ტაეკვონდოს ფედერაციის იურისტი ფოთში მომხდარ დაპირისპირებაზე - დარბაზიდან გაიყვანეს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე და სასტიკად სცემეს

AutoSharing Option
დარბაზიდან გაიყვანეს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე და სასტიკად სცემეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის იურისტმა ტარიელ კიკნაძემ ფოთში ტაეკვონდოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ პირებს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სპორტული ღონისძიების ჩაშლა სურდათ, რისი საშუალებაც არ მისცეს, რასაც მათი მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

„ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის კალენდრის მიხედვით, გაიმართა სამეგრელოს ღია ტურნირი ტაეკვონდოში. მიმდინარეობდა სპორტული ღონისძიება და დარბაზში შემოვიდნენ კონკრეტული პირები, 10-15 კაცი, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიების ჩაშლა განიზრახეს. მათი მოთხოვნა
იყო ასეთი: გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი, თორემ ამ ღონისძიებას ჩავშლითო. ფედერაციის გამგეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი აბულაძე არ დაემორჩილა მათ და გააგრძელეს ღონისძიება. ღონისძიება გაგრძელდა და კიდეც ჩამთავრდა. შემოვიდა დარბაზში ერთ-ერთი კონკრეტული პირი ამ ჯგუფიდან, დარბაზიდან გაიყვანეს აბულაძე - ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი და სასტიკად სცემა რამდენიმე ადამიანმა. ახლა ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

3 პირი, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი აბულაძეს, დააკავა პოლიციამ და მათ მიმართ საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ეს გააკეთეს კონკრეტულმა პირებმა, რომლებსაც ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა აქვთ და არაერთხელ დაწერეს ამაზე საჩივარი, ჩვენ უნდა დავდგეთ, ეგ გადადგესო, თუ არადა, ყველა ღონისძიებას ჩავშლითო. მმართველ რგოლში მოსვლა უნდათ. პრეზიდენტი არჩეულია ყრილობის მიერ და მისი გადაყენება ასე იოლი არ არის“, - განაცხადა იურისტმა.

რაც შეეხება ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეს, იურისტის ინფორმაციით, მას დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ბაბუაძე ფოთშია. ღონისძიებასაც ესწრებოდა, მაგრამ როდესაც თავდასხმა მოხდა, იმ დროისათვის ის იმ ადგილზე არ ყოფილა. მას დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა იურისტმა.

ამასთან, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა ტარიელ კიკნაძის ინფორმაციით, „ექსპერტიზის შემდგომ შესაძლებელია კვალიფიკაცია უფრო შეიცვალოს“.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული