულეები გვერდით არიან.
ამიტომაც არის სპორტი ყველაზე დიდი პოლიტიკა. მისი დახმარებით ყველაზე უკეთ შეგიძლია წარმოაჩინო შენი ქვეყანა, ოჯახი, კულტურა. მიხარია, როცა ამერიკელები ხედავენ, რომ მარტო არ ვარ!
- ბონუსად მიღებული 50 000 დოლარის წყალობით, მუშაობა აღარ დამჭირდება და შევძლებ, მხოლოდ სპორტზე ვიფიქროო... ბოლო დღეებამდე, ვარჯიშის პარალელურად, სულ მუშაობდი?
- სამ თვეში ექვსი წელი გახდება, რაც აშშ-ში ვცხოვრობ. თავდაპირველად, მოყვარულებში ვჩხუბობდი, პროფესიონალებში გადაბარგების შემდეგაც მიზერულ თანხას მიხდიდნენ, რადგან საბუთები არ მქონდა და ისევე, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც ვმუშაობდი...
პროფესიონალი მებრძოლი ვარ, არც სახელმწიფო მაფინანსებს და არც რომელიმე ფედერაცია. ამიტომ, რაც ჩამოვედი, სულ ვმუშაობდი მშენებლობაზე - დილიდან-საღამომდე, სამსახურის შემდეგ კი - ვვარჯიშობდი. მიზნად UFC-ში ბრძოლა მქონდა და უფლის წყალობით, ეს ოცნებაც ავისრულე.
ჩემთან ერთად, კიდევ რამდენიმე ბიჭი იყო ჩამოსული - ჩემზე წარმატებულები და პერსპექტიულები იყვნენ, მაგრამ... მუშაობის და სპორტის შეთავსება ვერ შეძლეს და ვარჯიშს მალევე დაანებეს თავი. იოლი არც ჩემთვის ყოფილა, მაგრამ უფლის წყალობით, მიზანს მაინც მივაღწიე...
- მუშაობა UFC-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც გიწევდა?
- რაც UFC-ში გადავბარგდი, წესით, აღარ უნდა მემუშავა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც მიწევდა - ავთანდილ ხურციძის ადვოკატისთვის მისაცემი თანხის ნაწილი მე გადავიხადე, ჩემი საბუთების გაკეთებასაც ფული სჭირდებოდა და ა.შ. თავდაპირველად, სანამ აქაურ წეს-კანონებში გავერკვეოდი, საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი მქონდა. ასევე მიწევდა მუშაობა, რათა დამეფარა ყოველდღიური ხარჯი, გადასახადები და ხანდახან, საქართველოშიც გამეგზავნა გარკვეული თანხა...
ასე რომ, ყოველდღე ვმუშაობდი, როგორც ყველა ემიგრანტი და ამავდროულად, აქტიურად ვვარჯიშობდი. მადლობა უფალს, ამიერიდან აღარ მომიწევს მუშაობა. საბუთებიც გავაკეთე... ბუნებრივია, აშშ-ში აქამდეც ლეგალურად ვცხოვრობდი, მაგრამ რადგან უსაბუთოდ ვიყავი, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ვჩხუბობდი...
მოკლედ, ცოტა რთული გზებით ვიარე, მაგრამ მადლობა უფალს, UFC-ში ვარ, სადაც, ორგანიზაციის პრეზიდენტიდან დაწყებული, მებრძოლებით დამთავრებული, ყველა მიცნობს და მაფასებს. ხუთი წელიწადი და ცხრა თვეა, საქრთველოში არ ვყოფილვარ... ახლა აქაურ საქმეებს მოვაგვარებ და ერთ-ორ კვირაში ჩამოვალ მონატრებულ სამშობლოში!
- ბოლოს ავთანდილ ხურციძეზეც ვთქვათ: ივნისში წელიწადი ხდება, რაც ავთო დაკავებულია და წესით, მისი ამბავი ზაფხულის პირველივე თვეში უნდა გადაწყდეს...
- როგორი ხასიათიც აქვს, ისევ ისეთი შემართებით არის და უძლებს უდიდეს განსაცდელს... მართლაც ძალიან დიდი განსაცდელია. მე შეიძლება ვერც გამეძლო იმ ყველაფრისთვის, რაც ავთომ გადაიტანა... ავთო კი მხნედ არის და სჯერა, რომ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.
ცდილობს, ციხეშიც კი ჯანსაღად იკვებოს, რათა ფორმა არ დაკარგოს და რაც მთავარია, ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტია ვარჯიში! 4 ივნისს არის დანიშნული ავთოს სასამართლო, რომელსაც ყველანი იმედიანად ველით!
რატი შელეგია სპეციალურად საიტისთვის
სიახლეები
პოპულარული
-- მე ისეთ მიკერძოება და უსამართლობა მაქვს ნანახი, რომ შეიძლება არც კი დაიჯეროთ! აცადე, ჯერ ჯიდევ ბევრს ვნახავთ!!!