რევაზ ჩომახიძე: მთავარი იყო ნაკრების წყალბურთელთა შეთამაშება და ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება

AutoSharing Option
2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი გაისად იანვარში გაიმართება. ფინალურ ტურნირს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ნაკრები სახელოვანი ქართველი წყალბურთელის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით.

ჩვენებმა თბილისში სამკვირიანი შეკრების შემდეგ საბერძნეთს მიაშურეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა (ირაკლი რაზმაძე, ბექა კაპანაძე, ხვიჩა ჯახაია, თორნიკე დიასამიძე, ვატო დადვანი, რევაზ იმნაიშვილი, ბორის ვაპენსკი, გურამ კუჭუაშვილი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, ზურაბ რურუა, დათა ცხაკაია, სანდრო ადეიშვილი, ფაბიო ბარალდი) მასპინძლებთან ერთობლივ ვარჯიშთან ერთად რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.

- ევროპის საწყლოსნო
სახეობათა ფედერაციამ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოსახვედრი ფორმატი ისევ შეცვალა, - გვითხრა რევაზ ჩომახიძემ. - წინა პირველობის 8 საუკეთესო გუნდს გადამწყვეტ რაუნდში მონაწილეობა განაღდებული აქვს, დანარჩენი რვა საგზურისთვის, ალბათ, 16 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ოქტომბრისთვის, სავარაუდოდ, შეიქმნება ოთხი ოთხგუნდიანი შესარჩევი ჯგუფი, პირველ-მეორე ადგილებზე გასულები უნგრეთში გასამგზავრებელ საგზურებს დაიმსახურებენ.

- ელინური ტურნეთი კმაყოფილი ხართ?
- ნაახალწლევს სასპორტო კომპლექს "ოლიმპიკში" წვრთნა განვაახლეთ. ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა სანკტ-პეტერბურგის "ბალტიკა", რომელთანაც ოთხი მატჩიდან სამი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავამთავრეთ. ევროპისთვის მზადების პირველი ეტაპი საბერძნეთში ერთკვირიანი ტურნეთი დავასრულეთ.

მასპინძლებთან ერთად ათენში ვივარჯიშეთ. შემდეგ ადგილობრივ გუნდებთან რამდენიმე სპარინგმატჩი გავმართეთ. საბერძნეთის დედაქალაქის "პალაია ფალიროს" ორჯერ ვძლიეთ, "ვულიაგმენთან" ერთი შეხვედრა მოვიგეთ და ერთიც დავთმეთ, გლიფადის გუნდი კი ორჯერ დავამარცხეთ, მერე კრეტაზე გვქონდა ერთი მატჩი და იქაც გავიმარჯვეთ.

თუმცა ჩვენთვის მოგება-წაგებას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა - მთავარი იყო ნაკრების თითოეული რგოლის შემოწმება, წყალბურთელთა შეთამაშება და მომავალი მნიშვნელოვანი პაექრობებისთვის ეფექტიანი ტაქტიკის შემუშავება. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი მუშაობა გამოგვივიდა.

- შემადგენლობიდან ჩანს, რომ ამჯერად ნაკრებს რამდენიმე ძირითადი წყალბურთელი დააკლდა.
- ანდრია ბითაძე, დამირ ცრეპულია, ნიკოლოზ შუბლაძე და მარკო ელაჩა უცხოურ გუნდებში თამაშობენ და ახლა ცხელი საკლუბო ჩემპიონატი აქვთ, ამიტომ ამჯერად ნაკრებში არ გამოვიძახეთ - იმ წყალბურთელებით დავკმაყოფილდით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ...

- და ორი ახალწვეულით.
- დიახ. იანვარში საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს იტალიელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ფაბიო ბარალდიმ და სერბმა მარჯვენა შემტევმა ბორის ვაპენსკიმ. ორივე 28 წლისაა. სანაკრებო და საკლუბო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვთ მოპოვებული. ვაპენსკი 2005-2014 წლებში "ვოივოდინაში" თამაშობდა, შემდეგ "ცრვენა ზვეზდაში" მოსინჯა ძალები.

სერბეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ასევე, ქვეყნის სუპერთასისა და უნგრეთის თასი დაიმსახურა, ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ლიგა ორჯერ მოიგო და ერთხელ ბრინჯაოს მედალი ხვდა; მსოფლიოს თასის მფლობელი ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანია.

ფაბიო ბარალდის უთამაშია "ვალესკრივიაში", "პოსილიპოსა" და "კანოტიერი ნაპოლიში". 2011 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა, 2014 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ერგო. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაისად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს დიდ სამსახურს გაუწევენ.

მართალია, ამჯერად ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობდნენ, მაგრამ ოფიციალურ პაექრობებში იანვრამდე, სანამ საქართველოში ცხოვრებისა და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის ერთი წელი არ შეუსრულდებათ, ნაკრებში ვერ ითამაშებენ. ბერძნულ სპარინგმატჩებში კი თავი კარგად წარმოაჩინეს და კმაყოფილი ვარ.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- მარტის დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის პაექრობები გაიმართება. მერე ნაკრების წევრებს ისევ შევკრებთ, სამკვირიან წვრთნას ორჯერადი ვარჯიშებით თბილისში გავივლით და მეორე ეტაპს გერმანიაში ან იტალიაში ერთობლივი ვარჯიშებითა და სპარინგმატჩებით დავასრულებთ. მერე კი ვნახოთ...

აქვე გაუწყებთ, რომ ვაპენსკისა და ბარალდისაც ყოფილ გუნდებთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ექნებათ "დინამო თბილისში" თამაშის უფლება.

სახელოვან გუნდს დაემატება ირაკლი რაზმაძეც, რომელმაც წინა წლებში დიდი გამოცდილება შეიძინა მონტენეგროს "ბუდვაში". როგორც კლუბის დამფუძნებელმა გიორგი ხვედელიანმა აღნიშნა, "დინამო თბილისის" მიზანია საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერება, კონკურენციის გაზრდა და წყალბურთის პოპულარიზება.

"წლევანდელ ჩემპიონატში კლუბი იმიტომ გავაძლიერეთ, რომ საქართველოს ჩემპიონობა მოვიპოვოთ და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ვიასპარეზოთ. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწევთ", - დასძინა ხვედელიანმა.

ბორის ვაპენსკი: "საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი ჩემი მეგობარია და მისგან ქართულ წყალბურთზე ბევრი კარგი მსმენია. ვიცოდი, რომ თქვენი შიდა ჩემპიონატიც ნელ-ნელა ვითარდება. ჩემი აზრით, ქართულ წყალბურთს დიდი პოტენციალი აქვს. ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეა.

ქართველებმა კარგად მიმიღეს. გუნდში იდეალური ატმოსფეროა. მინდა "დინამო თბილისთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდე და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. რაც შეეხება ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წინა წლების შედეგების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებთ".

ფაბიო ბარალდი: "საქართველოს წყალბურთის ფედერაციის მიზანი შესანიშნავია - ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვედრა. ქართულ წყალბურთში მეც დიდ პოტენციალს ვხედავ. "დინამო თბილისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და იქ კარგი შედეგის ჩვენება ქართული საკლუბო წყალბურთისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მინდა, რომ მომავალი 6 წელი ქართულ წყალბურთს მივუძღვნა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული