გუდაურში გასამართ სნოუბორდის ევროპის თასზე რეგისტრაცია დასრულდა

AutoSharing Option
29 თებერვალს და 1-ელ მარტს გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლებს პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში. მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია.

"გუდაური 2020" - სნოუბორდის ევროპის თასის მოსაპოვებლად იასპარეზებენ მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან და სხვ.

რეგისტრაცია გაიარა 50-მდე სპორტსმენმა. საქართველოს სახელით იასპარეზებს ლევან ნაზღაიძე, რომელმაც ახლახან უკრაინაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაზე მეორე ადგილი გიგანტურ სლალომში და მეოთხე ადგილი პარალელურ სლალომში დაიკავა.

ტურნირები
გუდაურის კუდების ფერდობზე, ორ პარალელურ ტრასაზე გაიმართება. საშეჯიბრო ტრასების დამუშავება უკვე დაწყებულია, დაყენებულია ფინიშის და სტარტის მექანიზმები. FIS-ის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მომზადებას, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატების ხელმძღვანელობით, საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია უზრუნველყოფენ.

პარალელური სლალომი და გიგანტური პარალელური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. საკვალიფიკაციო რაუნდების გადალახვის შემდეგ სპორტსმენები პირველობისთვის ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას. ქალებსა და კაცებში, ორივე სახეობაში, ოთხ-ოთხი საპრიზო ადგილი გამოვლინდება. მათ მედლები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.

საერთაშორისო შეჯიბრებას საქართველომ გასული ორი წლის განმავლობაში უმასპინძლა. პირველად ბაკურიანში გაიმართა ტურნირი სკი კროსში, შარშან კი გუდაურში - სარეიტინგო შეჯიბრება და ევროპის თასის ტურნირები სნოუბორდ კროსში და სკი კროსში. ტურნირებმა უცხოელი სპორტსმენების და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

აღნიშნული ტურნირების საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარება სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით ფრისტაილში გაიმართება ბაკურიანში.

"გუდაური 2020" - ევროპის თასი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მისი გენერალური სპონსორის - კომპანია "სილქნეტისა" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული