მარიუპოლში დაბომბვის შედეგად წყალბურთში უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ევგენი ობედინსკი დაიღუპა.
Ukrinform-ის ცნობით, სამწუხარო ინფორმაცია პლატფორმა Telegram-ზე სპორტსმენის მამამ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ოლექსანდრ ობედინსკიმ გაავრცელა.
"წყალბურთის ოსტატი, ევგენი ობედინსკი მარიუპოლში 17 მარტს მოკვდა. ევგენი "ილიჩევიცის" რიგებში უკრაინის არაერთგზის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი იყო. ომამდე სპორტსმენი ავადმყოფობდა, უფრო კონკრეტულად, თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. 3 პატარა ანგელოზი მამის გარეშე დარჩა" - წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მისმა ოჯახმა ტრაგედიაზე სულ ახლახან გაიგო, მამამისმა კი ემოციური წერილი დაწერა...
"ცხოვრების მოყვარული იყო, არასდროს ნებდებოდა.
მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად რთული მომენტი ედგა, ცხოვრებას არასდროს უჩიოდა, ყოველთვის ერთი პასუხი ჰქონდა: არ ინერვიულო, მამა, მე ყველაფერს მოვაგვარებო. ძალიან თბილი და ნამდვილი ურთიერთობა გვქონდა. საშინელი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკარგი დაგვიტოვე".
შეგახსენებთ, მარიუპოლი რუსების მიერ ბლოკირებულია, ქალაქი ყოველდღიურად მასიურად იბომბება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის 90% მიწასთანაა გასწორებული, თუმცა მებრძოლები 1 წამითაც კი არ ნებდებიან.
მომზადებულია ukrinform-ის მიხედვით