ნინო სალუქვაძის წარმატების ფორმულა - ინტერვიუ უნიკალურ ქართველ სპორტსმენთან

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველივე ჯერზე მოიპოვა.
მოგეხსენებათ, არ დარჩა პრიზი და რეგალია, რომელიც ქართველ სპორტსმენს მოპოვებული არ აქვს, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე გამოსვლა არანაკლებ საპასუხისმგებლოა და ამჯერადაც განსაკუთრებული შემართებით ემზადება.

ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. ამდენ ოლიმპიადაზე, მის გარდა, მხოლოდ კანოისტ ჯოზეფა იდემ-გერინის (1984-2012) და ნიჩბოსან ლესლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უასპარეზიათ.

სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს
ფლობს. 1988 წელს, სეულში, ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი - ბრინჯაოს.

"რეგალიები თუ ჩამოვყევი, შორს წაგვიყვანს. 32 მსოფლიოს რეკორდი მაქვს დამყარებული მარტო, მაგრამ რადგან ვრჩები ამ საქმეში და ვაგრძელებ მოღვაწეობას, ვცდილობ, რომ უფრო მეტი მიღწევა მქონდეს. ტყუილად ხომ არ მიიღებ მონაწილეობას შეჯიბრებაზე. ახლა შეჯიბრებაზე მამა არ მახლდა, აღარ ვატარებთ, 88 წლისაა უკვე. ლიცენზია რომ ავიღე ჩინეთში, ამის შესახებ ძლივს მივაწვდინეთ ხმა საქართველოში. დროში დიდი განსხვავებაა და ვახოს ჩემი მეგობრის დედამ დაურეკა. ეს ქალბატონი მიყვება, რომ მე აქეთ ვტიროდიო და ის - იქითო".

- ემზადებით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. როგორი განწყობა და მოლოდინი გაქვთ?
- ჩვენი სამზადისი დაიწყო იმით, რომ ლიცენზია უნდა ამეღო, რომ მონაწილეობა მიმეღო ოლიმპიადაზე. თვითონ პირობები ლიცენზიის აღების არის ძალიან შეზღუდული. ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი ციკლის დაწყების მერე იცვლება პირობები და უფრო მკაცრდება და მკაცრდება.

სპორტის სხვადასხვა სახეობა ცდილობს, შევიდეს ოლიმპიურ მოძრაობაში იმის ხარჯზე, რომ დანარჩენებს დააკლონ ლიცენზიები. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა იგივე რჩება. ადრე თუ ასამდე მონაწილე გამოდიოდა ჩვენს სახეობაში, რაოდენობამ თანდათან იკლო - ჩამოვიდა 80-ზე, 60-ზე, ახლა კი 40-ზე, ეს კი ძალიან ცოტაა, თუ კონტინენტზე გადავანაწილებთ.

ევროპას ყველაზე მეტად უჭირს ამ ლიცენზიებზე. სამწუხაროდ, ამ მსოფლიო თასზე ორი ლიცენზია თამაშდება. გამიმართლა, რომ ჩინეთში მსოფლიო თასზე საკმაოდ მაღალი შედეგით ფინალში მოვხვდი. არ იყო ადვილი. 4 სპორტსმენს ჰქონდა ლიცენზია და 4 სპორტსმენს - არა.

Sportall.Ge

- კონკურენტებზე რას გვეტყვით, ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის თვლით?
- სულ მოულოდნელად ირანელებიც კი გააქტიურდნენ, საკმაოდ კარგად ისვრიან. ასევე, თურქებიც; ძალიან ძლიერები არიან კორეელები და ინდოელები. ჩინელებზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ძლიერები არიან და ამას ემატება ევროპიდან წარმოდგენილი სპორტსმენები.

ოლიმპიურ თამაშებზე უბრალო და შემთხვევითი ადამიანი ვერ ხვდება. ამიტომ ყველას ერთნაირი შანსი აქვს და ყველა თანაბრად კონკურენტია. ფსიქოლგიური ბრძოლა მიდის, ვინ უფრო გაუძლებს.

- როგორია თქვენი გამარჯვების ფორმულა, რას აკეთებთ შეჯიბრებაზე გასვლამდე?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, მობილიზებას და რაც მთავარია, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო პირნათლად და როგორ მოხდება მედლებისა და პრიზების გადანაწილება, ეგ უკვე სხვა საქმეა. ეკლესიურები ვართ მთელი ოჯახი. განსაკუთრებით, ჩემი მეუღლე.

ცრურწმენებს არ მივდევთ. ერთადერთი, რასაც მგზავრობის წინ ვაკეთებ, ეს არის ის, რომ ლოცვის მერე ვამოწმებ, რამე ხომ არ მრჩება. ერთი ფურცელიც რომ დაგრჩეს, პრობლემა იქმნება.

- თუ მომხდარა გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეჯიბრებების დროს?
- იცით, რომ ჩემი მწვრთნელი მამაჩემია და ყოველთვის მაფრთხილებდა, მეუბნებოდა სხვადასხვა ვარიანტზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შეჯიბრებაზე და როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემს კარიერაში სულ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა.

ჩემი ყველაზე პირველი ძლიერი საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო იუგოსლავიაში. ვარჯიშებზე ვისროდით ჩვეულებრივი საბჭოთა რუსული ტყვიებით, რომელიც იყო საიდუმლო დანიშნულების. ხელით აწყობდნენ და სროლის მერე გილზებსაც, ნასროლ მასრებს უკან ვაბარებდით. ასეთი გასაიდუმლოებული ტყვია შეჯიბრებაზე შემხვდა დენთის გარეშე და გაიჭედა ლულაში. მე ამას ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ გადმოვარდა გილზა და მეგონა, რომ ჩვეულებრივ არ გაისროლა, ხდება ხოლმე ასეც. ამ დროს შეგიძლია გადატენო თავიდან. რომ დავტენე და შემდეგი ტყვია მოვათავსე, მივხვდი, რომ შიგნით იყო ის თავი დარჩენილი.

საბოლოოდ, ორივე ერთად გავარდა. გადავრჩი, რომ არ გასკდა იმ ადგილას, სადაც ტყვიას ვდებთ. გაიბერა ლულა რამდენიმე ადგილას, მოხვდა ტყვია ცხრიანში და რვიანში, მე კიდევ გაბრაზებული ვიყავი, ცხრიანი და რვიანი როგორ გამაკეთებინა. მაშინ ფარებზე, ქაღალდზე ვისროდით. მსაჯები რომ მივიდნენ, გაუკვირდათ, ამხელა ნახვრეტი რანაირად გავაკეთე. არ იცოდნენ, რომ ორი ტყვია გავარდა.

მეორე დღეს მქონდა მეორე ნაწილი სასროლი იმავე იარაღით. ვფიქრობდი, მობილიზაცია როგორ უნდა მომეხდინა. ეს შეჯიბრებაც მოვიგე, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, როგორ გამიკეთა იარაღმა ასეთი რამ.

Sportall.Ge

სხვა დროსაც იყო მსგავსი შემთხვევები, ნახევარი ნასროლი მქონდა და ნახევარზე იარაღმა აღარ გაისროლა. 15 წუთი მქონდა პრობლემის მოსაგვარებლად. მამაჩემი მახლდა მაშინ და სირბილ-სირბილით ვიღაცის იარაღი მომიტანა. საბჭოთა კავშირში ერთად ინახებოდა იარაღები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იარაღი არ იყო, მაინც 50-დან 50-ს ვაკეთებდი. ფარებს ცვლიდნენ ჯარისკაცები, რომლებიც საორგანიზაციო კომიტეტს ეხმარებოდნენ. მათთან კონტაქტი არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემს ნასროლს რომ ხედავდნენ, გამოივლიდნენ და ხელს ჩამომართმევდნენ. ეს შეჯიბრებაც მოვიგე. ასე რომ,  პარადოქსული რაღაცებიც მემართებოდა.

- როგორც ცნობილია და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დედისერთა გოგო ტყვიით სროლაზე შეგიყვანეს, თავად სხვა პროფესიაზეც ხომ არ გიფიქრიათ?
- 12 წლის მოუსვენარი, ცელქი გოგო ვიყავი და დედამ გადაწყვიტა, რომ მამას ტყვიით სროლაზე მივეყვანე. მანამდე 4 წელი კალთბურთზე დავდიოდი. ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ძალიან ბევრ წრეზე დავყავდი მშობლებს. ძალიან მიყვარდა კალათბურთი. ძალიან კარგად ვხატავდი, დიზაინერობა მომწონდა, დიდი გარდერობი ჰქონდა ჩემს თოჯინებს. ამ პროფესიაში რომ არ მეპოვა თავი, დიზაინერობას ვცდიდი.

- ქართველებს გვაქვს გამონათქვამი "ტყვიას ტყვიაში აჯენსო"... თქვენი პროფესიის გამო თუ გარიდებდნენ თაყვანისმცემლები თავს?
- შიშის ზარს ვცემდი ყველას (იცინის). იარაღი, პისტოლეტი ჩემთვის არის სპორტული ინვენტარი. ჩვენ ამას სხვა ფორმით არ აღვიქვამთ. სხვა როგორ აღიქვამს, ეს იმათ უნდა ვკითხოთ. ახლაც, უცხო ადამიანებთან რომ მიხდება ურთიერთობა და გამიცნობენ, მეკითხებიან, სპორტის რომელ სახეობაში ვასპარეზობ - ვეუბნები, რომ გითხრათ, შეგეშინდებათ-მეთქი (იცინის).

- ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები და კურიოზები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ...
- კურიოზი ირაღის ჭერის დროს არ უნდა მოხდეს, თორემ მტრისას (იცინის). გავიხსენებ ერთ ფაქტს: იარაღებს მფრინავებს თვიმფრინავში ვაბარებდით. მსოფლიო ჩემპიონატიდან ვბრუნდებოდით, მოსკოვიდან. ცოტა ხანში გამოაცხადეს - "სპორტსმენი ესა და ეს გთხოვთ მობრძანდეთ კაბინაში მფრინავებთან". ვაიმე, ნეტავ რა მოხდა-მეთქი. შევედი და რას ვხედავ, დაუშლიათ იარაღი და ვეღარ აწყობენ. ჯერ ხომ ძალიან გავბრაზდი, როგორ მისცეს თავს ამის უფლება-მეთქი, მერე კი სიცილი ამივარდა. დამსვეს და თვითმფრინავის მართვაშიც მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ავტომატურ მართვაზე იყო და მე რა უნდა მექნა, მაგრამ მაინც მესიამოვნა.

Sportall.Ge

მახსენდება ასევე, სეულის ოლიმპიადის მერე თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიკურაში რომ წავედი. ვიფიქრე, ვერ მომაგნებენ, დავისვენებ-მეთქი. კვარტალში ერთხელ რომ დადის მანქანა, ეგეთი სოფელია. ერთ დღესაც გამოვდივარ გარეთ და ვხედავ შავ "ვოლგებს". ათი შავი მანქანა მოადგა ჩვენს ჭიშკარს. რაიონში გაუგიათ, ნინო აქ არისო. რაიონის ხელმძღვანელობაში ვინც იყო, ყველანი მესტუმრნენ. მაჩუქეს ბროლის ბურთი. თავიდან მეგონა, ვაზა იყო, თურმე ფეხბურთის ბურთი ყოფილა, იარაღი ვერ ვიშოვეთო, მითხრეს (იცინის).

- მომეტებული პასუხისმგებლობაა, როცა საკუთარ პროფესიაში ძალიან წარმატებული ხარ და განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ გულშემატკივრებს...
- ნამდვილად ასეა. თუნდაც ლიცენზიის მოპოვებაზე ჰქონდათ რეაქციები, შენ ხომ ისედაც აიღებდიო. რას ნიშნავს, მაინც ავიღებდი. ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება. წარმატება იოლად არ მოდის. თითოელი გამარჯვება დიდი ნერვების ფასად გვიჯდება სპორტსმენებს. რაც შეეხება გულშემატკივრობას, მე თვითონაც არ შემიძლია გულშემატკივრობა. ჩემიანი რომ გამოდის, ვერ ვუყურებ, იმდენად ვნერვიულობ, მათი გამარჯვებით კი უბედნიერესი ვხდები.

მგონია, რომ ჩემი წარმატებით ჩემი ქომაგებისთვის, ნაცნობებისთვის თუ უცნობებისთვის პატარ-პატარა სიხარული მომაქვს.

უცნობები და ნაცნობები მადლობას რომ მიხდიან, ძალიან მახარებს. სიყვარულს, პატივისცემას რომ გამოხატავენ ჩემ მიმართ, ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ბაზარში ყვავილები რომ მაჩუქეს, დღემდე მახსოვს. მამა-შვილი ყიდდა რაღაცას და მიცნეს.

ყველაგან, სადაც დივდივარ ჩემს ქვეყანაში, სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ ჩემი მოქალაქეების მხრიდან. სეულის ოლიმპიადის მერე რუსთაველზე მოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები და მეორე მხრიდან მამკაცებმა შემომძახეს, ნინი, გვიყვარხარო. გავიდა რამდენი წელი 1988 წლის შემდეგ და ეს ადამიანი შემხვდა ერთ-ერთ მარკეტში და თვითონ მიცნო და მკითხა, გახსოვარ, როგორ მოგილოცეო მაშინ. რა დამავიწყებს ჩემ მიმართ გამოჩენილ ყურადღებას.

Sportall.Ge

- თუ გიგზავნიდნენ ქომაგები და თაყვანისმცემლები საჩუქრებს სახლში?
- დედაჩემი იყო კომუნიკატორი. მას უწევდა ტელეფონზე პასუხის გაცემა. ინკოგნიტო საჩუქრები არ ყოფილა... პეკინის ოლიმპიადის მერე ცოტა წავიწუწუნე, ვინმე ერთი ყვავილით მაინც დამხვედროდა-მეთქი. პირველი მედალი ჩემი იყო, ერთადერთი ქალი ვიყავი მთელი 6 მედალოსნიდან. ყველას რაღაც ყურადღება მიაქციეს და მე თითქოს არ ვარსებობდი.

თუმცა ძალიან გამახარეს ჩოხოსნებმა, მარმარილოს ფხვნილით შესრულებული ვარდების სურათი მაჩუქეს. როგორც ჩანს, სხვები განაწყენდნენ, რუსს რომ მივულოცე.

- ფაქტობრივად, მთელი ოჯახი სპორტში ხართ ჩართული... თქვენი ვაჟიც თქვენს გზას გაჰყვა, ისევე, როგორც თქვენ გაყევით მამის გზას...
- დიახ, ასეა. ცოტნე მორაგბე იყო, ოთხი თუ ხუთი წელი ვარჯიშობდა, მაგრამ ტრავმების გამო ვეღარ შეძლო გაგრძელება. თავიდან სერიოზულად არ მიუდგა სპორტის ამ სახეობას, მაგრამ მერე რომ ნახა გამარჯვების გემო, უფრო მეტად მოინდომა.

18 წლის ასაკში მოიპოვა ოლიმპიადაზე მონაწილეობის ლიცენზია და პირველად მოხდა ოლიმპიადების ისტორიაში, რომ დედა-შვილი მონაწილეობდა ერთდროულად. ეს მერე გავიგეთ, რიოში რომ ჩავედით. ჩემი ქალიშვილიც ვარჯიშობდა, მაგრამ ექიმებმა აუკრძალეს და სხვა საქმიანობას მიჰყო ხელი. ჩემი მეუღლე მორაგბეა.

- სპორტის ამ სახეობაში რა პერსპექტივები აქვთ ახალგაზრდებს?
- საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტის სახეობაა. ამიტომ სახელმწიფო თუ არ დაგვეხმარა, არაფერი გამოვა. რაც გეგმაში გვიწერია, იმის მეხუთედი თუ კეთდება. მესმის, რომ უჭირს ქვეყანას. ჩვენც რაც გვაქვს და რა შესაძლებლობაც გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოთ.

შარშან ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები რომ ჩატარდა, მესამე ადგილი აიღო ნინო ხუციბერიძემ. ლიზი კილაძე შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა. მან წელსაც ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. კაკო მოსულიშვილმა მოიგო საერთაშორისო შეჯიბრება. ერთი სიტყვით, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები გვყავს. იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, გმირობის ტოლფასს აკეთებენ ეს ბავშვები.

რუსკა კილასონია, სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 3 /
საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი. წარმატებები ჩვენს სახელოვან თანამემამულეს!
იზა
15:09 07-05-2019
0
88-შიც მიყვარდა და ახლაც მიყვარს.როგორ შეიძლება ასეთი სპორტსმენი და ადამიანი არ გიყვარდეს
სოსო
11:47 07-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული