ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს რობერტ კუბიცას ისევ სურს საკუთარი თავი გამოსცადოს "სამეფო რბოლების" ბოლიდის საჭესთან. როგორც იცით, პოლონელმა ფორმულა 1-ის ჩემპიონატი 2011 წელს დატოვა, როცა რალის მანქანით გამოვლისას, ხელის მძიმე ტრავმა მიიღო. სამი წლის წინ, მან უარი თქვა ფორმულა 1-ის ტესტებზე, მაგრამ, ახლა, მისი ფიზიკური მდგომარეობა და პოზიცია შეიცვალა.
"იმ დროს, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ კარგად გამოვიდოდი. ვიცი, რომ ზოგიერთი შანსი, ხშირად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი ჩემს ძალებში.
დღეს მე სხვანაირ პასუხს გავცემდი - მინდა ჩავატარო
ტესტები ფორმულა 1-ში. დიდი ხანია არ ვმჯდარვარ ფორმულას ბოლიდის საჭესთან. ვფიქრობ, შევძლებ გამკლავებას და ყველასთვის ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას. ისევ მინდა განვიცადო ეს ფანტასტიკური შეგრძნებები.
ბევრს ვმუშაობდი სიმულატორებზე და დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია გავუმკლავდე ფორმულა 1-ის ტრასების 80 პროცენტს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ტესტები - ერთია და სარბოლო უქმეები - მეორე", - ამბობს კუბიცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"