გამოცემა TMZ აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც UFC-ის მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილ ჩემპიონ კონორ მაკგრეგორსა და მის ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის მაიამიში მომხდარი ინციდენტია ასახული.
ვიდეოზე ჩანს, როგორც ართმევს ირლანდიელი სპორტსმენი მამაკაცს მობილურ ტელეფონს, აგდებს ძირს, შემდეგ კი რამდენიმეჯერ აბიჯებს ფეხს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მამაკაცმა დილის 5 საათზე მაკგრეგორს ერთ-ერთ სასტუმროსთან გადაუღო ფოტო, რის შემდეგაც კონორმა მას ტელეფონი წაართვა, დაუმსხვრია და წაიღო.
ამ ინციდენტის გამო პოლიციამ 30 წლის სპორტსმენი საკუთარ სახლში აიყვანა, მოგვიანებით კი 12,500-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მაკგრეგორს ბრალი ძარცვასა და ხულიგნობაში ედება.