საქართველოს ნაკრები: ევროპის თასზე უნგრეთთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და რუმინეთთან

AutoSharing Option
ევროპის თასი - ასე ერქმევა წყალბურთელ ქალ-ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდებისთვის ახალ შეჯიბრებას, რომელიც კონტინენტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ინიციატივით 2018 წლიდან გაიმართება.

"ჩვენი მიზანია, განვავითაროთ წყალბურთი, შევძლოთ მისი მეტი პოპულარიზება და უკეთესი შეჯიბრებები ჩავატაროთ", - განაცხადა ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა პაოლო ბარელიმ წყალბურთის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 30 სექტემბერს რომში გაიმართა.

2018 წელს სადებიუტო შეჯიბრებაში ევროპის 14 საუკეთესო გუნდი მოსინჯავს ძალებს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები. გასულ უქმეებზე რომში ისინი წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: უნგრეთი (მასპ.), ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, საქართველო
B ჯგუფი: სერბეთი, ხორვატია (მასპ.), საბერძნეთი, ჰოლანდია, თურქეთი
C ჯგუფი: მონტენეგრო, იტალია (მასპ.), რუსეთი, გერმანია.

უკვე შესარჩევი ტურნირიდანვე ქომაგებს საინტერესო პაექრობები ელით. B ჯგუფში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი და 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ხორვატია. საგულისხმოა, რომ შარშან რიოში სერბებმა ხორვატებს ჩამოართვეს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული (11:7), ხოლო წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატში ხორვატიამ რევანში აიღო - სერბეთი ნახევარფინალში დაამარცხა (12:11).

ჩვენს ჯგუფში შედარებით იოლი გასეირნება ელით 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ უნგრელებს, თუმცა ღირსეული მეტოქე მათაც ეყოლებათ - ესპანეთი. დანარჩენი სამი გუნდის შანსები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მეტ-ნაკლებად თანაბრად შეიძლება შეფასდეს.

თასის გათამაშების დებულებით, შესარჩევი ეტაპი 15-18 თებერვალს გაიმართება. მეორე რაუნდში ხუთ-ხუთგუნდიანი ჯგუფებიდან 3-3 საუკეთესო ითამაშებს, ხოლო C ჯგუფიდან მსგავსი შანსი მხოლოდ ორ გუნდს მიეცემა. რვა რჩეული ნაკრები ორ ოთხ-ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება: I ჯგუფი. A1, C1, B2, A3; II ჯგუფი. B1, A2, C2, B3. მას შემდეგ, რაც 5-8 აპრილს წრიული შეხვედრები გაიმართება, ჯგუფებში საუკეთესოები თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მეორეადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ ქალთა და ვაჟთა გუნდებისთვის ფულადი ჯილდოებიც დააწესა. ტურნირის საპრიზო ფონდია 80 000 ევრო. გამარჯვებულები ოც-ოც ათასს, ფინალისტები 15-15 ათასს, ხოლო მესამე პრიზიორები ხუთ-ხუთ ათას ევროს მიიღებენ. ევროპის ფედერაცია ყველა გუნდს მგზავრობის ხარჯებსაც აუნაზღაურებს.

- ევროპული წყალბურთის გასავითარებლად ნამდვილად კარგი ჩანაფიქრია, - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ევროპის საწყლოსნო სახეობათა წყალბურთის კომიტეტის წევრმა-დელეგატმა ალექსანდრე ბითაძემ, რომელსაც რომში შევეხმიანეთ. - ჩვენმა კომიტეტმა წლეულს ივლისში მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც ერთხმად დაუჭირა მხარი კონტინენტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ. ა

რ არის გამორიცხული, თასის გათამაშების საუკეთესო კვარტეტი პირდაპირ მსოფლიო ლიგის ფინალში დაუშვან.

- წილისყრით კმაყოფილი ხართ?
- უარეს ჯგუფშიც შეიძლებოდა, მოვხვედრილიყავით, რადგან ევროპის თასზე საუკეთესო გუნდები გამოდიან. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა შეიძლება.

- ამ შეჯიბრებისთვის როგორ მოემზადებით?
- ნაკრების წევრობის თერთმეტმა კანდიდატმა წლეულს უცხოურ კლუბებთან გააფორმა კონტრაქტები. დანარჩენებისთვის, რადგანაც ნორმალურ ეროვნულ პირველობას ვერ ვატარებთ, გვინდოდა, უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გვეთამაშა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, რადგან იქ 14 გუნდი გამოდის და ჩვენი ნაკრების ჩასასმელად მეორე ლიგაში არავის გაუშვებენ, მე-15 გუნდად დამატება კი წყალბურთის ფედერაციას ტელევიზიასთან პრობლემებს შეუქმნის.

იყო მეორე ლიგაში ასპარეზობის შანსი, თუმცა ეს ჩვენს ნაკრებს არაფერს შესძენს, ამიტომ შევთანხმდით, რომ, ფინანსებიდან გამომდინარე, როგორც შევძლებთ, ისე ვეწვევით უნგრეთს, იქაური უმაღლესი ლიგის გუნდებთან ერთობლივ წვრთნას გავივლით და ამხანაგურ მატჩებსაც გავმართავთ.

ცხადია, ეს რეგულარულ ჩემპიონატს ვერ შეედრება, მაგრამ სულ არარაობას სჯობია. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული