სოჭი 2014: სათხილამურო ორჭიდი - მეათე ოქრო ნორვეგიას

AutoSharing Option
სათხილამურო ორჭიდში ესტაფეტას განსაკუთრებული ინტრიგა ახლდა თან. საქმე ისაა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მედლების საერთო ჩათვლაში ორი ლიდერი გამოიკვეთა - გერმანია და ნორვეგია. ამ ქვეყნების სპორტსმენები სოჭში სხვებზე უკეთ გამოიყურებიან და ბევრს მიაჩნია, რომ მედლების ცხრილში სწორედ მათ შორის უნდა გაირკვეს გამარჯვებული.

სათხილამურო ორჭიდში კი სწორედ ამ ქვეყნის ნაკრებები მიიჩნეოდნენ ფავორიტად. ერთადერთი გუნდი, რომელიც შეიძლება გერმანიისა და ნორვეგიის ბრძოლაში ჩარეულიყო, ავსტრიის ნაკრები გახლდათ.

გუნდური პირველობის პირველი ნაწილი - ტრამპლინიდან ხტომა გერმანიის ნაკრებმა მოიგო. შესაბამისად, ეს გუნდი ესტაფეტის (4x5 კილომეტრი) სტარტზე პირველი
გავიდა. შვიდწამიანი ჩამორჩენა ჰქონდა ლიდერთან ავსტრიას, ნორვეგია კი დისტანციას 25-წამიანი დაგვიანებით იწყებდა.

შესაძლოა, გერმანიას მოეგო ეს ესტაფეტა, თავისი ვარსკვლავი ერიკ ფრენცელი ჯანმრთელი რომ ჰყოლოდა. მსოფლიოს თასის ლიდერი მაინც გავიდა ტრასაზე, მაგრამ მას მალე ამოუდგნენ მხარში ავსტრიელი და ნორვეგიელი კონკურენტები. ესტაფეტის პირველი სამი ეტაპი ამ სამმა ქვეყანამ ერთად იარა.

ბოლო ეტაპზე ესტაფეტა ნორვეგიელმა იორგენ გრობაკმა, გერმანელმა ფაბიან რისლემ და ავსტრიელმა მარიო შტეხერმა გადაიბარეს. ამ ტრიოში უპირატესობა გრობაკს ენიჭებოდა, რომელსაც სოჭში უკვე მოგებული ჰქონდა ერთი ინდივიდუალური სტარტი. საბოლოოდ, მან სამი მეათედი წამით აჯობა რისლეს, ავსტრია კი სამწამიანი ჩამორჩენით მესამე მივიდა ფინიშთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული