ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა "ფეისბუქით" გავრცელებულ მიმართვაში პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა და სპორტში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და ვდგავართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული ჩვენგანის კეთილგონიერებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, რა დანაკარგებით გავივლით ამ ძნელ გზას და რამდენ ხანში შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას. ამიტომაც, უაღრესად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის წესები და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები. ეს ეხება უკლებლივ ყველა მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, მათ შორის - ჩვენს სპორტსმენებს, რომლებიც
დღეს, სამწუხაროდ, მოკლებულნი არიან სრულფასოვანი წვრთნისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

სპორტი, პირველ ყოვლისა, სწორედ ფიზიკურ აქტივობას, პროფესიული დაოსტატებისთვის აუცილებელ სისტემატურ ვარჯიშს და ტურნირებში რეგულარულ მონაწილეობას გულისხმობს. დღეს კი მთლიანად შეწყვეტილია სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ხანგრძლივი დროით გადავადებულია ყველა ის შეჯიბრება, სადაც ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობა იგეგმებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გადაიდო თვით ოლიმპიური თამაშები - ყველაზე მნიშვნელოვანი მულტისპორტული ასპარეზობა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და ოლიმპიადის მასპინძლებს მოუწიათ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება - თამაშების ერთი წლით გადავადება. არადა, ტოკიო უკვე თითქმის მზად იყო ოლიმპიადის მისაღებად და ამ საქმეს დიდძალი ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსი მოხმარდა. მაგრამ დღეს, საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით, ბევრი რამ თავიდან არის გასააზრებელი, დასაგეგმი და გასაკეთებელი.

მოგეხსენებათ, ოლიმპიური თამაშები თავისი მონუმენტურობით აღემატება არა მხოლოდ ყველა სხვა დიდ სპორტულ შეჯიბრებას, არამედ, ზოგადად, ყველაზე მასშტაბური მნიშვნელობის მოვლენაა დედამიწაზე, რომელშიც ჩართულია მთელი მსოფლიო: 200-ზე მეტი ქვეყანა თავისი სპორტსმენებით, სპორტული ორგანიზაციებით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებით, სპორტის გულშემატკივრებით, მედიასაშუალებებით, მთავრობებით. ოლიმპიურ თამაშებს ემსახურება 200 ათასზე მეტი აკრედიტებული პირი, თვალს ადევნებს მილიარდობით ადამიანი. ოლიმპიური თამაშები ნიშნავს ერთბაშად, ერთ ქალაქში, 17 დღის განმავლობაში მსოფლიოს 50 ჩემპიონატის ჩატარებას, 330 ღონისძიებას 43 სპორტულ ობიექტზე. უამრავ სხვა საკითხზე რომ არაფერი ვთქვათ, თუნდაც ეს ციფრები თვალნათლივ გვაჩვენებს, თუ რა მასშტაბის სირთულეებს უკავშირდება თამაშების გადავადება. თანაც იმ პირობებში, როცა დანამდვილებით არავინ იცის, როდის, რა ვადებში დასრულდება კრიზისი, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთ დრამატულ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს გვიწევს ცხოვრება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, შესაბამისი წესებით და რეგულაციებით. სპორტსმენისთვის მკაცრი რეჟიმის დაცვა, დისციპლინა და წესრიგი ჩვეულებრივი ამბავია, წინააღმდეგობის დაძლევა, სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზების უნარი კი - მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სწორედ სპორტს მოაქვს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაგვეხმარება დღევანდელი პრობლემების დაძლევაში და შესაძლოა, კარგ მაგალითად იქცეს სხვებისათვის.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ისევე, როგორც უმეტესი ორგანიზაციები და დაწესებულებები, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. გასაგები მიზეზების გამო ჩვენი დღის წესრიგი არსებითად შეიცვალა. დროებით შეჩერებულია ძირითადი საოლიმპიადო მოსამზადებელი პროგრამები და დაგეგმილი აქტივობები, თუმცა ვაგრძელებთ სტიპენდიების გაცემას და სახელფასო ვალდებულებების შესრულებას სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს სპორტსმენებთან, ოლიმპიური გუნდის წევრებთან და კანდიდატებთან, მწვრთნელებთან და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან, სეოკ-ის აღმასკომის წევრებთან, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან, ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტთან.

ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ სპორტსმენებს, რომ პირველ რიგში გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, დაიცვან ყველა წესი და რეკომენდაცია, იმავდროულად კი, შეძლებისდაგვარად გააგრძელონ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, შეინარჩუნონ სპორტული ტონუსი და საბრძოლო განწყობა. ამის საუკეთესო მაგალითს იძლევიან ნინო სალუქვაძე, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლუბა გოლოვინა, სალომე ფაჟავა, სანდრო ბაზაძე, გოგიტა არქანია და ჩვენი სხვა სახელოვანი სპორტსმენები.

როცა კრიზისი გაივლის და ამის დრო მოვა, ჩვენ მოგვიწევს აქტიური სპორტული საქმიანობის განახლება, სხვადასხვა შეჯიბრებაში, მათ შორის - ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში ჩაბმა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ დღეს ზუსტად არ ვიცით, ეს დრო როდის დადგება, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ სალიცენზიო ტურნირები 2021 წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, 23 ივლისს კი უშუალოდ ოლიმპიური თამაშები დაიწყება.

ჩვენ ხვალ და ზეგ, როგორც არასდროს, გვჭირდება ახალი, დიდი გამარჯვებები, ნამდვილი სპორტული გმირობის მაგალითები. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ამისთვის საუკეთესო ასპარეზია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული