რას ნიშნავს, იყო გოლფის პროფესიონალი მოთამაშე? - ინტერვიუ "თბილისი ჰილს" გოლფ-კლუბის დირექტორ პაულ პოჰისთან [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენიმე თვეა, კრწანისში, მთავარი გზიდან 15 წუთის სავალზე, გოლფის პროფესიონალური მოედანი გაიხსნა. ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სადაც გოლფი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თბილისის გოლფის მოედანზე თამაში და სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Tbilisi Hills-ის გოლფის კლუბის დირექტორი ესტონელი პროფესიონალი მოთამაშე - პაულ პოჰია, რომელიც საქართველოში ახალი გამოცდილების მისაღებად და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის ჩამოვიდა.

რას ნიშნავს, იყო გოლფის პროფესიონალი მოთამაშე და როგორ შეგვიძლია გოლფის კლუბის წევრები გავხდეთ, ამის შესახებ გოლფის დირექტორს და პროფესიონალ მოთამაშეს ვესაუბრეთ.

Sportall.Ge

- საქართველოსთვის გოლფი მაინც სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად,
ბევრ პროფესიონალ მოთამაშესაც არ ვიცნობთ. როგორ გახდით პროფესიონალი და რას ნიშნავს, იყო გოლფის მოთამაშე?
- გოლფის თამაში 12 წლის წინ დავიწყე. როცა ბავშვი ვიყავი, ესტონეთში მამაჩემმა გოლფის მოედანზე წამიყვანა. როცა მოთამაშეებს ვუყურე, სპორტის ეს სახეობა მაშინვე მომეწონა და მისი შესწავლა დავიწყე. იმ პერიოდში ჩვენ მხოლოდ ერთი გოლფის მოედანი გვქონდა. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი უკავშირდება კარგ გუნდს, მეგობრებს, რომლებიც იქ შევიძინე. ბავშვობიდან საუკეთესო მოგონებები გამომყვა. ჩვენ მოედანზე ყოველდღიურად დავდიოდით. შემდეგ ვარჯიშს დასვენების დღეებსა და არდადეგებზეც კი არ ვაცდენდით.

გოლფამდე ჩოგბურთსა და კალათბურთს ვთამაშობდი. ამიტომ ჩემთვის სპორტის ამ სახეობაში ჩართვა მარტივი აღმოჩნდა. მალევე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი და საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. ვიმოგზაურე მსოფლიოს გარშემო, მქონდა შესაძლებლობა, რომ მოყვარულთა ჩემპიონატებში მეთამაშა, როგორც სამხრეთ აფრიკაში, ისე ავტრალიაში, თუმცა, ძირითადად, ევროპის ტურნირებში ვიღებდი მონაწილეობას.

ჩემი გოლფის მიმართ ინტერესი ამით არ დასრულებულა. ცოდნის გასაღრმავებლად გავემგზავრე აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში და მენეჯმენტი შევისწავლე. მიუხედავად ამისა, არასდროს შემიწყვეტია ვარჯიში და როდესაც მოყვარულის კარიერა დავასრულე, პროფესიონალ მოთამაშედ ვიქეცი.

გოლფის პროფესიონალურად თამაში ესტონეთში საკმაოდ ძვირია. ამასთან, ჩვენთან შეჯიბრებების ნაკლებობაა და მოსამზადებლად, ძირითადად, ესპანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში მივემგზავრებოდი ხოლმე. ვფიქრობ, ჩვენგან განსხვავებით, საქართველოს გოლფისთვის უფრო შესაბამისი გარემო პირობები აქვს, აქ სეზონი დიდხანს გრძელდება. ესტონეთში კი ამინდის გამო შედარებით თბილ ქვეყნებში გვიწევს მოგზაურობა, რათა ვარჯიში არ შევწყვიტოთ.

დაუღალავი ვარჯიშისა და სწავლის შედეგად, თამაში გავაუმჯობესე. ესტონეთის გოლფის საერთაშორისო ფედერაცია გუნდებს ტურნირებზე აგზავნიდა და სწორედ აქედან მივიღე უდიდესი გამოცდილება, როგორც გოლფის პროფესიონალმა მოთამაშემ.

- ახლა, როგორც გოლფის მოთამაშემ, კარიერა დაასრულეთ და საქართველოში სპორტის ამ სახეობაში თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოხვედით?
- რაც გოლფს სპორტის სხვა სახეობებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ჩვენთან არ არის მკვეთრი საზღვრები დაწესებული პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის. მე მწვრთნელის ხარისხი მივიღე ინგლისში, ბირმინგემის უნივერსიტეტში, მაგრამ დღეს აქტიურად აღარ ვასწავლი.

Sportall.Ge

საქართველოში დავაარსე პროგრამა მოყვარულებისა და დამწყებთათვის. მე ესტონეთში დიდი ხნის განმავლობაში ვასწავლიდი. კოლეგასთან ერთად შექმნილი მქონდა სპეციალური პროგრამა, რომლის იმპლემენტაციაც ახლა საქართველოში განვახორციელეთ.

- როგორია თქვენი ხედვა საქართველოში გოლფის განვითარების კუთხით?
- თავდაპირველად, ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც Tbilisi Hills-ის აქციონერია, საქართველოში გოლფის ახალი პროგრამის დაწყება განვიხილე. ამ პერიოდში ჩვენ თურქეთში ვიმყოფებოდით.

პირველი 10-15 წელი, როცა ესტონეთში გოლფის თამაში დავიწყეთ, მისი პოპულარიზაცია წინ ნელა მიიწევდა, თუმცა დღეს საკმაოდ ცნობადი სპორტია. ახლა ჩემთვის შესანიშნავი დროა, რაიმე განსხვავებული გავაკეთო. ის, რაც Tbilisi Hills-ში ხდება, ჩემთვის ნოუ-ჰაუა. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ გოლფი საქართველოში იმაზე უფრო პოპულარული ხდება, ვიდრე ველოდით. წინა წელთან შედარებით, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა კლუბის წევრების. კონკრეტულად დამწყებთა პროგრამამ, რომელიც მორგებულია როგორც უცხოელებზე, ისე ქართველებზე, ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, ყოველკვირეულად გვემატება დაინტერესებული თბილისის მცხოვრებლები, რომლებსაც საშუალება აქვთ, გოლფი 60 დღის განმავლობაში აღჭურვილობითა და სავარჯიშო ბურთებით სრულიად უფასოდ ითამაშონ.

Sportall.Ge

შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით წელს, ევროპაში გოლფის ბუმია. სათამაშო მოედნები დიდი ხნის განმავლობაში იყო დახურული. გოლფის თამაში უკვე შესაძლებელია, თუმცა სავარჯიშო დარბაზები და ბევრი ისეთი აქტივობა, რომლებიც დახურულ შენობებში ხორციელდება, ლიმიტირებულია. სწორედ ამან განაპირობა გოლფის ბუმი. ამასთან, გოლფი პანდემიის პერიოდში საუკეთესო სპორტია, რადგან გადიხარ გარეთ, სუფთა ჰაერზე, სადაც დიდი სივრცეა, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი და ჩემი აზრით, ის განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილია.

- Tbilisi Hills-ის გოლფის ცენტრი ბავშვებისთვისაც იწყებს პროექტს. რას გულისხმობს ის?
- ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტი, რითიც ბავშვები შეიძლება დაკავდნენ. მშობლებისთვის ბავშვების აქ მოყვანა მოსახერხებელია, რადგან Tbilisi Hills-ი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მთავარი გზიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე.

ჩვენ მოზარდებისთვის სპეციალური კურსები შევქმენით. ასევე, მალე დავიწყებთ სასკოლო პროექტსაც. რა არის ამის მიზეზი? - ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის, მობილურის ეკრანებთან, თუმცა, თუ ჩვენთან მოვლენ გოლფის სათამაშოდ, დახვდებათ სუფთა ჰაერი, მწვანე მოედანი, ცოტა ხნით თვალს მოაშორებენ ელექტრონულ მოწყობილობებს და ჯანსაღ გარემოში სპორტით დაკავდებიან. მათ სჭირდებათ აქტიური ცხოვრება, ახალ ხალხთან შეხვედრა, რაც ვფიქრობ, მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია.

გოლფის სწავლა და თამაში შეუძლია ყველა მოყვარულს. ჩვენთან მოდიან ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებსაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვთ. ისინი ოჯახებთან ერთად გვსტუმრობენ და სურთ, მათი ბავშვები სპორტით დაკავდნენ და ჯანსაღად იცხოვრონ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული