თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სანეევის სახელი მიენიჭება - სამძიმრის წიგნი

AutoSharing Option
თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, მძლეოსან ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ძალიან დიდია ვიქტორ სანეევის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან არაერთხელ ასახელა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა საქართველო.
სწორედ ამიტომ, გვსურს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მივანიჭოთ. ვუსამძიმრებ სპორტსმენის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს ამ დანაკარგს“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ავთანდილ ცინცაძემ მიაგეს.

სამძიმრის წიგნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურ მუზეუმში დღეს გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთოს და თანაგრძნობა გამოუცხადოს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს.

ლეგენდარული სპორტსმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხვალ სიდნეიში დაკრძალავენ. ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

თბილისის საკრებულო
მკითხველის კომენტარები / 4 /
ალალი იყოს ამ შესანიშნავ სოხუმელ ადამიანსა და დიად სპორტსმენზე!
მერაბი
13 იანვარი 2022 12:34
0
მართლაც რომ უძლიერესი სპორტსმენი, დიდი ადამიანი, საქართველოს შვილი და დამფსებელი! ნათელი არ მოაკლოს უფალმა მის სულს!
alexandre
13 იანვარი 2022 11:42
0
კაცი რომელმაც 4 ჯერ(!) მოიგო ოლიმპიადა სინამდვილეში. 4 ჯერ !!!
TITANI
14 იანვარი 2022 05:36
0
კარგია მაგრამ ძეგლი უნდა იდგას ამ ადამიანის სოხუმში თბილისში და ავსტრალიაშიც. სოხუმში აეროპორტს უნდა ერქვას მისი სახელი
საქართველო
14 იანვარი 2022 05:32
0

სიახლეები პოპულარული