მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში მრავლად არიან ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, რაც ძალიან დამაიმედებელია.
ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვა.
„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება
მთავრობის მეთაურმა ქართული სპორტის განსაკუთრებულ მიღწევებსა და გუნდურ სახეობებში ბოლო პერიოდში არსებულ წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.
„პირველად ისტორიაში, ჩვენმა გუნდებმა სხვადასხვა სახეობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, გავიდნენ ჯგუფიდან, ეს იყო ძალიან დიდი წარმატება; ჩვენმა კალათბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ; ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ ჩვენს წყალბურთელებს, გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე; მორაგბეებმა მოუგეს 6 ერის გუნდებს; ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა ნამდვილად ძალიან გამორჩეული და შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, გამორჩეულად წარმატებული იქნება პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის მოგებული მედლებისა და პირველი ადგილების თვალსაზრისით. თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პატარა ქვეყანა გამორჩეულია თავისი ოლიმპიური ტრადიციებით. ჩვენ, ქართველებმა, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მოვიგეთ 133 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის 41 იყო ოქროს მედალი და არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ეს უდიდესი ტრადიცია ქართული სპორტისთვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრადიციისამებრ, ოლიმპიადის პრიზიორებისთვის პრემია წესდება.
„დარწმუნებული ვარ, თქვენ დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებით იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს მოტივაციას ალბათ დამატებით აამაღლებს. მინდა დაგპირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის და ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მინდა, გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ოლიმპიურ თამაშებზე", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიისას სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისი მერმა კახა კალაძემ, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ, ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ. ქართველმა ოლიმპიელებმა ოლიმპიური ფიცი დადეს და ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური