სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტული ორგანიზაციის 21 წარმომადგენელს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
2023 წლის სპორტის მენეჯმენტის რიგით მე-9 კურსები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და მოხალისეების კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე.
სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტრადიციულად მომავალშიც აქტიურად განახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი