სილქნეტი: „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს მებრძოლთა გუნდი განახლებული სპორტული აღჭურვილობით იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდი "ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადება, რომელიც 9-16 სექტემბერს გერმანიაში, დიუსელდორფში ჩატარდება. მასში 22 ქვეყნის მონაწილე იასპარეზებს. Invictus თამაშები განკუთვნილია იმ მებრძოლებისთვის და ყოფილი სამხედროებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. სპორტში მათი რეალიზაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადაპტირებას უწყობს ხელს.

საქართველოს გუნდი "ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) 2014 წლიდან მონაწილეობს. გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

სწორედ მათთვის "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის“ ფონდმა 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა, საერთაშორისო ორგანიზაცია Invictus Games Foundation-ის მიერ გამოყოფილი გრანტით.

თადარიგის კაპიტანი არჩილ აბულაძე: "2008 წელს მივიღე
ტრავმა, შინდისის ბრძოლებში. მარცხენა კიდურის დაზიანების მიუხედავად, დავკავდი კალათბურთით. ნამდვილად არ მეგონა, რომ შევძლებდი ასე აქტიურად ჩავრთულიყავი სპორტში. 2019 წლიდან შემოვუერთდი გუნდს, სადაც კალიფორნიის ტურნირზე პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ახალი ეტლები გააუმჯობესებს დიუსელდორფის "ძლიერთა თამაშებისთვის“ ჩვენს მზადებას. სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ყველაფერი გვიწყობს ხელს. ერთადერთი გვაკლდა მაღალი ხარისხის პროფესიული ეტლები, რომლებიც დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - Invictus Games Foundation-ის მიერ გამოყოფილი გრანტით იქნა შეძენილი.“

მჯდომარე კალათბურთის გუნდის წევრი აჰმედ საფაროვი: "დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მაღალი ხარისხის სპორტულ ინვენტარს, რომელიც მორგებულია ჩვენს საჭიროებებზე, ადაპტირებულია, სწრაფად გადაადგილებაში გვიწყობს ხელს. პირველად გუნდმა 2018 წელს, აშშ-ს ტურნირზე აიღო ბრინჯაოს მედალი. ერთი წლის მერე გავაუმჯობესეთ შედეგი და ოქროს მედლით დავბრუნდით. კალათბურთის თამაში მძიმე დაზიანებების მიღების შემდეგ დავიწყე. 2015 წლიდან ვვარჯიშობ და მჯდომარე კალათბურთის გუნდის წევრი ვარ. მე ჯარისკაცად ვრჩები და სპორტით ვაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სახელით.“

გუნდის სათანადოდ აღჭურვა შესაძლებელი გახდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტით. მაღალი ხარისხის 10 სპორტული ეტლის საქართველომდე ტრანსპორტირება "სილქნეტმა" უზრუნველყო. კომპანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფონდის საქმიანობასთან. 2018 წლიდან არის მისი დამფუძნებელი და მთავარი შემომწირველი. კომპანია ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. გარდა ამისა, წლიდან წლამდე უფრო მეტ დონორს იზიდავს და გაფართოებული რესურსით ეხმარება დაჭრილ მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს. ფონდის მიზანია, მხარში დაუდგეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას და შედეგად, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.

"სილქნეტს" ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე "სილქნეტის" მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. ნომერი აქტიურია სხვა ქსელების აბონენტებისთვისაც. დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.

R
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ და წარმატებებიიიი
იმერელი
18:05 09-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული