ფორმულა 1: "დიდ ცირკს" სიახლე სჭირდება

AutoSharing Option
ბერნი ექლსტოუნის განთავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ, ფორმულა 1-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჩეიზ კერიმ დაასახელა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები, რადგან ჯერ ისევ ზაფხულში ვარაუდობდნენ, რომ უახლოესი სამი წელი ბერნი უნდა დარჩენილიყო თანამდებობაზე...

"დიდი პატივისცემა მაქვს ექლსტოუნის მიმართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლო ოთხი-ხუთი წელი ფორმულა 1-ს სხვანაირი ხელმძღვანელობა სჭირდებოდა. ბერნი - ინდივიდუალისტია, თანამედროვე სამყაროში კი ასეთი მიდგომა არ მუშაობს. გადაწყვეტილება არც ისე ეფექტურად მიიღებოდა. ცხადია, რომ ამ მხრივ, უნდა მოვუმატოთ.

გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ ამ სპორტში შევინარჩუნოთ ყველაფერი საუკეთესო, ამასთან შემოვიტანოთ ენერგია და
მონდომება. სხვანაირად რომ ვთქვათ, აქ ძალიან ხშირად ისმოდა "არა", ჩვენ კი უნდა ვიძახოთ - "კი". უნდა ვიპოვნოთ ახალი მიმზიდველი მომენტები, რათა ფორმულა 1 ისევ აღელვებდეს ადამიანებს.

მესმოდა, რომ ბერნისთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება, რადგან ის ამ სპორტს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ხელმძღვანელობდა. ჩვენ მის მიმართ მაქსიმალური პატივისცემა გამოვიჩინეთ და საპატიო პრეზიდენტის პოსტი შევთავაზეთ. გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან ვაფასებ მის რჩევებსა და კონსულტაციებს და ეს შეიძლება მომავალში გამოგვადგეს. ის ყოველთვის დარჩება ფორმულა 1-ის ოჯახის ნაწილად.

ფორმულა 1-ს ახალი სტარტი სჭირდება. ამ სიტუაციაში ერთ-ერთი უპირატესობაა - ყველაფრის ნულიდან დაწყების შესაძლებლობა. ჩვენ არ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, გარდა იმისა, რომ ეს სპორტი უფრო საინტერესო და პოპულარული გავხადოთ. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა აზრი აქვს იმის შესახებ, როგორ მივაღწიოთ ამას, ამიტომაც, უნდა ჩამოვყალიბდეთ და შემდეგ გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ ერთი მიმართულებით ვიაროთ.

ბერნი იმსახურებს უდიდეს პატივისცემას იმ სპორტისთვის, რომელიც მან შექმნა. სულ ცოტა ხნის წინ, ის 8 მილიარდ დოლარად გაიყიდა - ეს რიცხვი თავად მეტყველებს ყველაფერზე. მაგრამ, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ თანამედროვე სამყაროში, უნდა ვეძებოთ გულშემატკივრებთან ურთიერთობის ახალი ხერხები.

უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი ციფრული პლატფორმა, მოვუყვეთ პუბლიკას საუკეთესო მრბოლელთა ბრძოლაზე. საჭიროა, რომ გულშემატკივრები პილოტებს აღიქვამდნენ, როგორც ნამდვილ გმირებს, რადგან ეს ხომ მართლაც ასეა. ნებისმიერი, ვინც იტყვის, რომ პილოტები საკუთარ სიცოცხლეს არ რისკავენ, ის არასოდეს არ არის ნამყოფი არც ერთ რბოლაზე. და ჩვენ უნდა მოვუყვეთ ადამიანებს ამის შესახებ.

უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გრანპრი კიდევ უფრო დიდი მასშტაბის მოვლენად იქცეს, რომელიც თავის თავში გააერთიანებს მუსიკას, სპორტსა და გართობას. მე ვამბობდი, რომ სეზონის განმავლობაში 21 სუპერბოული უნდა ჩავატაროთ. სწორედ ასე უნდა იყოს.

აგრეთვე, ჩვენი მიზანია ის, რომ ფორმულა 1-ში გამოსვლა მომგებიანი ბიზნესი იყოს გუნდებისთვის, გვინდა ვიპოვნოთ ხერხი იმისთვის, თუ როგორ გავანაწილოთ მოგება, რომ სპორტი მთლიანობაში ძლიერი დარჩეს, რბოლები კი უფრო საინტერესო გახდეს მძაფრი კონკურენციის წყალობით.

იგივე შეეხება ტრასებს. არ მგონია, შევამციროთ მონაწილეობისთვის საჭირო თანხა, მაგრამ გვინდა გრანპრი უფრო წარმატებული გავხადოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ერთგული პარტნიორების მოზიდვა. არ ვაპირებთ საკუთარი ტრასების აშენებას, რათა გავზარდოთ რბოლების რაოდენობა აშშ-ში. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან. და, რაც უფრო მომგებიანი იქნება მათთვის გრანპრის ჩატარება, მით უფრო წარმატებული იქნება ჩვენი სპორტი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული