სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჩეხმა ჰოლანდიელები ჩააჩოჩა

AutoSharing Option
ქალებს შორის კლასიკური დისტანცია, ერთი მხრივ, მოულოდნელი შედეგით დასრულდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კანონზომიერება იყო. სოჭის ოლიმპიადაზე ჰოლანდიის ნაკრებმა შეგვაჩვია იმას, რომ ციგურებით სირბილში, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ისინი იმარჯვებენ.

მაგრამ არც ის უნდა დაგვევიწყებინა, რომ ჩეხი მარტინა საბლიკოვა 5000 მეტრზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და თან რევანში მართებდა 3000 მეტრზე ჰოლანდიელ ირენ ვიუსტთან წაგების გამო. სხვათა შორის, საბლიკოვამ ვანკუვერში 3 კილომეტრზეც ოქროს მედალი მიიღო.

ბოლოსწინა წყვილში სწორედ ვიუსტი და საბლიკოვა მირბოდნენ ერთად და მათ უშუალო დუელში უნდა გარკვეულიყო ოქროს
ბედი. დისტანციის პირველი ნაწილი - რვა წრე უკეთ ჰოლანდიელმა გაიარა, მაგრამ ამის შემდეგ თანდათან უკლო ტემპს, საბლიკოვამ კი შესანიშნავად გადაანაწილა ძალები, ბოლოსკენ აჩქარდა და თითქმის სამი წამი მოუგო მთავარ კონკურენტს. ვიუსტმა სვენ კრამერის ბედი გაიზიარა, რომელიც წინა დღეს 10 ათას მეტრზე ფავორიტის სტატუსით იყო, მაგრამ მეორე ადგილს დასჯერდა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კარიენ კლეიბოკერმა სულ რაღაც 11 მეასედი წამი მოუგო რუს ოლგა გრაფს, რომელსაც უკვე ჰქონდა მესამე ადგილი 5000 მეტრზე. ბოლო მომენტამდე კლეიბოკერი დარწმუნებული ვერ იქნებოდა პოდიუმზე ასვლაში, რადგან ბოლო წყვილში ლეგენდარული გერმანელი კლაუდია პეხშტაინი და კიდევ ერთი ჰოლანდიელი ივონ ნაუტა გარბოდნენ, მაგრამ მათ არათუ კლეიბოკერის, გრაფის დროის გაუმჯობესებაც ვერ შეძლეს.

მარტინა საბლიკოვა
დაიბადა: 27 მაისი, 1987
სიმაღლე: 1.71 მ
წონა: 53 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010, 3000 მ
ოქრო - ვანკუვერი 2010, 5000 მ
ოქრო - სოჭი 2014, 5000 მ
ვერცხლი - სოჭი 2014, 3000 მ
ბრინჯაო - ვანკუვერი 2010, 1500 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 2-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2009, 2010), ერთგზის ვერცხლის პრიზიორი, ერთგზის ბრინჯაოს პრიზიორი; მსოფლიოს 8-გზის ჩემპიონი ცალკეულ დისციპლინებში, 3-გზის ვერცხლის პრიზიორი; ევროპის 4-გზის აბსოლუტური ჩემპიონი (2007, 2010, 2011, 2012).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული