წყალბურთი. ევროპის ჩემპიონატი. საქართველო დღეს უნგრეთით იწყებს

AutoSharing Option
ბარსელონაში დღეს, 16 ივლისს, წყალბურთელ ქალ-ვაჟთა ევროპის 33-ე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი იწყება, რომელიც 28 ივლისამდე გასტანს.

მამაკაცთა შორის დასკვნით რაუნდში მესამედ მოსინჯავს ძალებს საქართველოს ნაკრები. საქართველოსა და უნგრეთის შეხვედრას დღეს, 17:30 საათზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი აჩვენებს.

ჩვენმა წყალბურთელებმა ფინალური ეტაპის საგზური პლეი-ოფში ისრაელის ნაკრების დამარცხებით - 12:1 (შინ) და 11:10 (სტუმრად) - დაიბევეს.

ჩემპიონატის პაექრობები გაიმართება საწყლოსნო კომპლექსში, რომელიც კატალონიელი მოცურავისა და ესპანეთის ცურვის ფედერაციის ჩამომყალიბებელი ბერნატ პიკორნელის
სახელობისაა. ის საწყლოსნო სახეობათა ევროპის 1970 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა. ამ საცურაო
აუზში სწორედ 1970 წელს იასპარეზა შესანიშნავმა ქართველმა მოცურავემ, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილემ, საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონმა და ევროპის თასის მფლობელმა თინათინ ლეკვეიშვილმა, რომელმაც 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში კონტინენტის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, კომბინირებულ ესტაფეტაში (4X100) მეორე იყო, ხოლო 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

რეკონსტრუქციის შემდეგ კომპლექსმა ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა საწყლოსნო სახეობებში. ევროპის 33-ე ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.

წილისყრით ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. უნგრეთი, იტალია, გერმანია, საქართველო
B ჯგუფი: მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი
C ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი
D ჯგუფი: რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი

როგორც ვხედავთ, საქართველოს ნაკრები უძლიერეს ჯგუფში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, სამ-სამჯერ ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატზე - 12 ოქრო, 6 ვერცხლი, ამდენივე ბრინჯაო, მსოფლიოზე - 3 ოქრო, 7 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო იტალიამ. ისინი ბოლოს სწორედ ბარსელონაში, 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ჩემპიონები. ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ; ევროპაზე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, მსოფლიოზე კი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ერგოთ.

გრანდებთან შედარებით, გერმანიას მოკრძალებული შედეგები აქვს - ისინი შორეულ 1928 წელს გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, მსოფლიოზე კი მხოლოდ ერთხელ გავიდნენ მესამე ადგილზე.

საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 2014 წელს ბუდაპეშტში წარდგა და შვიდივე შეხვედრა დათმო. 2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს თურქეთთან (12:11) და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს. ჩვენი გუნდის მიზანი, ცხადია, წინა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებაა.

ნაკრების ძირითად ბირთვს ის წყალბურთელები შეადგენენ, რომლებმაც კონტინენტის წინა ორ პირველობაზე (ბუდაპეშტი, ბელგრადი) ითამაშეს და სათანადო გამოცდილებაც შეიძინეს. თუმცა, გამოცდილებთან ერთად მეტოქეებს ნიჭიერი ახალგაზრდა წყალბურთელებიც დაუპირისპირდებიან.

მთავარი მწვრთნელის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით, ორივე თაობის წარმომადგენლები მონდომებით ემზადებოდნენ ამ შეჯიბრებისთვის. ბოლო დროს ორი საწვრთნელი შეკრება სლოვაკეთსა და ჰოლანდიაში გამართეს, შემდეგ დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარეს და ღია ოლიმპიურ აუზში ყაზახეთის, სლოვაკეთისა და თურქეთის ძლევით დედაქალაქის მერიის თასიც მოიპოვეს.

ამ ტურნირის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა საბოლოოდ შეარჩია ის 13 მოთამაშე, რომლებიც ბარსელონაში იასპარეზებენ. ესენი არიან: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპიტანი), კონსტანტინე გეგელაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი მესხი (მწვრთნელები - გელა ტუკვაძე, თამაზ კუტივაძე, ექიმი გურამ ადამია, ფიზიოთერაპევტი გიორგი კუჭაძე).

ევროპის ჩემპიონატზე იმსაჯებს ქართველი არბიტრი ირაკლი კიკალიშვილი, დელეგატად კი საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე
იმუშავებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი ასეთია:

16 ივლისი
საქართველო-უნგრეთი 17:30

18 ივლისი
გერმანია-საქართველო 14:30

20 ივლისი
საქართველო-იტალია 17:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული