ბათუმი 2018: ქალთა პირველმა გუნდმა მეორე 2.5:1.5 დაამარცხა

AutoSharing Option
29 სექტემბერი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დასვენების დღე გახლდათ - მოჭადრაკეები განიტვირთნენ და 30 სექტემბერს გათამაშების დასკვნით, გადამწყვეტ ეტაპს შეუდგნენ.

მე-6 ტური ჩვენი გუნდებისთვის ორმაგად საინტერესო გამოდგა, კენჭისყრამ ერთმანეთს შეახვედრა საქართველოს ქალთა მთავარი და მეორე ნაკრები. ეს იყო გარკვეულწილად ისტორიული შეხვედრა, რადგან ორი ქართული გუნდი ოლიმპიადაზე ერთმანეთს პირველად შეხვდა, ეს იმიტომ რომ საქართველომ ისარგებლა მასპინძლის სტატუსით და შეჯიბრზე 3-3 გუნდით წარდგა, ამასთან საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს მეორე გუნდი, რომელიც ამ ტურამდე ცხრილში მე-4 პოზიციაზე გახლდათ და შესაბამისად ძლიერ ნაკრებთან, ამ შემთხვევაში ჩვენს
მთავარ გუნდთან შეხვედრის შესაძლებლობა გაუჩნდა.

ქართული პაექრობა საინტერესოდ წარიმართა, მეორე გუნდს არაფერი დაუთმია ძირითადისთვის. გადამწყვეტი აღმოჩნდა ლელა ჯავახიშვილის და ინგა ჭარხალაშვილის პარტია, რომელიც ჯავახიშვილმა შავი ფიგურებით მოიგო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა 2.5:1.5. აქვე ვთქვათ, რომ ქალთა მესამე ნაკრები უნგრეთთან დამარცხა 0.5:3.5.

ვაჟთა ნაკრებმა აქამდე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ისე მოხდა, რომ მე-5 ტურის შემდეგ ცხრილში მეორე და მესამე ნაკრებიც უსწრებდა, რაც ცოტა უცნაურია. ნინო გურიელის გუნდი კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:2-ს დასჯერდა. წინა ტურში ბრაზილიის ნაკრების დამარცხების შემდეგ გურიელს ოთხეული არ შეუცვლია, თუმცა ვაჟებმა ამჯერად ვეღარ გაიმარჯვეს. გუნდის ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ თავისი შეხვედრა შავი ფიგურებით მოიგო, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ქულები დაკარგეს. მთავარი გუნდის მსგავსად მეორე ნაკრებმა ვიეტნამთან 2:2 ითამაშა.

ძალიან საინტერესო იყო მესამე გუნდის დაპირისპირება ჰოლანდიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან, რომელიც ტურნირზე მე-13 ნომრად გახლავთ განთესილი. განვლილ 5 ტურში ჩვენმა ახალგაზრდებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და ისიც პირველ ნომრად განთესილ უძლიერეს აშშ-ს ნაკრებთან, ოღონდ ბრძოლაში 1.5:2.5.

აშშ-ს შემდეგ ჰოლანდია იყო მეორე გამოცდილი გუნდი, რომელთანაც თამაშის საშუალება მესამე ნაკრებს მიეცა და ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლა გამართა. ახალგაზრდა მოჭადრაკეები 1.5:2.5 დამარცხდნენ და ერთხელაც გამოაჩინეს რომ ქართულ ჭადრაკს ნიჭიერი, ძლიერი თაობა ეზრდება, რომელიც უახლოეს მომავალში საერთაშორისო სარბიელზე კიდევ უფრო დიდი წარმატებით ითამაშებს.

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
VI ტური


ქალები
საქართველოს პირველი ნაკრები - საქართველოს მეორე ნაკრები 2.5:1.5
1. ნანა ძაგნიძე - სალომე მელია 0.5:0.5
2. ლელა ჯავახიშვილი - ინგა ჭარხალაშვილი 1:0
3. ბელა ხოტენაშვილი - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5
4. მერი არაბიძე - სოფიკო ხუხაშვილი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - უნგრეთი 0.5:3.5
1. ნინო ხომერიკი - ტრანგ თანგ ჰოანგი 0:1
2. მარიამ ჯანიაშვილი - ანიტა გარა 0:1
3. ლილე ქორიძე - ტიცია გარა 0:1
4. თამარ ესაძე - ჯულიანა ტერბე 0.5:0.5

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - კანადა 2:2
1. ბაადურ ჯობავა - ერიკ ჰანსენი 1:0
2. მიხეილ მჭედლიშვილი - რაზვან პროეტუ 0:1
3. ივან ჩეპარინოვი - ნიკოლაი ნორიცინი 0.5:0.5
4. ლევან ფანცულაია - ევგენი ბარეევი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ვიეტნამი 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - ლიემ ქუანგ ლე 0.5:0.5
2. დავით მაღალაშვილი - სონ თრონგ ნგოკ ნგუიენი 0:1
3. თორნიკე სანიკიძე - მინ თუან თანი 1:0
4. ირაკლი ბერაძე - ხოი ანჰ ნგუიენი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ჰოლანდია 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ანიშ გირი 0:1
2. ლუკა ობოლაძე - ერვინ ლამი 0:1
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ლუკ ველი ვანი 0.5:0.5
4. გიორგი სიბაშვილი - იორდენ ფორესტ ვანი 1:0

საწყისი ხუთი ტურის შემდეგ ვაჟთა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: ყველა მოგებით აზერბაიჯანის, ჩეხეთის, პოლონეთის და უკრაინის ნაკრები გუნდები ლიდერობდნენ, დამატებითი მაჩვენებლით კი აზერბაიჯანი პირველი იყო, ჩეხეთი - მეორე, პოლონეთი - მესამე, უკრაინა კი ლიდერთა ოთხეულს აგვირგვინებდა. პირველი ორი წყვილიც ხსენებულმა გუნდებმა დააკომპლექტეს.

აზერბაიჯანმა, რომელიც მეოთხე ნომრადაა განთესილი, 3:1 სძლია ჩეხეთს (მე-15 ნომერი). პირველ და მესამე დაფებზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე შახრიარ მამედიაროვმა და არკადი ნაიდიჩმა შესაბამისად დავით ნავარას და ზბინეკ ჰრაცეკს სძლიეს, შავი ფიგურებით მოთამაშე ტეიმურ რაჯაბოვმა და რაუფ მამედოვმა კი ვიქტორ ლაზნიცკას და ირი სტოცეკის წინააღმდეგ ყაიმს მიაღწიეს.

გამარჯვებულთა ლიდერმა მამედიაროვმა, რომელმაც პირველი ტური გამოტოვა, ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ტურებში ის ყაიმს დასჯერდა, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით სძლია ინგლისელთა (მაიკლ ადამსი) და სომხების (ლევონ არონიანი) საუკეთესო მოთამაშეებს.

არანაკლებ საიმედოა მეოთხე დაფაზე გამწესებული რაუფ მამედოვი, რომელმაც ყველა ტურში ითამაშა: სტარტზე ოთხ გამარჯვებას ბოლო ორ ტურში ყაიმები დაურთო.

ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს ოლიმპიადის მე-11 ნომერი პოლონეთის ნაკრები, რომელმაც მასავით ზედიზედ ხუთ ტურში გამარჯვებულ უკრაინას პირველი მარცხი აგემა - 2,5:1,5.

გადამწყვეტი პირველი ნომრების პაექრობა აღმოჩნდა: იან-კრჟიშტოფ დუდამ ვასილი ივანჩუკს სძლია, დანარჩენი პარტიები კი ყაიმით დასრულდა. საგულისხმოა, რომ დუდამ ბათუმში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვა: პირველ ტურში გუამელ რეიეს ნახერასთან მოპოვებული ქულის შემდეგ ორი პარტია წააგო, ერთხელ კი ყაიმს დასჯერდა.

მეხუთე ტურში ისრაელთან ფრეს შემდეგ კვლავ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხეულმა. განთესვის ლიდერებმა დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლიეს - 3,5:0,5.

ამერიკელთაგან მხოლოდ ჰიკარუ ნაკამურამ (მესამე დაფა) გაუყო ქულა მეტოქეს, დანარჩენებმა კი გაიმარჯვეს: შავი ფიგურებით მოთამაშე ფაბიანო კარუანამ დენის კადრიჩს სძლია, უესლი სომ დალიბორ სტოიანოვიჩი დააშამათა, რეი რობსონმა კი რიჯად ბუროვიჩი.

ამერიკელთა ამ ოთხეულიდან ბათუმში ჯერ არავის წაუგია: კარუანას აქტივში ხუთი შესაძლებლობიდან ოთხი ქულაა (სამი გამარჯვება, ორი ყაიმი), სომ ექვსიდან ხუთი ქულა მოიპოვა (ოთხი მოგება ორი ყაიმის წილ), ნაკამურამ ხუთიდან სამი (მოგება და ოთხი ყაიმი), რეი რობსონმა კი სამი პარტიიდან მხოლოდ საქართველოს მეორე გუნდის წევრ ნიკოლოზ კაჭარავას (II ტური) გაუყო ქულა.

კვლავ დაუმარცხებლად მიდიან ისრაელის და გერმანიის ნაკრები გუნდები, რომელთა დღევანდელი ჭიდილი 2:2 დასრულდა. ეს მათთვის მეორე ფრეა მიმდინარე ოლიმპიადაზე.
იგივე ანგარიშით დამთავრდა რუსეთის და ინდოეთის ნაკრებთა მატჩი. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა, ასეთი "ერთსულოვნება" კი ბათუმი 2018-ის ლიდერთა მატჩებში აქამდე არ გვინახავს.

ქალთა ლიდერმა ამერიკის ნაკრებმა პირველად დაკარგა ქულა - 2:2 ინდოეთთან. თავის მხრივ, მეტოქის ოთხეულისთვის ეს მეორე ფრეა. ამ შეხვედრაში თეთრი ფიგურებით მოთამაშეებმა გაიმარჯვეს: პირველ და მესამე დაფებზე ინდოელებმა ჰამპი კონერუმ (ანა ზატონსკიჰთან) და საჩდევ ტანიამ (ტატევ აბრაჰამიანთან) გაიმარჯვეს, მეორე და მეოთხე დაფებზე კი ირინა კრუშმა (დრონავალი ჰარიკასთან) და ჯენიფერ იუმ (ეეშა კარავადესთან).

მეორედ დამარცხდა ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული რუსეთის ნაკრები. გუნდს, რომელიც ქალთა რეიტინგის ლიდერია, სომხეთთან მოეცარა ხელი - 1:3. შეგახსენებთ: მეორე ტურში რუსებს უზბეკეთის ნაკრებმა აჯობა - 2,5:1,5.

სომეხთა ლიდერის ელინა დანიელიანის (პირველი დაფა) და ანა სარქისიანის (მესამე დაფა) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შავი ფიგურებით მიაღწიეს ყაიმს, ლილიტ მკრტჩიანმა და სირანუშ ღუკასიანმა კი თავიანთი პარტიები მოიგეს.

მომზადებულია batumi2018.fide.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული